Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვეცდები, გადავრჩე“ - რუსეთიდან დეპორტირებული ავღანელი ქაბულში ცხოვრებაზე


22 აგვისტო, ევაკუაცია ქაბულის აეროპორტიდან
22 აგვისტო, ევაკუაცია ქაბულის აეროპორტიდან

გულამ ჰაბიბ გულამ მოჰამადი ავღანეთში დაიბადა, მაგრამ წლების განმავლობაში როსტოვში ცხოვრობდა. მუშაობდა ადგილობრივ ბაზრობაზე. მოჰამადი შარშან იმის გამო გაასამართლეს, რომ პოლიციას არ აცნობა მეზობლის შესახებ, რომელიც ახალგაზრდებს დაჯგუფება „თალიბანში“ აწევრიანებდა. „თალიბანი“ რუსეთში აკრძალულ, ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ძალოვნებმა მას გარიგება შესთავაზეს - აღიარება რუსეთში დარჩენის სანაცვლოდ. გულამ მოჰამადი დათანხმდა. ის გაასამართლეს, ჯარიმა გადაახდევინეს... ივნისში კი დეპორტაცია გაუკეთეს და სამშობლოში გაგზავნეს. აგვისტოში ქვეყანა უკვე თალიბებს ჰქონდათ დაპყრობილი. გულამ მოჰამედი ჰყვება, თუ რა ხდება ქაბულში ამჟამად.

დეპორტაციის შემდეგ ავღანეთში, ჩემს მშობლიურ სოფელში გავემგზავრე. სამხედრო სამსახურში წავედი. ჩემს დანაყოფთან ერთად სოფელში ვპატრულირებდი. ერთი თვის მერე, როდესაც თალიბებმა შემოტევა დაიწყეს, ხელმძღვანელმა გვიბრძანა, ავტომატები ჩაგვებარებინა და გავქცეულიყავით, რადგან ბრძოლის საშუალება არ გვექნებოდა. ქაბულში დასთან წავედი სტუმრად.

ახლა ავღანეთში არა მხოლოდ თალიბები, არამედ „ისლამური სახელმწიფოც“ არის. მისი წევრები ქაბულიდან 30 მეტრში ნახეს. ქალაქის ცენტში შეიძლება პაკისტანის ჯარსაც გადააწყდე. ასე მგონია, რომ ამ ორომტრიალში ბევრი ქვეყანაა გარეული. აქ ავღანელები არაფერს წყვეტენ. პოლიტიკას საზღვარგარეთ განსაზღვრავენ.

ადგილობრივი მოსახლეობა გარბის, უცხოელებიც. ქაბულის აეროპორტში 70 ათასამდე ადამიანი იცდის, კარი როდის გაიღება და როდის გაფრინდებიან. ვისაც ვიზა არა აქვს, ვერ მიდის, ბევრმა საელჩომ ოფისი აეროპორტში გადაიტანა, სადაც იოლად ვერ მოხვდები.

აეროპორტის წინა ტერიტორია შემოზღუდულია. ყველაზე ახლოს იქ ამერიკელი ჯარისკაცები დგანან, შემდეგ ავღანელი სპეცრაზმელები, რომლებიც მათთან ერთად იბრძოდნენ. ამერიკელები მათ თან წაიყვანენ. შემდეგ თალიბების ალყაა და შემდეგ ხალხი. ხანდახან ჭიშკარს აღებენ და დაიძახებენ, მაგალითად: „შემოუშვით 50 ადამიანი“ და შედიან. აეროპორტში ისროდნენ, ხალხსაც კი დაუშინეს ტყვიები. პანიკაში ჩავარდნილმა ბრბომ ერთმანეთს გადაუარა. მოკლედ, იქ სრული ქაოსია.

თალიბები ჩვეულებრივ ხალხს ჯერ არ ეხებიან, დაიწყეს იმათგან, ვისაც წინა ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობა ეკავა. მათ სახლებში იჭრებიან, ჩხრეკენ, სახლებს ისაკუთრებენ. დიდ დროს ანდომებენ საომარი ტექნიკის დატაცებასაც, რომელსაც მერე პაკისტანში აგზავნიან. ამ ყველაფერს რომ მორჩებიან, შემდეგ გამოჩნდება, უბრალო ხალხს რაღა ელის.

ქალებს უჭირთ, ყველანი სახლებში სხედან, ახლობელები გარეთ გამოსვლის უფლებას არ აძლევენ. ქალებს ახსოვთ, როგორები იყვნენ თალიბები ადრე, ეშინიათ, რომ ისინი სახლებშიც შეიჭრებიან, მამაკაცებს დახოცავენ, მათ კი პაკისტანში წაასხამენ. თუ ქვეყანაში არეულობა იქნება, არავინ არაფრისგან არაა დაცული, ამიტომაც განიცდიან.

ქაბული ძალიან შეიცვალა. ყველა სასწავლო დაწესებულება დაკეტილია, გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა ბავშვები სწავლას. დაკეტილია ბევრი სახელმწიფო დაწესებულება და ბანკები. მაგალითად, ახლა „ვესტერნ იუნიონით“ ფულს ვერავინ გამოგზავნის. უმუშევრობა ისედაც იყო, ახლა კი კიდევ უარესი ვითარება შეიქმნა. ბევრი, ვინც საჯარო სტრუქტურაში მუშაობდა და პენსიაზე გავიდა, პენსიას ვერ იღებს. მხოლოდ ჩემს ოჯახში შვიდი კაცი დარჩა პენსიის გარეშე.

გზები, რომელთა მეშვეობითაც ქაბულში ბენზინი, გაზი, პროდუქტები შემოდიოდა, ახლა ნაწილობრივ გადაკეტილია. ამ ქაოსის გამო ვაჭრები ფასებს მაღლა წევენ. თუ ადრე პომიდორი 20 ღირდა, ახლა 35 ღირს. მაგრამ მაღაზიები მუშაობს, მართალია, მხოლოდ საღამოს 9 საათამდე. შეგიძლია ნაყინი მიირთვა, კაფეში, სილამაზის სალონში წახვიდე. საინტერესო ისაა, რომ ვიტრინებში ქალების ფოტოებს აღარ აკრავენ, ეს აუცილებელი მოთხოვნაა, თუ მუშაობის გაგრძელება გინდა.

თალიბები ყველა ბლოკპოსტზე დგანან, იმავე მანქანებით, რომლებიც ადრე პოლიციას ეკუთვნოდა. პოლიციის ოფისებიც მიისაკუთრეს. ყველაფერს აკონტროლებენ, მაგრამ თუ რამე უხეში დანაშაული არ ჩაიდინე, შენთან არ მოვლენ. შენთვის თუ მიდიხარ ქუჩაში, არ გეხებიან.

ადგილობრივი ტელეარხები ძალიან შეიცვალა. ქაბულის აღებამდე ყველა ტელეწამყვანი გააფრთხილეს და ბევრი მათგანი საზღვარგარეთ წავიდა. ტელეარხები ისევ მუშაობს, მაგრამ იქ გადის გადაცემები ისლამის შესახებ, გასართობი პროგრამები კი დახურეს. ახალ ამბებს, როგორც წესი, ფეისბუკის მეშვეობით ვიღებ, ან ტიკ-ტოკის და ხალხის მეშვეობით.

ამასწინათ ხმა დაირხა, რომ თალიბები ჩვენს დანაყოფს ეძებენ. არ ვიცი, რა იქნება, ვიცდი. სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებ ამის გამო სადმე გავიქცე, მომბეზრდა დევნილი ცხოვრება. მაგრამ აქ ყოფნის შესაძლებლობაც არ არის, აქ მხოლოდ უარესი იქნება. მე კარგი საბუთები მაქვს, ერთი წელი ნატოში თარჯიმნად ვმუშაობდი. შევეცდები, ოჯახის ნაწილი მაინც გავიყვანო აქედან, თავად კი ქაბულიდან წავალ. შესაძლოა ფანჯშირისკენ, თუ იქ არის დაჯგუფებები თალიბების წინააღმდეგ. უკან რუსეთში არ მინდა, საზღვარგარეთ არ მინდა.

ხალხს, რომელიც აქ დარჩა და ვერ მიდის, თვალებში სევდა უდგას. მათი მესმის, კაცს ცოლი და ოთხი გოგო ჰყავს, სამი ბიჭი და მათ ვერაფრით ეხმარება. ეს ძალიან დიდი დარდია. ნამაზის გაკეთება და მეჩეთში სიარული თუ ვერ შევძელი, შევიშლები.

საკუთარ ბედზე არ ვწუწუნებ, ღმერთს ვმადლობ, რომ შემიძლია ჩემი თვალით ვნახო ყველაფერი, ცუდიც და კარგიც. მინდა მთელ მსოფლიოში წესრიგი იყოს, ხალხი სიკეთით ცხოვრობდეს. ნებისმიერ ადამიანს უყვარს თავისუფლება და მეც მინდა თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვრო და არა მონური წესებით, რომლებსაც სხვები გვახვევენ თავს. მინდა ნორმალურ ადამიანად დავრჩე, ვერაფერმა შემცვალოს. სწორი გზით ვიარო, ეს არის ჩემი სურვილი. ვეცდები, გადავრჩე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG