Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე მეცოდება ღმერთი


ავტორი: ლაშა ვანიშვილი

"ამიტომ თავს ვერ იმართლებ, ვინც უნდა იყო, კაცო, რომელიც განსჯი; ვინაიდან მსჯავრით, რომლითაც სხვას განსჯი; შენსავე თავს განსჯი, რადგანაც იმასვე სჩადიხარ, რისთვისაც განსჯი."

(რომაელთა მიმართ 2 : 1 )

იესო ქრისტეს დაბადებიდან 20 საუკუნეზე მეტი გავიდა. მისმა სწავლებებმა, ადამიანთა მიმართ უპირობო სიყვარულმა და გამჭრიახმა გონებამ, მაშინდელი სამყარო სრულიად თავდაყირა დააყენა. ქრისტეს უპირველესი მტრები იმდროინდელი სასულიერო პირები იყვნენ, რომლებსაც არ უნდოდათ საკუთარი ძალაუფლებისა და ქონების დაკარგვა. მოვლენები განვითარდა ისე, რომ ქრისტე ეწამა უანგარო სიყვარულისთვის, რომლის მსხვერპლსაც დრო და დრო ეკლესიამ მნიშვნელობა დაუკარგა.

5 ივლის განვითარებულ მოვლენებს არანაირი კავშირი არ ჰქონდა ჰუმანურობასთან და მითუმეტეს იესო ნაზარეველთან. ,,ქრისტეს მსახურები“ , რომელთა ვალდებულებაა, რომ საკუთარი ცხოვრებით ჰბაძავდნენ მას და მრევლსაც ამისკენ მოუწოდებნენ, შეგნებულად უგულებელყოფდნენ იმ კანონს, რაც წესით მათი ცხოვრების ამოსავალი წერტილი უნდა იყოს. სასულიერო პირები და მათი მრევლი, საკუთარ ძალადობრივ ქმედებებს ამართლებდნენ ღვთის რჯულით ,თუმცა ისინი ძალიან შორს არიან იმ კანონებისგან, რაც ქრისტემ საკუთარი 33 წლიანი ცხოვრების განმავლობაში დაგვიტოვა : ,,ხოლო უწინარეს ყოვლისა შეიმოსეთ სიყვარული, რომელიც არის სიმტკიცე სრულქმნილებისა“ (კოლოსელთა მიმართ 3:14).

ბიბლია, რომლის ხსენებაც ძალიან უყვართ მოძალადე მღვდელმმსახურებს საკუთარი ქმედებების გასამართლებლად ან სხვების დასაკნინებლად, გმობს ძალადობას, სიძულვილს,დამცირებას... ეს ხალხი, მათ მიერ ორგანიზებულ ძალადობას უფლის ნებას უკავშირებდნენ, თუმცა ისინი ისევე შორს არიან ღმერთისგან, როგორც ქრისტესგან იყო შორს ძალადობა. სახარება გვასწავლის, რომ მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება. მაგრამ ისევე როგორც სხვა სიყვარულზე დაფუძნებული კანონები, ესეც უმნიშვნელოა დღევანდელი ეკლესიის წინამძღოლებისთვის. ისინი საკუთარი ქცევებით მიდიან ბიბლიის და ქრისტიანობის წინააღმდეგ.

რატომ მეცოდება ღმერთი? დროთა განმავლობაში ადამიანი ყველაფერს ყოვლისშემძლეს აბრალებდა საკუთარი თავის დასაწყნარებლად. გადაბრალება კი ნიშნავს იმას, რომ რეალობას სწორად აღქმასთან გვაქვს პრობლემა.ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანის ცხოვრებაში იმ დოზით არ ერევა არც ღმერთი და არც ეშმაკი, რა სიხშირითაც საკუთარ ქმედებებს მიაწერენ მათ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ინდივიდმა გაიაზროს თავისუფალი ნების აღქმა - ყველა თავისუფალია და ყველა საკუთარ ქმედებებზე ვაგებთ პასუხს.

თუმცა, ლიტონ ბრალდებებსაც აქვს საზღვარი. როდესაც ,,ღვთის მსახური“ ძალადობას უკავშირებს ღმერთის სახელს და ამით აქეზებს მრევლს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ადამიანებს, ეს არის ფუნდამენტური დაპირისპირება იმ პრინციპებისა, რაზეც იესო ქრისტე ქადაგებდა. მაინტერესებს, 5 ივლის ქრისტე რომ ყოფილიყო პარლამენტთან, იგივენაირად მოიქცეოდით? იგივენაირად სცემდით უმოწყალოდ ჟურნალისტებს? იგივენაირად გაიმეტებდით ლექსო ლაშქარავას სასიკვდილოდ? ნუთუ არ შეგრცხვებოდათ თქვენი საქციელის! და მერე რას იტყოდით? იესო, შენი სახელით ვცემ, ვამცირებ და ვრიყავ ხალხსო? ის ღმერთი, რომელსაც თქვენ ემსახურებით არასდროს იქნება ჩემი ღმერთი , რადგან ის არასდროს ყოფილა იესო ქრისტე. ეკლესია უნდა აახლოვებდეს ღმერთთან ადამიანებს, თქვენ კი ესეც, როგორც ბევრი რამ სულ სხვანაირად გესმით. თქვენი ქცევებით დღითი დღე უკარგავთ ხალს ნდობას ეკლესიის მიმართ, რადგან თქვენვე დააჯერეთ მათ, რომ ეკლესიას წარმოადგენთ. ღვთის მსახურება მხოლოდ ლიტურგიების ჩატარება და ეპისტოლეების კითხვა არ არის. ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობაო, ჰოდა მღვდელმსახურნო, რომლებიც მოუწოდებდით ხალხს ძალადობისკენ, თქვენი ნაყოფით თუ ვიმსჯელებთ, არაფერი გაქვთ საერთო ქრისტესთან, რომელიც ხალხის სიყვარულის გამო წამებით აღესრულა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG