Accessibility links

site logo site logo

საქართველოში სკოლის პერსონალის აცრის მაჩვენებელი 40%-მდეა


ვაქცინაციის პროცესში სკოლების პედაგოგების და სხვა თანამშრომლების აქტივობა ბოლო ხანს საკმაოდ გაიზარდა, თუმცა, სასურველ მაჩვენებელს ჯერ ვერ აღწევს. ამის შესახებ დღეს მედიას უთხრა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისი ინფორმაციით, ამ სამიზნე ჯგუფში აცრილია დაახლოებით 30-დან 40%-მდე.

რაც შეეხება სკოლებში სწავლის განახლების შესაძლო კავშირს პერსონალის აცრის მაჩვენებელთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მხოლოდ ვაქცინირებულის სტატუსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვისაუბროთ სასწავლო პროცესის განახლების ეტაპებზე, მაგრამ აცრა ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით აცრილია მასწავლებლების დაახლოებით 40%.

საქართველოში ივლისიდან მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ. ეპიდემიის მეოთხე და ჯერჯერობით ყველაზე მძიმე ტალღის პერიოდში დაავადებულთა სულ მცირე 90%-ს კორონავირუსის უფრო გადამდები და რთული დელტა შტამი აქვს.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 59 პაციენტი. ეს ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. 24 საათში ჩატარებული 46 389 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4743 შემთხვევა.

20 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ გაკეთებულია 907 665 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 266 962. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს, შედარებით მოიმატა აცრის მსურველთა რაოდენობამ, ვაქცინაციის მაჩვენებელი ისევ საკმაოდ დაბალია, საუკეთესო შემთხვევაში, დღეში კეთდება 25 000-ზე მეტი აცრა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კრიზისის დაძლევის დასაწყებად საჭიროა ყოველდღიურად სულ მცირე, 35 000-40 000 ადამიანის ვაქცინაცია.

საქართველოში აცრა შესაძლებელია "ფაიზერის", "ასტრაზენეკას", "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG