Accessibility links

site logo site logo

და კამალამ რაო?


ავტორი: ნანა აკობიძე

„ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტს უთქვამს რამდენიმე წლის წინ, ჩემმა ბიჭმა რატომ უნდა იბრძოლოს ავღანელი ქალების უფლებებისთვისო“ - დაწერა ლაშა ბუღაძემ თავის ბლოგში და ბაიდენს, „მაინც ძველი ყაიდის კაცს,“ „შეახსენა“:

„რომელ პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ, ტაქტიკურ ან სტრატეგიულ გამოსავალზე შეიძლება დღეს ილაპარაკო, თუკი ამ ბრძოლაში წააგებ?

თუკი მოძალადეს "ცხრა მთას იქით" შეატოვებ ჩაგრულს, სადღაც იქ კი არ იწვნევ მარცხს, არამედ სახლში და საკუთარ ქვეყანაშიც წააგებ.

ეს მარცხი არ დარჩება "სადღაც სხვაგან", რადგან დღევანდელ მსოფლიოში - მით უმეტეს, პოლიტიკაში - უკვე აღარც არსებობს ცნება სხვაგან.“

ამ ბლოგამდე, რამდენიმე დღით ადრე, ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძეს ველაპარაკებოდი: „ამდენხანს ადამიანებს, „აქ“ რაც არ მოგვწონდა და გვთრგუნავდა, იმის იმედი მაინც გვქონდა, რომ არსებობს „იქ“, „სხვაგან“ და ამ „სხვაგან“-ის იმედი გვაცოცხლებდა, ეს რა რეალობაში აღმოვჩნდით, რომ ის „სხვაგან“ უკვე აღარ არსებობს“-მეთქი.

უკუღმაა ეს - ლაშასეული „სხვაგან“-ისგან განსხვავებით, მაგრამ მაინც ორივე ერთი და იგივეა. ისე მოეწყო მსოფლიო დღის წესრიგი, რომ საჭირო დროს ორივე ეს „სხვაგან“ - დიდიც და პატარაც - სხვაგან აღმოჩნდებიან ხოლმე.

როგორც, მაგალითად, ამერიკა დღეს, თავისი „ამერიკამ ყველაზე ხანგრძლივი ომი დაასრულა“-თი და ავღანეთი, რომელიც დაბრუნდა 20 წლის უკანდელ ტერიტორიაზე. ან შეიძლება, სხვა ტერიტორიისკენ მიიწია - მაგალითად, პაკისტანისკენ.

მთელ ამ პოლიტიკურ რებუსებში ჩვენ, დანარჩენები, საჭადრაკო დაფაზე მხოლოდ პირველ სვლას ვხედავთ.

მე განსაკუთრებით მომწონს, ასეთ დროს პირველი პირები რომ ცოტა თავს დაიბნევენ, „ვითომ-ვითომ“, ბაიდენივით, „ავღანეთში მოვლენები იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე ველოდებოდითო,“- რომ თქვა. „აი, ბაიდენსაც არ ეგონაო“ - მერე ჩვენ ვამბობთ, - „წარმოგიდგენიაო“?

„აბა, რა ეგონა რეიგანს!“ – საბჭოთა საერთაშორისო მიმომხილველის აბონ ციციაშვილის ცნობილი ფრაზა გამახსენდა, ქართული ანდაზა რომ შეახსენა ამერიკის მაშინდელ პრეზიდენტს.

სავარაუდოდ, რეიგანსაც ზუსტად ის ეგონა, რაც ბაიდენს: არაფერიც არ ეგონა. „ამერიკელი ჯარისკაცები არ უნდა იღუპებოდნენ ომში, სადაც ავღანელ სამხედროებს საკუთარი თავისთვის ბრძოლა არ სურთო,“ - ანუ ის ქართული ანდაზა „თქვა“, „რაც მოგივა დავითაო“ - აბონ ციციაშვილმა რომ წამოაძახა მაშინ რეიგანს.

კიდევ ერთი „ვითომ-ვითომ“ „არ მგონია“ თქვა ბაიდენმა: არ მგონია, რომ თალიბები ძალიან ცუდად მოიქცევიანო. ასე მე ვთარგმნე: მან კარგი ინგლისურით მოზრდილი ფრაზა თქვა, მაგრამ - იმავე შინაარსის.

მაგრამ მოდით, ცოტა ხნით შევეშვათ ბაიდენს (ისედაც 7 პროცენტით დაუვარდა რეიტინგი) და გადავიდეთ სხვა საკითხზე:

მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში ღელავენ ავღანეთში ამ ბოლო ოც წელიწადში გაჩენილ თაობაზე, გოგოებზე, ავღანელ ქალებზე, რომლებსაც ისევ გამოკრავენ ბურკებში და ხელის ან ფეხის თითებზე ლაქს თუ დაუნახავენ, თითის წვერს მოაჭრიან;

ქალებზე, რომლებსაც წაართმევენ განათლების უფლებას, დაუწვავენ წიგნებს და დიპლომებს, შერთავენ თალიბებს, თან ისე, რომ: „ ...საპატარძლოს გულგრილი გამომეტყველება უნდა ჰქონდეს, მდუმარედ უნდა იჯდეს და ერთ წერტილში იყურებოდეს... (ვციტირებ ოსნე საიეშტადის „ქაბულელი წიგნების მოვაჭრიდან“);

მაშინ, როცა ვრცელდება კადრები, „ეს მაინც გადაარჩინეთო“ - როგორ აწვდიან ამერიკელ სამხედროებს ჩვილს ავღანელი მშობლები;

ამ დროს, ამ ფონზე მაინტერესებს, კამალამ რა თქვა?

კამალა ჰარისმა - ამერიკის ისტორიაში პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ქალმა.

„ჩვენ, ხალხს გვაქვს ძალა, რომ ავაშენოთ უკეთესი მომავალიო“ - ეს ერთი წლის წინ თქვა, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. ცოტა ადრე კი, თეთრებში გამოწყობილმა ( სუფრაჟისტების მოძრაობის პატივსაცემად, რომლებმაც 101 წლის წინ მოიპოვეს ამერიკაში ქალებისთვის ხმის მიცემის უფლება, თეთრი მათი სიმბოლოა) თავის სიტყვაში ძირითადად ქალებზე და მათ უფლებებზე ისაუბრა, მათ შორის თავის ინდოელ დედაზე და მადლობა გადაუხადა მას: „...[მადლობელი ვარ] დედაჩემის, შამალა გაპალან ჰარისის, ქალის, რომელიც ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი ჩემს აქ ყოფნაზე... როდესაც ის ინდოეთიდან, 19 წლის ასაკში [ამერიკაში] ჩამოვიდა, ამ მომენტს ვერ წარმოიდგენდა, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ასე, რომ დღეს მე ვფიქრობ მასზე და ქალების თაობებზე, შავკანიან, აზიელ, თეთრკანიან, ლათინოს, მკვიდრ ამერიკელ ქალებზე, რომლებმაც ამ მომენტამდე მოგვიყვანეს. ქალებზე, რომლებმაც იბრძოლეს და დიდი მსხვერპლი გაიღეს ყველას თანასწორობისა და სამართლიანობისთვის“.

იმ დროს ჩვენი პრემიერი გახარია იყო და ისე გახარებია კამილას ამბავი, წერილი მიუწერია: „თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, დღეს ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე შეუძლია ნებისმიერი მიზნის მიღწევაო.“

ეს ციტატა განა ირონიზებულად მოვიყვანე მისი წერილიდან. არა, ესაა საილუსტრაციო წერილი, „სხვაგან“-იდან „სხვაგან“.

„მოუთმენლად ველოდები, როდის შევხვდებითო,“- ბოლოში ესეც მიუწერია. პრემიერობისას შეხვდა? მგონი, ვერა, მაგრამ არა უშავს, კიდევ აქვს შანსი (აქ უცებ მისი ის ფოტო გამახსენდა, სოცქსელში რომ გავრცელდა, ჭილის ქუდით. ერთმა გურულმა ქალმა დაუკომენტარა: „გიორგი, ჩემი ქუდი გაგყოლია და ხვალ მარშუტკას გამოატანეო“. რა იცი, იქნებ „მეორე“ ცხოვრებაში კი მოხვდეს თეთრ სახლში და იქედანაც გამოიყოლოს რამე ქუდი - აშკარად ქუდბედიანი კაცი ჩანს).

მოკლედ, რა თქვა კამალამ-მეთქი, იმას ვკითხულობდი, ხუთმა ავღანელმა ქალმა რომ საპროტესტო აქცია მოაწყო, მაშინ, ან ერთადერთი ავღანელი ქალი გუბერნატორი რომ იარაღით გადაუდგა თალიბებს - მაშინ.

კამალამ თქვა,უფრო სწორად, დატვიტა:

„ახლა ჩვენი მისიაა, დავაბრუნოთ ჩვენი ხალხი და დაუცველი ავღანელების უსაფრთხოება დავიცვათ ქვეყნის გარეთ.“

ქვეყნის გარეთო.

კამალამ თქვა, ავღანელები დავიცვათ ქვეყნის გარეთო.

ჯერჯერობით.

...შაბათს ჯომ კამალა აზიურ ტურნეში გაგზავნა. „ავღანეთში მიმდინარე მოვლენები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ტურნეს სამხრეთ აზიის ქვეყნებში, კიდევ უფრო აქტუალურს ხდის,“ - ასეთი რელიზი მიაყოლეს უკან.

ჰარისის აზიური ტურნე სინგაპურს და ვიეტნამს მოიცავს.

ორშაბათს სინგაპურის პრეზიდენტთან ისაუბრებს ტელეფონით და ორმხრივ შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრთან.

სამშაბათს ბიზნეს-ლიდერების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და რეგიონში აშშ-ის ჩართულობის შესახებ სიტყვით გამოვა.

შემდეგ ვიეტნამში ჩავა. ასეთია ოფიციალური პროტოკოლი.

ჩვენ გვეცოდინება საჭადრაკო დაფის მეორე, საგარეოდ საჩვენებელი სვლა.

კამალა როგორც იტყვის.

„ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი დავასრულეთო“, - ამბობს ბაიდენი, თუმცა ამერიკა კოვიდთან ომში აზიაში რჩება: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციას უკვე მოაწოდეს ამერიკიდან ვაქცინების 23 მილიონი დოზა. ასევე, ათობით მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა და სხვა რესურსები.

ეს, ლაშა ბუღაძისეული „სხვაგან“ რომ არ არსებობს, ის ტერიტორიაა.

ავღანეთის „სხვაგან“-ებს სიენენის უყოჩაღესი ჟურნალისტის, თავსაფრიანი კლარისას (Clarissa Ward) და ომის სხვა რეპორტიორების რეპორტაჟებში ისევ ვნახავთ - ჯერჯერობით.

ამერიკელებს არ უყვართ ფინალის გამხელა - ავღანელებისგან განსხვავებით (იხ. ხალიდ ხოსეინის „ფრანით მორბენალი.“), არ დაგვასპოილერებენ და სანამ შემდეგ საგარეო სვლას არ გამოგვიჩენენ, არავის გვეცოდინება, მართლა რჩება თუ არა მსოფლიო „გლობალური მსოფლიო პოლიციელის გარეშე“ (როგორც ფრანქფურტერ ალგემაინე წერს).

„შეეცადეთ, წარმოიდგინოთ მსოფლიო ამერიკის 300 სამხედრო გემის გარეშე, რომელსაც ეყრდნობა ნატო და წყნარ ოკეანეში მეშვიდე ფლოტის გარეშე.

როგორი იქნება მსოფლიო? მსოფლიო იქნება საშიში, ქაოტური, რადგან ამერიკელები სულ უფრო და უფრო ნაკლებ ძალაუფლებას გამოიყენებენ....“ - შვეიცარიულ გამოცემა NZZ-თან ინტერვიუში ამბობს ერთ-ერთ სამხედრო ექსპერტი.

„ჩვენ ყველაზე სტაბილური და მშვიდობიანი წლები მოვიტოვეთ უკან, რაც კი შეიძლებოდა, კაცობრიობას ჰქონოდა.... ...დემოკრატიულ სამყაროს ჰქონდა იმედი, რომ ბაიდენის მოსვლით მეორე მსოფლიო ომის წესრიგი, რომელიც შემდეგ მშვიდობაში, დემოკრატიულ ღორებულებებში და კეთილდღეობისკენ მისწრაფებებში გამყარდა და რომლის უკანაც ცალკე ღირებულებას ასხივებდა ამერიკელი ჯარისკაცი -American Boy, სულ ცოტა ხნით მაინც გახანგრძლივდებოდა, მაგრამ ამაშიც მოვტყუვდით...

Welcome მსოფლიოს ახალ წესრიგში, სადაც ამერიკას სურს, სულ უფრო და უფრო ნაკლები საგარეო როლი იტვირთოს. უკვე რამოდენიმე წელია, ასეა და ალბათ აწი უფრო მეტად, ამერიკა ჩვენ მხოლოდ ევროპასთან ტანდემში დაგველაპარაკება. ევროპელებისთვის კი სულ ახალი გამოწვევა დგას დღის წესრიგში, რომლის აქტუალურობას ვეღარ გაექცევიან, ბაიდენის პირობებშიც კი, და ესაა საკუთრივ ევროპის უსაფრთხოება...

ჰო, ქვეყნიერება ხდება საშიში,

რთული დროება გრძელდება საქართველოსთვისაც..“ - ეს ის სამხედრო ექსპერტი არაა, ჩემი მეგობარი, განათლებით ჟურნალისტი და მოწოდებით ყველაფეროლოგი მარი მეგრელია, რომელიც გერმანიიდან, უსაშველოდ ფართო ოპტიკური ლინზით აკვირდება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ხშირად დიდ ჭადრაკის დაფაზე რთულ სვლასაც ამოიცნობს ხოლმე (მაია ჩიბურდანიძეს აღმერთებს და ეს შველის ალბათ).

ჰო, და უნდა ვკითხო ერთი, არ დამავიწყდეს: თუ იცის, რომ მაია ჩიბურდანიძე რამდენი წელია უკვე, თავსაფრით დადის - ეკლესიურია. სიენენის თავსაფრიან კლარისაზე გამახსენდა და გთხოვთ, ცუდი არაფერი იფიქროთ ამ პარალელში: იხ. ჭადრაკი.

ლამაზი დასასრული ხომ ყველაფერს უხდება და ანჯელინა ჯოლი დარეგისტრირებულა ინსტაგრამზე დღეს ავღანელი ხალხის, ავღანელი ქალების და ბავშვების მხარდასაჭერად: „მოვედი, რომ მათი ისტორიები და ხმები გავუზიარო მთელ მსოფლიოში მათ, ვინც იბრძვის ადამიანის ძირითადი უფლებებისთვისო“. ფოტოდ ავღანელი ანონიმი გოგოს წერილი უდევს: „ჩვენ ისევ ციხეში ვართ“ - წერია ამ წერილში.

ძალიან ლამაზია ანჯელინა.

კამალაც ლამაზია.

სიენენის კლარისაც ლამაზია.

ავღანელი ქალები ძალიან, ძალიან ლამაზები არიან.

ქალები გადაარჩენენ სამყაროს (დაგასპოილერეთ).

ნახავთ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG