Accessibility links

site logo site logo

ომბუდსმენი: წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით 62 დასაქმებულის მიმართ განხორციელდა ზეწოლა


ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ათობით პირი შესაძლოა დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლდა სამსახურიდან. ომბუდსმენის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, 62 დასაქმებულის მიმართ განხორციელდა სხვადასხვა სახის ზეწოლა. ამ პირთა უმრავლესობამ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ზეწოლისა და სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა. სახალხო დამცველის თანახმად, დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მუნიციპალური სამსახურებიდან, მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან.

„მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ზემდგომი პირები მათ სთხოვდნენ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას, რასაც ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი არა, რის შემდგომაც ისინი სხვა საფუძვლებით გაათავისუფლეს. ზოგიერთის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური წარმოება“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, მოცემულ შემთხვევებში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის ნიშნები. ომბუდსმენი აღნიშნავს იმასაც, რომ ზეწოლის ფაქტების დადასტურების მიუხედავად, სამსახურიდან გათავისუფლებულთა ნაწილმა უარი განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატს მისი საქმე შეესწავლა. 31 აგვისტოს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების მიზნით 34 პირთან დაკავშირებული საქმეები მიაწოდა.

„ვინაიდან მსგავსი ფაქტების შესახებ აპარატში ყოველდღიურ რეჟიმში შემოდის განცხადებები და შეტყობინებები, გათავისუფლებულ პირებთან კომუნიკაციის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად, დამატებით მიაწვდის მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს და მიადევნებს თვალს მათზე განხორციელებულ რეაგირებას, ასევე შეისწავლის ინდივიდუალურ საქმეებს შესაძლო დისკრიმინაციისა და შრომის უფლების დარღვევის კუთხით.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ დაუშვებელია ადამიანთა დევნა მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მოსაზრებების გამო, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლება“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს მოუწოდებს - პოლიტიკური შეხედულებების გამო, არ გაათავისუფლონ ანდა არ გასცენ მითითებები თანამშრომელთა გათავისუფლების თაობაზე. ომბუდსმენი ასევე მიმართავს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიკვლიონ სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილში მითითებულ პირთა მიმართ შესაძლო დევნის საკითხი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG