Accessibility links

site logo site logo

პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსით 105 მსჯავრდებულია ინფიცირებული


სპეციალური პენიტენციური სამსახურის #8 დაწესებულება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, კორონავირუსით 105 მსჯავრდებული არის ინფიცირებული მთელ სისტემაში, რაც მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ ერთი პროცენტია.

სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევათა უმეტესობა მიმღებ დაწესებულებებში ახლად დაკავებულ პირებში გამოვლინდა. პროტოკოლის მიხედვით, მიმღებ ციხეებში ახლად დაკავებულები სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში თავსდებიან. მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ისინი შესაბამის პროცედურებს 8-12 დღის განმავლობაში გადიან. მათი განთავსება პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ კოვიდტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება.

66 ინფიცირებული თბილისის ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული, თუმცა ამათგან 52 კოვიდინფიცირებული ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს და დაკვირვების მიზნით ამავე კლინიკის ე.წ. სასტუმრო ნაწილში იმყოფება.

39 კოვიდინფიცირებული ხონის საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ისინი მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და საჭიროებისამებრ შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პენიტენციურმა სამსახურმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 70%-მდე უკვე ვაქცინირებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG