Accessibility links

site logo site logo

გადაიდო დე ფაქტო პარლამენტის სხდომა რომელზეც მთავრობის უნდობლობის საკითხი უნდა განეხილათ


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სხდომა 1 სექტემბერს არ შედგა. პარლამენტის სპიკერმა ის გაურკვეველი ვადით გადადო. როგორც სააგენტო "რეს"-ი იუწყება, ე.წ დეპუტატებს შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ ჰქონდათ.

„თარიღი მოგვიანებით დადგინდება,” - განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ტადტაევმა დეპუტატებს.

შეხვედრაზე დეპუტატებს დე ფაქტო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი უნდა განეხილათ. უნდობლობის საკითხი 14-მა ოპოზიციურმა დეპუტატმა დააყენა. ამ ინიციატივით მათ პარლამენტს 23 აგვისტოს მიმართეს. ამის მიზეზი კი დეპუტატებისთვის რუსეთის ხაზინის აუდიტორების მიერ ოკუპირებული რეგიონის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემოწმების დოკუმენტაციის გადაცემაზე უარი გახდა. დე ფაქტო მთავრობამ დე ფაქტო პარლამენტს საჯარო ინფორმაცია არ გადასცა.

სესიის დაწყებამდე დე ფაქტო პარლამენტის პრეზიდიუმმა სხდომის დღის წესრიგში უნდობლობის საკითხის შეტანა დაამტკიცა, თუმცა საკანონმდებლო, კანონის უზენაესობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ალან გაბატოვმა სესიაზე ჯერ საპარლამენტო რეგლამენტის ცვლილებების საკითხი გაიტანა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილეს, რომ ახალ რეგლამენტში 171 ახალი ცვლილება შედის და საკითხი არც სათანადოდ არის შესწავლილი და ის არც პრეზიდიუმის სხდომაზე განუხილავთ. დე ფაქტო რესპუბლიკაში წელს უკვე მეორედ შექმნა პოლიტიკური კრიზისი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG