Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილი: ვიდრე ამ მიწაზე იცხოვრებს ქართველი კაცი, ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით


ირაკლი ღარიბაშვილი

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას წარდგენის ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზეთის ოკუპაციის შესახებ ილაპარაკა.

„მე დღეს პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ვიმყოფებოდი ენგურის ხიდზე, სადაც კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი ტკივილი, ჩვენი მოუშუშებელი იარა. ეს არის სწორედ იმ პოლიტიკოსების „დამსახურება“, რომლებმაც თავის დროზე ვერ აიღეს პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეებისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე. რა თქმა უნდა, ოკუპანტების წახალისებით, დღეს აფხაზეთი დროებით ოკუპირებულია", - აცხადებს ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მთავრობის მიზანია ქვეყნის გამთლიანება. „მანამ, ვიდრე ამ მიწაზე იცხოვრებს ქართველი კაცი, ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. ეს არის ჩვენი მიზანი, ოცნება და ყოველდღიური საზრუნავი. მეორეს მხრივ, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი ღალატი ჩაიდინეს პოლიტიკოსებმა, რომლებსაც თავის დროზე ჩვენმა მოქალაქეებმა, ჩვენ ყველამ ერთად გამოვუცხადეთ ნდობა და მივანიჭეთ ჩვენი ქვეყნის მართვის მანდატი - ჩააბარეს ოკუპანტებს, მიატოვეს ჩვენი გმირი ჯარისკაცები და თავად ლაჩრულად გამოიქცნენ ომის ველიდან. შედეგად ჩვენ მივიღეთ დროებითი ოკუპაცია აფხაზეთთან ერთად ცხინვალის რეგიონის. 100-ზე მეტი ახალი სოფელი მოექცა ოკუპაციის ზონაში. დღეს ვიმყოფებოდით მესტიაში და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ის მუხანათური, მოღალატეობრივი ნაბიჯები, რამაც გამოიწვია ასევე კოდორის ხეობის დროებით ოკუპაცია. ამ ყველაფერს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობის შემქმნელებს კვლავაც აქვთ სურვილი, არათუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების", - ამბობს ღარიბაშვილი.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG