Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გმობს საქართველო-ბელარუსის შეთანხმებას


ალიაქსანდრ ლუკაშენკა. 2018 წ. ფოტო.
ალიაქსანდრ ლუკაშენკა. 2018 წ. ფოტო.

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრებმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ამოქმედებასთან დაკავშირებით. დოკუმენტი, რომელსაც 2016 წელს მოეწერა ხელი, აგვისტოში შევიდა ძალაში. აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრთა მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ლაპარაკია ბელარუსში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე - საპროტესტო გამოსვლებზე, რომლებმაც მოიცვა ქვეყანა 2020 წლის 9 აგვისტოს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. განცხადების ავტორთა თქმით, ბელარუსის ხელისუფლებამ ამ პროტესტს უპასუხა უპრეცედენტო რეპრესიებით - მათ შორის, პოლიტიკური დევნით, განუკითხავი დაპატიმრებებით, მოტაცებებით, ფიზიკური ძალადობითა და წამებით. განცხადების თანახმად, ვითარებას ამძიმებს ის გარემოება, რომ მინსკმა შეწყვიტა ბელარუსის მონაწილეობა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის შეთანხმებაში.

განცხადებაში ნახსენებია ბელარუსის ხელისუფლების მიერ კანონდარღვევის მთელი რიგი შემთხვევებისა. მათ შორის, Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის ძალით დასმა მინსკში და მასში მყოფი ოპოზიციონერი ბლოგერის დაპატიმრება. აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის თანახმად, ბელარუსის 40-დან 150 ათასამდე მოქალაქე იძულებული გახდა, სხვა ქვეყნებისთვის შეეფარებინა თავი. ბევრი მათგანი საქართველოში იმყოფება.

„ასეთ ვითარებაში შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმი იცავს ადამიანის ფუნდამენტურ პრინციპებსა და კანონის უზენაესობას, ასევე არ იცავს ის კონსტიტუციას,“ ვკითხულობთ განცხადებაში. მასში ნათქვამია, რომ ლუკაშენკასა და მისი რეჟიმის წარმომადგენლებს, მათ შორის კგბ-ს ხელმძღვანელს, ივან ტერტელს, ევროკავშირმა აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა მიზანმიმართული სანქციები დაუწესეს.

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრთა თქმით, ლუკაშენკას პოლიტიკურ რეჟიმთან და მის სადამსჯელო სტრუქტურებთან ნებისმიერი სამომავლო თანამშრომლობით, ან ისეთი არსებული შეთანხმებების ცხოვრებაში გატარებით, როგორიცაა სუს-სა და ბელარუსის კგბ-ს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი, „საქართველოს ხელისუფლება მიდის რისკზე, დისკრედიტებულ იქნეს საკუთარი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალში. მეტიც, [საქართველო] პირდაპირ შეიტანდა წვლილს იმ რეპრესიების გაძლიერებაში, რომლებსაც განიცდიან ბელარუსის მოქალაქეები.“

ფორუმის მმართველი კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს, არ მიაწოდოს ბელარუსს ლუკაშენკას იმ ოპონენტების პირადი მონაცემები, რომლებიც ამჟამად საქართველოს აფარებენ თავს.

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:

  • გამოიჩინოს კეთილი ნება და საჯაროდ გააუქმოს ან გაყინოს სუს-სა და ბელარუსის კგბ-ს შორის შეთანხმება და სხვა სამთავრობოთაშორისო შეთანხმებები, რომლებსაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენელთა დევნა ან მინსკისთვის მათი გადაცემა;
  • მიიღოს საჭირო ზომები საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბელარუსის მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად და დახმარება გაუწიოს მათ;
  • თავშესაფრის მაძიებელი ბელარუსის მოქალაქეების დასახმარებელი ზომების კოორდინაცია მოახდინოს პარტნიორებთან - ევროკავშირთან და აშშ-სთან.

ამავე დროს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი ევროკავშირს მოუწოდებს:

  • ბელარუსის კგბ-სა და სუს-ს შორის შეთანხმების გაუქმების საკითხი წამოჭრას საქართველოს მთავრობასთან;
  • საჯაროდ დაგმოს ეს შეთანხმება;
  • საქართველოს მთავრობასთან იმსჯელოს საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების მდგომარეობაზე, განსაკუთრებით მათი პირადი მონაცემების დაცვისა და პირადი უსაფრთხოების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG