Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰარცელი მადლობას უხდის საქართველოს ქაბულიდან საევაკუაციო ფრენებში მხარდაჭერისთვის


ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს ქაბულიდან საევაკუაციო ფრენებში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ კარლ ჰარცელი „ტვიტერში“ წერს.

„მადლობა საქართველოს ქაბულიდან საევაკუაციო ფრენებში ძლიერი მხარდაჭერისთვის, ამან საშუალება მისცა ევროკავშირის ქვეყნებს სწრაფად და უსაფრთხოდ მოეხდინათ თბილისის აეროპორტის საშუალებით ტრანზიტი“.

თბილისის აეროპორტში განლაგებულია ნატოს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომლებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით, ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა კი ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისით.

საქართველოს მთავრობის თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებულ, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, რომლის ფუნქციონირებაშიც მონაწილეობს ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მიერ მოეწყო სატრანზიტო-სამედიცინო დახმარების პუნქტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ქაბულში არსებული ნორვეგიული სამხედრო ჰოსპიტლის ევაკუაციისას.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური შეტყობინებით, საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი სახელმწიფოები ახორციელებენ ავღანეთიდან თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების სასწრაფო ჰუმანიტარულ ევაკუაციას და საქართველომ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეულმა წევრმა, პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, ჩართულიყო ამ პროცესში.

კერძოდ, ქართული მხარე დათანხმდა საერთაშორისო ორგანიზაციების: დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის(NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI), აზიის განვითარების ბანკის(ADB), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის(WB) მიმართვას, დახმარება აღმოუჩინოს მათ თანამშრომლებს ევაკუაციის და საქართველოს ტერიტორიაზე დროებით განთავსების პროცესში. საქართველოში მათი შემოყვანისა და განთავსებისას გათვალისწინებულია COVID-უსაფრთხოების წესები, ხოლო საქართველოში მათ ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებენ შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG