Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში ქალს „ფაიზერის“ ნაცვლად მეორე დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა გაუკეთეს


ქუთაისელი მარი ჭეიშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერს, რომ „ფაიზერის" მეორე დოზაზე მისულს, „სინოფარმის" ვაქცინა გაუკეთეს. ის დეტალურად აღწერს, თუ როგორ აღმოაჩინა სხვა ვაქცინა მისი კუთვნილი „ფაიზერის“ მეორე დოზის ნაცვლად, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკვე აცრეს ქუთაისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრში.

როგორც მარი ჭეიშვილი იხსენებს, ექთანს თავად ჰკითხა ვაქცინის სახელწოდება და მან თავად უჩვენა ფლაკონი, რომელზეც წარწერები ჩინურ ენაზე იყო დატანილი.

ჭეიშვილმა მხოლოდ მოსაცდელში აღმოაჩინა, რომ ვაქცინა „სინოფარმი" იყო: „გამოვედი მოსაცდელში და ამასობაში ვკითხულობ, აწერია Beijing Institute of Biological Products. „დავგუგლე" და The Sinopharm vaccine is produced by Beijing Bio-Institute of Biological Products Co Ltd, subsidiary of China National Biotec Group (CNBG). პეკინი ინსტიტუტი აწარმოებს „სინოფარმსო". შევუვარდი იმ ქალს, ავტეხე ერთი ამბავი. მე და ეს კაცი ვიყავით მხოლოდ მეორე დოზაზე, დანარჩენები პირველ დოზაზე იყვნენ.

მაცივრიდან გამოღებულ შეკვრას აკლდა 1 შეკვრა (სავარაუდოდ ეგ იყო ამოღებული, არ ვიცი შეკვრაში რამდენი ფლაკონია, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს ჩემამდეც ყველას სინოფარმით ცრიდნენ და ფაიზერს უწერდნენ).

ფაიზერის დოზა არის 0,3 ერთ აცრაზე ერთ ადამიანზე, სინოფარმის დოზა არის 0,5 ერთ აცრაზე ერთ ადამიანზე. მე ამიცრეს 0,3 სინოფარმი. ანუ არევაც რომ იყოს შესაძლებელი მეორე აცრა სრულად არ ითვლება“.

როგორც მარი ჭეიშვილი წერს, კლინიკაში პაციენტი დაამშვიდეს, რომ საფრთხე არ ემუქრება და ორი კვირის შემდეგ დაიბარეს, ანტისხეულებზე ტესტის გასაკეთებლად და იმის გასარკვევად, ითვლება თუ არა სრულად ვაქცინირებულად.

მარი ჭეიშვილის თანახმად, მას პირადად კლინიკის დირექტორი მამუკა იოსელიანი დაჰპირდა საქმეში გარკვევას: „დირექტორმა, მამუკა იოსელიანმა პირველ ადგილზე დავაყენებ ამ საქმეს და თითქოს ჩემი პირადი იყოს ისე მივხედავო, იმნაძესაც დავურეკავო, ავაწრიალე ყველაო“.

წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა და კლინიკური გუნდი შეისწავლის შემთხვევას. ვაქცინაციის პროცესში მონაწილე მედდას უფლებამოსილება შეუჩერდა და ვაქცინირებულ ორ პირს საჭიროების შემთხვევაში გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

სამედიცინო ცენტრის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად კონტროლდება და დაცულია ყველა შესაბამისი რეკომენდაცია.

„სამწუხაროდ, მოხდა ვაქცინის არევის ფაქტი. გვინდა აღვნიშნოთ, რომ კლინიკურად ასეთი შემთხვევები შესწავლილია და, საბედნიეროდ, სიცოცხლისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ამის მიუხედავად, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, მედდას უკვე შეუჩერდა უფლებამოსილება და გრძელდება ამ ფაქტის შესწავლა შემდგომი რეაგირებისათვის. საბედნიეროდ, ვაქცინირებული 2 პირი თავს კარგად გრძნობს. მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს კომპანია. ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ კლინიკური გუნდის ჩართულობით ჩავუტაროთ მათ ყველა შესაბამისი გამოკვლევა და ჯანმრთელობის მონიტორინგი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG