Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: არ არსებობდა ავღანეთიდან გამოსვლის ისეთი გზა, რომელსაც ქაოსი არ მოჰყვებოდა


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, თავის პირველ ინტერვიუში მას შემდეგ, რაც თალიბანი დაეპატრონა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულს განაცხადა, რომ "ქაოსი" გარდაუვალი იყო, როცა კი აშშ გადაწყვეტდა ავღანეთიდან გამოსვლას, ორი ათწლეულის განმავლობაში გაგრძელებული ომის შემდეგ.

ბაიდენმა 18 აგვისტოს ტელეკომპანია ABC News-ს უთხრა, რომ არ იცოდა ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების გამოსვლის ისეთი გზა, რომელსაც "ქაოსი არ მოჰყვებოდა" - რაც ბოლო დღეებში ქაბულის აეროპორტში განვითარდა. დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ ათასობით დიპლომატის, სამოქალაქო პირის და შესაბამისი სტატუსის მქონე ავღანელების ქვეყნიდან გამოყვანას მას შემდეგ, რაც თალიბანმა სწრაფი შეტევით დაიპყრო ქვეყნის ბევრი ქალაქი და ბოლოს დედაქალაქიც.

ბაიდენის თქმით, თალიბანი თანამშრომლობს ამერიკელების და მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანის პროცესში, თუმცა "უფრო მეტი სირთულეა" ავღანეთის იმ მოქალაქეების ევაკუაციის საქმეში, რომლებიც საერთაშორისო მისიას ეხმარებოდნენ და რომლებსაც თალიბანის მხრიდან სამიზნედ მიიჩნევენ.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ქაბულის აეროპორტში აშშ-ის 4500-მდე სამხედრო იმყოფება, "თალიბანთან არ ყოფილა მტრული ინტერაქცია და თალიბანის მეთაურებთან საკომუნიკაციო არხები ღია რჩება". პენტაგონის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ აშშ-ის სამხედროებს არ აქვთ შესაძლებლობა ხალხს ქაბულის აეროპორტში მისვლაში დაეხმარონ ევაკუაციის მიზნით, რადგან ისინი აეროპორტის დაცვაზე არიან კონცენტრირებულნი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვენდი შერმანის თქმით, აშშ მოელის, რომ თალიბანი ქვეყნის დატოვების მოსურნე ავღანელებს ამის საშუალებას მისცემს - იმ ცნობების ფონზე, რომ ჯგუფი ბლოკავს აეროპორტამდე მისასვლელ გზებს. "არის ცნობები რომ თალიბანი, მათი საჯარო განცხადებების და ჩვენს მთავრობასთან ნაკისრი პასუხისმგებლობების მიუხედავად, აეროპორტში მისვლის გზაზე ბლოკავს იმ ავღანელებს, რომლებსაც ქვეყნის დატოვება უნდათ" - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG