Accessibility links

site logo site logo

სოხუმში რუსული სამხედრო ჰოსპიტალი დააბრუნეს


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მობილური ჰოსპიტალი ოკუპირებულ აფხაზეთში მუშაობდა 2020 წლის აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლითაც

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში მეორედ გახსნა მობილური ჰოსპიტალი კოვიდ-ინფექციით დაავადებული პაციენტებისთვის. 100 საწოლიანი რუსული ჰოსპიტალი სოხუმის პანსიონატ „აიტარ"-ის ტერიტორიაზე განათავსეს. ამ პანსიონატში დამსვენებლებიც იმყოფებიან, თუმცა, როგორც აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, ჰოსპიტალი კორპუსებისგან და შესაბამისად, დამსვენებლებისა და პანსიონატის თანამშრომლებისგან მთლიანად იზოლირებულია.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთისგან ჰოსპიტლით დახმარება ეპიდსიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო ითხოვა. რუსული მობილური ჰოსპიტალი ოკუპირებულ აფხაზეთში მუშაობდა 2020 წლის აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლითაც.

დე ფაქტო მთავრობის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში კორონავირუსი დაუდასტურდა 135 პირს. გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული კიდევ 4 პაციენტი.

2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 23 948 შემთხვევა, მათგან 19 408 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 354. საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში, დაუზუსტებელი მონაცემებით, დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG