Accessibility links

site logo site logo

თამარ გაბუნია: პაციენტებისთვის ჟანგბადის სოციალური ქსელით ძებნა გაუგებარი პრაქტიკაა


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ პაციენტები, რომლებსაც ჟანგბადის მიწოდება სჭირდებათ, კოვიდკლინიკებში ან კოვიდსასტუმროებში იმყოფებიან. გაბუნიას დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აქვს თუ არა ინფორმაცია, რომ სახლში მყოფი პაციენტებისთვის ჟანგბადს სოციალური ქსელებით ეძებენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კოვიდპაციენტებისთვის ჟანგბადის სოციალური ქსელით ძებნა არის „აბსოლუტურად გაუგებარი პრაქტიკა და აბსოლუტურად მიუღებელია“.

„ჟანგბადი ვისაც ჭირდება, ის პაციენტი იმყოფება კლინიკაში, იმყოფება კოვიდსასტუმროში, სადაც ჩვენ გვაქვს ჟანგბადის კონცენტრატორი. 1500-მდე ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინა ჯანდაცვის სამინისტრომ და არის საკმარისი რაოდენობა კონცენტრატორების, რომ ყველა პაციენტმა, რომელსაც ჭირდება, ჟანგბადი მიიღოს. ბინაზე მყოფი პაციენტებისთვის ჟანგბადის ძიება, რა თქმა უნდა, ამ პაციენტის მდგომარეობის მართვას არ ნიშნავს და არც გააუმჯობესებს. მე ვფიქრობ, ასეთი ტიპის პოსტები, უბრალოდ, ემსახურება დესტრუქციას და იმას, რომ მოსახლეობაში გამოიწვიოს პანიკა“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება იმას, რომ ჟანგბადის პრობლემა უჩნდება ზოგიერთ კლინიკასაც, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ჟანგბადით მომარაგების პრობლემა დგას ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბრიდან და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროები ჩართულები არიან, რომ კლინიკებმა მიიღონ საჭირო რაოდენობა:

„მოწოდების ჯაჭვი არის ძალიან კომპლექსური, საზღვარგარეთიდან შემოდის ნაწილი, ნაწილი ადგილზე არსებული ქარხნებიდან გამომუშავდება. რიგ შემთხვევაში, შეიძლება, მოგვიხდეს გადანაწილება კლინიკებს შორის. ანუ კლინიკა, რომელსაც აქვს დღეს მარაგი, დაეხმაროს მეორე კლინიკას. ეს არის ძალიან რთული ლოგისტიკა, რომელიც იმართება ჯერჯერობით“.

თამარ გაბუნიას განცხადებითვე, იმის პრობლემა, რომ რომელიმე კლინიკა კრიტიკული საჭიროების წინაშე დადგეს, დღეს ნამდვილად არ არის, თუმცა, ლოგისტიკური მართვის მექანიზმი რთულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG