Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისში დაკავებულთა სასამართლო პროცესი დაიხურა


პანკისში 24 აგვისტოს დაკავებულები სასამართლოს სხდომათა დარბაზში ადვოკატებთან და სპეც-დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებთან ერთად. 26 აგვისტო, თბილისის საქალაქო სასამართლო.
პანკისში 24 აგვისტოს დაკავებულები სასამართლოს სხდომათა დარბაზში ადვოკატებთან და სპეც-დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებთან ერთად. 26 აგვისტო, თბილისის საქალაქო სასამართლო.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოთხოვნით დაიხურა. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატრა პატიმრობას მოთხოვს.

დაცვის მხარე, იმ მოტივით, რომ საქმის მასალების ნაწილი ისედაც გასაჯაროვდა პროცესის დახურვის წინააღმდეგი იყო, თუმცა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებულთა საქმეზე „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვიდეო და აუდიომასალა 25 აგვისტოს გაავრცელა.

სუს-ის ვერსიით, „საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას".

სუს-ის ინფორმაციით, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ამავე განცხადებით, ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებსა და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს.

ერთ-ერთი დაკავებულის, რამაზ ქავთარაშვილის ადვოკატი, ქეთი ჩუთლაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საქმის მასალები 8 ტომისგან შედგება და მასში შედის როგორც ვიდეომასალა, ასევე ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, ე.წ. კრებსები, რამდენიმე მოწმის ჩვენება და სხვა საპროცესო დოკუმენტები (დაკავების ოქმები, განჩინებები და ა.შ.).

ადვოკატის თქმით, ამ საქმის დეტალებზე მასალების გაცნობის შემდეგ ისაუბრებს, ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG