Accessibility links

site logo site logo

პარტიის „საქართველოსთვის“ განცხადებით, მის მხარდამჭერ აკაკი ბართაიას „იარაღი ჩაუდეს“ 


აკაკი ბართაია, გიორგი გახარია.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერის აკაკი ბართაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

პარტიის „საქართველოსთვის" მხარდამჭერის აკაკი ბართაიას დაკავებას გიორგი გახარიას გუნდი პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს. „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლი აკაკი ბართაია, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი დაზარალებულია, ამჯერად ქართული ოცნების მსხვერპლი გახდა, მას იარაღი ჩაუდეს", - ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში.

როგორც გიორგი გახარიას პარტია აცხადებს, აკაკი ბართაიას ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაჭერით, რამდენიმე დღეში კი მას იარაღი ჩაუდეს ავტომანქანის საბარგულში.

პარტია აღნიშნავს, რომ ფაქტი მოხდა 16 აგვისტოს: „პარტიული საქმიანობის განხორციელების მიზნით, აკაკი ბართაია მიემგზავრებოდა სურამში, რა დროსაც მცხეთაში გააჩერა პოლიციამ და გადაიყვანა მანქანიდან. მისი მონაწილეობით ავტომობილის ჩხრეკის ჩატარებამდე, ის ჩასვეს ე.წ. „ტაქსიში“ (პოლიციის შენიღბულ მანქანაში), სადაც გაჩერების მიზეზად ისევ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა დაუსახელეს. ამ პერიოდში მეორე მანქანა ჩადგა ამ ტაქსსა და აკაკის მანქანას შორის ისე, რომ მთლიანად დაფარა მისი მანქანის ხილვადობა. შემდეგ კი, ის გადმოიყვანეს ტაქსიდან, მიიყვანეს მის კუთვნილ ავტომობილთან და მოსთხოვეს საბარგულის გახსნა, სადაც მას ედო სამგზავრო ჩემოდანი, რომელიც მეუღლემ ჩაულაგა გამგზავრებამდე. პოლიციელებმა გახსნეს ჩემოდანი და ამოიღეს იარაღი. ამ საფუძვლით მოხდა მისი დაკავება და შემდგომში ფიზიკური ძალის გამოყენებით ბიოლოგიური მისი მასალის (ნერწყვის) აღება, რა დროსაც მან მიიღო დაზიანება, რაც გვაძლევს მყარ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს ბიოლოგიური მასალა სჭირდებოდათ შემდგომ ე.წ. ნივთმტკიცებაზე დეენემის კვალის დასატანად".

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს პროკურატურას და მის პოზიციას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

გახარიას პარტიის განცხადებას გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. „უფუნქციოდ დარჩენილი პარტიის დევნა მართლაც ვინმეს რომ უნდოდეს და კადრულობდეს, მაინც არარელევანტურია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ ქვეყანაში ამას არავინ არ კადრულობს", - აღნიშნა დეპუტატმა და დაამატა, რომ ასეთი განცხადების მიზანი სიტუაციით სარგებლობა და აქტუალობის შენარჩუნებაა.

რამდენიმე წლის წინ აკაკი ბართაია მედიის ყურადღების ცენტრში ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მოხვდა. ის ბუტა რობაქიძის მკვლელობის ღამის დეტალებს უყვებოდა ჟურნალისტებს. ბართაია ბუტა რობაქიძესთან ერთად იმყოფებოდა მანქანაში იმ ღამეს, როცა პატრულის თანამშრომელმა რობაქიძე მოკლა.

2020 წლის ივნისში აკაკი ბართაია 7 სხვა პირთან ერთად პოლიციამ ბათუმში დააკავა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის, მხარდამჭერთა აქციაზე. ის სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლეს.

აკაკი ბართაია ასევე ფიგურირებდა ე.წ. საკოლმეურნეო ბაზრის საქმეში. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით (126; 151; 187;) წარუდგინეს, ეს არის ძალადობა, მუქარა და ნივთის დაზიანება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 15 000 ლარი შეუფარდეს.

2020 წელს ადვოკატმა რადიო თავისუფლება დააკავშირა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ აკაკი ბართაიასთან. მან უარყო ბაზარში ყოფნა და ინციდენტებში მონაწილეობა. „მე არ ვყოფილვარ მოვაჭრეებთან საუბარში, არ ვადასტურებ. მამუკა შევარდნაძეს მე არ ვიცნობ”, - გვითხრა ბართაიამ.

რადიო თავისუფლების ხელთ არსებულ უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ აკაკი ბართაია მამუკა შევარდნაძესთან ერთად იყო „იბერიის“ კუთვნილ ბაზარში, როცა მოვაჭრეებთან ჯგუფურ შეხვედრებს აწარმოებდნენ.

გაეცანით რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელშიც ფიგურირებს აკაკი ბართაია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG