Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: შემუშავებულია "ელიავას ბაზრობის“ განვითარების ერთიანი პროექტი


"ელიავას ბაზრობა"
"ელიავას ბაზრობა"

თბილისის მერიამ „ელიავას ბაზრობის“ მესაკუთრეებთან მოლაპარაკების შედეგად, ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი შეიმუშავა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა მერმა, კახა კალაძემ.

მისი თქმით, „ელიავას ბაზრობა“ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონაა, სადაც მრავალი მეწარმე საქმიანობს, თუმცა, ობიექტის ვიზუალური, ინფრასტრუქტურული და უსაფრთხოების მდგომარეობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ასევე, ქალაქის მცხოვრებთათვის.

„არავის მოსწონს დღევანდელი ელიავას ბაზრობის მდგომარეობა. უსაფრთხოების თვალსაზრისით, იქ არსებული ვითარება სერიოზული პრობლემაა. შესაბამისად, ტერიტორიის ასე დატოვება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტმა მოლაპარაკებები გამართა ტერიტორიის ყველა მესაკუთრესთან და შემუშავდა „ელიავას ბაზრობის“ განვითარების ერთიანი პროექტი, რომელსაც მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი გეგმარების საფუძველზე თავად ტერიტორიის მესაკუთრეები განახორციელებენ.

როგორც კახა კალაძე ამბობს, პროექტის ძირითადი კონცეფცია ტერიტორიის მესაკუთრეებთან შეთანხმებით შედგა, გამოცხადდა ტენდერი, გამარჯვებულთან გაფორმდა გეგმარების ხელშეკრულება და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

თბილისის მერის თქმით, საბოლოო პროექტი გაითვალისწინებს როგორც ქალაქის, ასევე, მესაკუთრეების და „ელიავას ბაზრობაზე“ მომუშავე ადამიანების ინტერესებს, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ დაიწყოს პოლიტიკური მანიპულაციები, განსაკუთრებით, ოპოზიციის მხრიდან.

კალაძემ ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში განაცხადა, რომ "ელიავას ბაზრობა" არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და მისი ასეთი ფორმით შენარჩუნება, პრინციპულად მიუღებელია.

"ელიავას ბაზრობის" სახელით ცნობილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზრობა, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, თბილისში ამ ტიპის ყველაზე დიდი ობიექტია. ბოლო წლებში, "ელიავას ბაზრობაზე" დასაქმებული მეწარმეები არაერთხელ დაზარალდნენ ხანრების შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG