Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ანტივაქსერულ განწყობებში პატრიარქის პასუხისმგებლობას ხედავს


დეკანოზი ილია ჭიღლაძე კორონავირუსით საქართველოში გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს სოციალური ქსელით ეხმაურება და ანტივაქსერულ განწყობებზე პასუხისმგებლობას საქართველოს პატრიარქს ილია მეორესაც აკისრებს.

„დღეს, იმის მაგივრად რომ ხალხისთვის ეთქვა წადით და აიცერითო, პარაკლისები გადაიხადეთო, დაავალა ბიჭებს“, - წერს ის და ამბობს, რომ ექიმებისადმი მადლიერება პატრიარქისგან არ სმენია.

„არანაირი მადლიერება საბჭოთა პატრიარქისაგან ექიმებისადმი არ ისმის, არადა, ის რომ დღეს ცოცხალია მხოლოდ ექიმების და მედიცინის დამსახურებაა, თანაც ევროპული მედიცინის, გერმანიაში რამდენჯერმე იყო, ჩეხეთშიც ასევე წინა წლებში. ღმერთის იმედად თუ იყო, მაშ ნუ მიმართავდა ძვირად ღირებულ სამედიცინო მკურნალობებს და ევროპაში ნუ ივლიდა ამისთვის. დღევანდელი სიკვდილიანობა და ანტივაქსერული განწყობების მაღალი დონე საქართველოში მთლიანად ილია მეორის კისერზეა მორალურად, ისაა ის კერპი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 88 პროცენტი ემონება", - წერს ილია ჭიღლაძე ფეისბუკის გვერდზე.

ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორე, მიმართვა გაავრცელა. მან დღესასწაული განსაკუთრებით მიულოცა COVID-19-ით ინფიცირებულებს და სასულიერო პირებს კურთხევაა მისცა საჯანმრთელო პარაკლისი გადაიხადონ.

10 აგვისტოს საპატრიარქომ უარყო ილია მეორის აცრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 58 პაციენტი, რაც თითქმის ორწლიანი ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. მხოლოდ აგვისტოს დასაწყისიდან კოვიდ-ინფექციამ უკვე 770 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 468 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4921 შემთხვევა. ეპიდემიის განმავლობაში საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

ბოლო დღე-ღამეში 4471-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

19 აგვისტოს დილის ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში კორონავირუსის 57 704 აქტიური შემთხვევაა. მათ შორის:

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 7133;
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3555.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 19 აგვისტოსთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 9.95%;
  • ბოლო 7 დღის - 11.01%;
  • ბოლო 14 დღის - 10.78%.

გასული დღის განმავლობაში, 18 აგვისტოს აიცრა 26 363 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 883 570 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 258 303.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 501 297 შემთხვევა. მათგან 436 977 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6590 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG