Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა ნავალნის საქმესთან დაკავშირებით სანქციები დაუწესა ფსბ-ს შვიდ თანამშრომელს


ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ფსბ-ს 7 თანამშრომელს, რომლებიც, როგორც ამტკიცებენ, რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან არიან დაკავშირებული. ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს.

როგორც Reuters-ი იუწყება, სანქციები შეეხო ალექსეი ალექსანდროვს, ვლადიმირ პანიაევს, ივან ოსიპოვს, ვლადიმირ ბოგდანოვს, კირილ ვასილიევს, სტანისლავ მაკშაკოვსა და ალექსეი სედოვს. გენერალი კირილ ვასილიევი ხელმძღვანელობს ფსბ-ს კრიმინალისტიკის ინსტიტუტს, გენერალ-პოლკოვნიკი სედოვი კონსტიტუციური წყობის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსის მოადგილეა, ვლადიმირ ბოგდანოვი სპეციალური ტექნიკის ცენტრს ხელმძღვანელობს. შვიდივეს გაუყინავენ ბრიტანულ აქტივებს.

ეს პირები ნახსენები არიან ნავალნის მოწამვლის თაობაზე საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის მიერ შარშან დეკემბერში ჩატარებულ გამოძიებაში. მათგან რამდენიმე ტომსკში იმყოფებოდა, როცა სავარაუდოდ მოწამლეს ნავალნი.

Reuters-ის თანახმად, ჯერჯერობით სანქციების სიაში მოხვედრილთაგან არცერთს არ გაუკეთებია კომენტარი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე.

ადრე ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და აშშ-მა ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით სანქციები დაუწესეს რუსეთის მოხელეებსა და გენერლებს.

2020 წლის 20 აგვისტოს, ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გონება დაკარგა. თვითმფრინავი ომსკის აეროპორტში დაეშვა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გადაიყვანეს ქალაქის პირველ საავადმყოფოში. რუსი ექიმები უარყოფდნენ ალექსეი ნავალნის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერების არსებობას.

ოპოზიციონერი ლიდერის ოჯახს ორი დღის შემდეგ მისცეს პაციენტის გერმანიაში გადაყვანის უფლება. ბერლინის კლინიკაში ალექსეი ნავალნი კომიდან გამოიყვანეს 7 სექტემბერს.

ევროპის რამდენიმე დამოუკიდებელი ლაბორატორიის და ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო ქიმიური ნივთიერებით „ნოვიჩოკის“ ჯგუფიდან. 2018 წელს, დიდ ბრიტანეთში „ნოვიჩოკით“ მოწამლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. გაერთიანებულმა სამეფომ სკრიპალებზე თავდასხმის გამო პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG