საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის საკითხზე მეოთხე ანგარიშს აქვეყნებს ეუთო/ODIHR-ი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მაღალი გამჭვირვალობის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების მოსმენის პროცეში იყო სერიოზული პრობლემები ინტერესთა კონფლიქტთან მიმართებაში.
როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების დანიშვნის საპარლამენტო ეტაპი იძლეოდა პროცესზე საზოგადოებისა და კანდიდატების მხრიდან კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, მაინც არ იყო სათანადოდ გარანტირებული ის, რომ კანდიდატთა საბოლოო შერჩევა მოხდა ობიექტური, დამსახურებაზე დაფუძნებული კრიტერიუმების გამოყენებით.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა კენჭისყრას, მათ შორის ყველაზე დიდი ოპეზიციური პარტიაც. პარლამენტართა ნახევარზე ოდნავ მეტი იღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას.
ანგარიშის თანახმად, საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს 20 მოსამართლე დანიშნა უვადო თანამდებობაზე, ODIHR-ის შეფასებით, აღნიშნულ პროცესებს აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა.
„სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის აღსადგენად და მისი დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობას დაჟინებით მოუწოდებენ გადადოს მოსამართლეთა შემდგომი დანიშვნები უმთავრესი რეფორმების გატარებამდე", - ნათქვამია ანგარიშში.
ODIHR-ი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების წარდგენა მოხდა ევროკავშირის შუამავლობით 2021 წლის 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმების მიუხედავად, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს ხელი და რომელიც შემდეგ პირობებს მოიცავდა:
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის მიმდინარე პროცესის გადადება;
- კანდიდატების შერჩევის პროცესის შემდგომი რეფორმირება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება, ორგანოსი რომელიც მთელს სასამართლო სისტემას ზედამხედველობს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მასში მოცემული რეკომენდაციები უნდა წაიკითხონ ODIHR-ის წინა ანგარიშებში მოცემულ რეკომენდაციებთან ერთად.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ყველა დანიშნული მოსამართლე კაცი იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა სამართლიანი გენდერული წარმომადგენლობითობის პრინციპს.
დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ მოქმედ სამართლებრივ ნორმაში კვლავაც არ არის პრევენციის მექანიზმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პოლიტიზირების თავიდან ასაცილებლად, რადგანაც იგი პარლამენტს ანიჭებს ქმედებების სრულ თავისუფლებას დაამტკიცოს, ან უარყოს რომელიმე კანდიდატი არსებითი დასაბუთების წარდგენისა და დადგენილი კრიტერიუმების დაცვის გარეშე, რაც კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემის 4 დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას და საერთაშორისო ნორმების დარღვევას წარმოადგენს.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 აირჩია. კენჭისყრა პარლამენტში 12 ივლისს ჩატარდა, რომელსაც ოპოზიციის 66 დეპუტატიდან მხოლოდ 6 ესწრებოდა.
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ:
- გოჩა აბუსერიძე
- გიორგი გოგიაშვილი
- ლევან თევზაძე
- რევაზ ნადარაია
- ბიძინა სტურუა
- ლაშა ქოჩიაშვილი
დაწერეთ კომენტარი