Accessibility links

site logo site logo

ჯგუფი „მედგიდი“ 24 საათით ისევ გაუქმდება


ფეისბუკჯგუფ „მედგიდის“ დამფუძნებელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე ისევ იუწყება, რომ „მედგიდი“ მორიგი მიზანმიმართული შეტევის სამიზნეა.

მისი სიტყვებით, „ტროლებისა და ბოტების“ შეუჩერებელი Report-ების გამო, ჯგუფის მოდერატორები იძულებულები არიან, 29 აგვისტოს, „მედგიდის“ ჯგუფის მუშაობა 24 საათით ისევ გაჩერდეს, რომ უკვე რიგით მესამედ გადაურჩეს სოციალური სივრცეებიდან გაქრობას და დაბლოკვას.

სოფო ჯაფარიძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერს, რომ ნათელია, თუ ვის სურს ჯგუფის დაბლოკვა, რომელიც 100 000 ადამიანს აერთიანებს და მათ, ნებისმიერი სამედიცინო თემატიკის კითხვაზე კონსულტაცია და ხშირად სრულფასოვანი სამედიცინო დახმარებაც ეწევათ „უფასოდ, მაღალკვალიფიციური ექიმებისგან“.

სოფო წერს, რომ ამ ჯგუფის საქმიანობა „ვიღაცის ინტერესებთან იკვეთება“ და ჩამოთვლის მისი აზრით ჯგუფზე შეტევის მიზეზებს:

„ეს ხდება იმიტომ, რომ ხელისუფლებას ვაღიზიანებთ კეთილი საქმის კეთებით. იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, ამ ხელისუფლების პირობებში ანტივაქსერული კამპანია უფრო ხელშეწყობილია, ვიდრე ვაქცინაციის სწორი საინფორმაციო კამპანია. ქვეყანაში, სადაც დღეში საშუალოდ 60-80-მდე ადამიანი იღუპება და ხელისუფლებამ ეს ტრაგედია სტატისტიკად აქცია!!

ძალიან ვცდილობდი, რომ ასე მკაფიოდ არ დამეფიქსირებინა ჩემი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ბოდიშს გიხდით ყველას, თუ ვინმე გაღიზიანდით ჩემი რადიკალური პოზიციით, თუმცა რეალობა ასეთია.

მოგვეცით საშუალება თუნდაც მცირედი წვლილი შევიტანოთ ადამიანების გადარჩენაში!“ - წერს სოფო ჯაფარიძე.

„მედგიდი“ პირველად ცხრა აგვისტოს დაიბლოკა, შემდეგ კი 19-ში და ისევ თავიდან შეიქმნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG