Accessibility links

site logo site logo

ქაბულიდან ევაკუაციისას დაბადებულ გოგონას ამერიკული თვითმფრინავის მოსახმობი სახელი დაარქვეს


ქაბულიდან საევაკუაციო რეისის დროს, ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავში დაბადებულ ავღანელ გოგონას მშობლებმა თვითმფრინავის მოსახმობი ნიშნის სახელი, რიჩი დაარქვეს. ამის შესახებ განაცხადა ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ტოდ უოლტერსმა.

CNN-ს მოჰყავს გენერლის სიტყვები, რომ მისი ოცნებაა, გოგონამ აშშ-ის მოქალაქეობა მიიღოს და წლების შემდეგ ამერიკული არმიის ავიაგამანადგურებლებით იფრინოს.

რიჩი 21 აგვისტოს დაიბადა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის C-17-ის სატვირთო ნაწილში. გოგონას მშობლები კიდევ ასეულობით ავღანელთან ერთად, თვითმფრინავმა ქაბულიდან ჩაიყვანა გერმანიაში მდებარე რამშტაინის ამერიკულ ავიაბაზაზე. ახალშობილი და მისი დედა ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

თეთრი სახლის მონაცემებით, 25 აგვისტოსთვის ავღანეთიდან ევაკუირებულია აშშ-ის, ავღანეთის და სხვა ქვეყნების 82 300-ზე მეტი მოქალაქე. ავღანეთში რჩება სავარაუდოდ, 1500-მდე ამერიკელი. შეერთებული შტატები ევაკუაციის დასრულებას 31 აგვისტოსთვის აპირებს.

აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა ქაბულიდან საკუთარი მოქალაქეების და თალიბანის რეჟიმს გაქცეული ავღანელების ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც რადიკალურმა დაჯგუფებამ დაიბრუნა 20 წლის წინ დაკარგული ძალაუფლება. თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისიდან დაიწყეს და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო. შეერთებული შტატების გეგმით, სექტემბრიდან ავღანეთში არცერთი ამერიკელი სამხედრო აღარ იქნება.

აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა. მათ შორის იყო საქართველო, რომელმაც ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეების გაყვანა 2021 წლის ივნისის ბოლოს დაასრულა.

ავღანეთში რჩებოდა საქართველოს 20-ზე მეტი მოქალაქე, რომლებიც სხვადასხვა უცხოურ კომპანიაში მუშაობდნენ. მათი ევაკუაცია გასული კვირის ბოლოს დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG