Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ CIA-ის უფროსი უილიამ ბერნსი თალიბანის ლიდერს შეხვდა ქაბულში


უილიამ ბერნსი
უილიამ ბერნსი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი გაგზავნა ქაბულში თალიბანის ლიდერთან მოსალაპარაკებლად. ამის შესახებ ვაშინგტონ პოსტი იტყობინება აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, რომლებმაც ანონიმურობის დაცვა ისურვეს.

გამოცემა იუწყება, რომ ბერნსი ორშაბათს ქაბულში შეხვდა თალიბების ლიდერს, აბდულა ღანი ბარადარის. რა საკითხს შეეხებოდა მათი მოლაპარაკებები, უცნობია. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ თალიბანი არ ეთანხმება ავღანეთიდან ამერიკისა და სხვა უცხოური ჯარების გაყვანის გადავადებას. ჯარების გაყვანის უკიდურეს ვადად 31 აგვისტო არის დათქმული.

მანამდე ვაშინგტონმა ნატოს ჯარების გაყვანის კომენტირებისას განაცხადა, რომ ავღანეთიდან გაქცევის მოსურნე ათასობით ადამიანის ქაოსურმა ევაკუაციამ შესაძლოა დასავლეთის ჯარების იქ ყოფნა 31 აგვისტოს შემდეგაც გახადოს საჭირო.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბარში ახსენა გფრ-ს, აშშ-ს, თურქეთსა და თალიბებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები, რომლის მიზანია „ქაბულის აეროპორტში სამოქალაქო ოპერაციის გაიოლება და 31 აგვისტოს შემდეგ ევაკუაციის ჩატარების საშუალების მიღება“.

თალიბანმა 15 აგვისტოს უბრძოლველად ჩაიგდო ხელში ავღანეთის დედაქალაქი ქაბული. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და განაცხადა, რომ სურს თავიდან აიცილოს ჰუმანიტარული კატასტროფა. ამჟამად თალიბანი პრაქტიკულად მთელ ავღანეთს აკონტროლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG