Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორნელი კაკაჩია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „მიშელის დოკუმენტის“ ხელმოწერაზე: გადაწყვეტილება არის დაგვიანებული


კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი, კორნელი კაკაჩია რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ახლა ხელმოწერა ძალიან დაგვიანებულია და არ მიუთითებს პარტიის სტრატეგიულ ხედვაზე.

„ეს გადაწყვეტილება პარტიას თუ უნდოდა მიეღო, უნდა მიეღო მანამდე, როდესაც ეს საკითხი აქტუალური იყო და ამითი შეიძლებოდა ოდნავ სხვანაირად წარმართულიყო მოვლენები, ვიდრე ეხლა. ზოგი ამბობს, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ ეს უფრო კონიუნქტურული და პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე აღიქმება, ვიდრე იქიდან გამომდინარე, რომ ეს გადაწყვეტილება რაღაცას შეცვლის. მით უმეტეს იმ გადაწყვეტილების ფონზე, რაც მიიღო "ქართულმა ოცნებამ". და ჩვენ ვიცით მათი ლიდერების განცხადებით, თუნდაც 1 პროცენტი რომ მიიღონ ამ არჩევნებში, ისინი მაინც არ აპირებენ ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვას“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერთება „შარლ მიშელის დოკუმენტზე“ ძირითადად საერთაშორისო პარტნიორებზეა გათვლილი:

„ეს არა მგონია რამის შემცვლელი იყოს, ეს უბრალოდ უფრო გათვლილია საერთაშორისო თანამეგობრობაზე და თავისი რაღაც პარტიული ინტერესებიდან გამომდინარეა და სამწუხაროდ ის ამ შემთხვევაში ვერ შეუწყობს ხელს საქართველოში რაღაც კონსენსუსისკენ მიდრეკილი დემოკრატიული მოდელის შექმნას“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „დილის საუბრებში“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღეს, 2 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისში მოაწერეს ხელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას, რომელსაც პარლამენტში არჩეული ოპოზიციური ძალების ნაწილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხელი ჯერ კიდევ აპრილში მოაწერეს და მმართველი პარტიის მიერ უკვე ანულირებულადაა გამოცხადებული.

„მიშელის შეთანხმების“ ხელმოწერის გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 1 სექტემბერს გამოაცხადა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, ხელმოწერით აცხადებენ მზაობას და ხაზს უსვამენ რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გაიმარჯვებენ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს „მიშელის შეთანხმების“ იმ დათქმის საფუძველზე, რომლის თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" შეთანხმება ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

XS
SM
MD
LG