Accessibility links

site logo site logo

ამირან გამყრელიძე: „რაც მალე შევქმნით იმუნიტეტს, მით მეტად ვიქნებით დაცულები‘‘


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეებია, სტაბილიზაციის ძალიან პატარა ნიშნები შეიმჩნევა, მაგრამ ის, რომ დღეს კოვიდსტატისტიკის მაჩვენებელი 4000-ს ჩამოსცდა, ჯერ არაფერს ნიშნავს, რადგან რაოდენობა შაბათს და კვირას გარკვეულად იკლებს ხოლმე.

მისი შეფასებით, თუ მომდევნო ორ კვირაში სტაბილიზაცია ასე გაგრძელდა, მაშინ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ პიკს თანდათანობით გადის ქვეყანა.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს, ეს ამირან გამყრელიძის თქმით, პირველ რიგში, განპირობებულია შემთხვევათა რაოდენობით.

„რაც მეტია შემთხვევათა რაოდენობა, დაახლოებით 1-1.5% სიკვდილიანობაა. ამავე დროს, ეპიდვითარების დასტაბილიზირება იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ დავიცავთ უკლებლივ ყველა რეკომენდაციებს და რეგულაციებს უმკაცრესად. ეს ნიშნავს, რომ ვატარებთ პირბადეს შინ და გარეთ, ანუ დახურულ და ღია სივრცეებში. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ეს მაინც ირღვევა, გარე სივრცეებშიც არ ატარებენ პირბადეს. მას შემდეგ, რაც ყველა დავიცავთ დისტანციას და ორგანიზებას არ გავუწევთ დიდ წვეულებებს, შეხვედრებს, წავალთ და ყველა ავიცრებით. ყველა უნდა ვეცადოთ, ეს რეკომენდაციები დაცული იყოს, რათა არ დაგვჭირდეს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი ასევე შენიშნავს, რომ ძალიან დიდი ზეწოლაა ჯანდაცვის სექტორზე.

დღეს ქვეყანაში არსებული აქტიური პაციენტების საერთო რაოდენობიდან, 59 659 ადამიანიდან, 7 400-მდე მოთავსებულია სტაციონარებში, დანარჩენი - კოვიდსასტუმროებში.

ხოლო 49 000-მდე ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

„ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე არის უკიდურესად მაღალი, ამიტომაც საველე ჰოსპიტლები, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციის გარკვეულად შერბილების ერთ-ერთი გზაა. იქ თავსდებიან საშუალო სიმძიმის ადამიანები. თუ უკეთესობა იქნება, გაგრძელდება მათი ბინაზე მკურნალობაზე, თუ დამძიმდა, მაშინ უკვე ჰოსპიტალში, სადაც განთავისუფლდება ადგილი. დღეს ჰოსპიტლებში ადგილების რაოდენობა ძალიან ლიმიტირებულია. პირველად გადააჭარბა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც კარგი ნიშანია იმისა, რომ ოდნავ, ძალიან მცირედ ჰოსპიტლებზე დაწოლა შემცირდეს. სამედიცინო პერსონალი არის ფიზიკურად, მენტალურად, ფსიქოლოგიურად გადაღლილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე სიტყვებით, იმედს იძლევა ის, რომ ივლისთან შედარებით აგვისტოში აცრების რაოდენობა სამჯერ გაზრდილია - დღიური მაჩვენებელი არის 22 000, ოდნავ მეტი აგვისტოში, ხოლო ბოლო ერთ კვირაში 24 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც იმედს იძლევა.

ჯანდაცვის სისტემას დღიურად 40 ათასი ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა აქვს.

„რაც მალე შევქმნით იმუნიტეტს, მით მეტად ვიქნებით დაცულები. აგვისტოში ჩვენ ველოდებით, რომ საერთო აცრათა რაოდენობა გვექნება 600 000-650 000. სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 800 000-900 000 და, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება მილიონი აცრა, ოქტომბერშიც დაახლოებით ამდენი, დარწმუნებული იყავით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გადავტეხთ წელში და დავასტაბილიზირებთ ისე, რომ შემდგომ თანდათან გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, მხედველობაში მაქვს მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა. ეს გარკვეულად იქნება იმის წინაპირობა, რომ ახალ წელს ქვეყანა შედარებით მშვიდად შეხვდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG