Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს განმარტებით, გიგი უგულავამ დოკუმენტის მოთხოვნის დღესვე მიიღო შუალედური პასუხი


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

გიგი უგულავამ, რომელსაც ფოთის მერობის კანდიდატობა სურს, გააპროტესტა კანდიდატად დარეგისტრირებისთვის საჭირო დოკუმენის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვერმიღება.

„შსს არ მაძლევს ცნობას რაც აუცილებელია ფოთში ჩემი რეგისტრაციისთვის. ადგილზე საერთოდ არც უარის ქაღალდს მაძლევენ", - დაწერა „ფეისბუკის" პირად გვერდზე გიგი უგუალვამ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, უგულავას განაცხადის მიღებისთანავე, მომსახურების სააგენტომ საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია გიგი უგულავას „უფლების ჩამორთმევის შესახებ" და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.

„მოქალაქე გიორგი უგულავაზე ცნობის მოთხოვნის დღესვე გაიცა შუალედური პასუხი, სადაც მას განემარტა რომ - თუ პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლის სამართლებრივი დევნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ მოიძია ამ საქმეზე განაჩენი, დეპარტამენტი ასეთი პირისთვის სასამართლოს განაჩენის მოძიების მიზნით მიმართავს საგამოძიებო ორგანოს, საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის უწყებებს. მათგან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, როდესაც ამ გზითაც ვერ დასტურდება განაჩენის არსებობა, სააგენტოს აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გაიცემა ცნობა უფლების ჩამორთმევის არქონის შესახებ", - აცხადებს შსს.

უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობაში აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე ინფორმაცია, მონაცემთა სუბიექტის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ.

„საარჩევნო კოდექსის" თანახმად, „უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის" წარდგენა აუცილებელია მერობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG