Accessibility links

site logo site logo

გიგი უგულავა აცხადებს, რომ შსს-სგან მიიღო მოთხოვნილი საბუთი


გიგი უგულავა

ფოთის მერობის კანდიდატობის მსურველი გიგი უგულავა აცხადებს, რომ შსს-გან მიიღო საბუთი, რომელსაც მოითხოვდა.

„როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ, კრემლმა უკან დაიხია. საბუთი ანუ ჯადო ჩემს ხელშია. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“, - წერს გიგი უგულავა.

31 აგვისტოს გიგი უგულავამ გააპროტესტა კანდიდატად დარეგისტრირებისთვის საჭირო დოკუმენტის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვერმიღება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი განმარტავდა, რომ უგულავას განაცხადის მიღებისთანავე, მომსახურების სააგენტომ საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია გიგი უგულავას „უფლების ჩამორთმევის შესახებ“ და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. მათი ინფორმაციით, უგულავაზე ცნობის მოთხოვნის დღესვე გაიცა შუალედური პასუხი.

უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობაში აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე ინფორმაცია, მონაცემთა სუბიექტის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ.

„საარჩევნო კოდექსის" თანახმად, „უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის" წარდგენა აუცილებელია მერობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG