Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები 2021: გაიგე, ვინ იბრძვის შენი ქალაქის მერობისთვის 


თვითმმართველობის არჩევნებამდე 1 თვე რჩება, ცესკოში კანდიდატების წარდგენის ვადა იწურება. 2021 წლის 2 ოქტომბრისთვის, რომელსაც პოლიტიკოსების ნაწილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნ რეფერენდუმადაც განიხილავს, თანამშრომლობა მოახერხა რამდენიმე პარტიამ - მათ შეჯერებული კანდიდატები წარადგინეს.

“ქართულ ოცნებას” ერთად უპირისპირდებიან რეგიონებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და “გირჩი - მეტი თავისუფლება” - ერთობა პირობითი და ნაწილობრივია: ზოგ უბნებში საერთო შეთანხმებული კანდიდატების ნაცვლად ოპოზიცია ერთმანეთის კონკურენტია.

ცალკე თამაშის გზა აირჩიეს გიორგი გახარიას პარტიამ “საქართველოსთვის”, გიორგი ვაშაძის განახლებულმა პარტიამ “მესამე ძალა” და “ლეიბორისტულმა პარტიამ”. არჩევნებში ფრაგმენტულად, მხოლოდ რამდენიმე კანდიდატით მონაწილეობს “პატრიოტთა ალიანსი.” ელექტორალურ ბრძოლაში არ ჩაერთო ლევან ვასაძის ახლადაფუძნებული პარტია.

წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება პარტიებს დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ნაწილობრივი შეზღუდვების ფონზე უწევთ - კარდაკარ კამპანიას და ხალხმრავალ შეხვედრებს ძირითადად მმართველი პარტია აწყობს. ოპოზიციის ნაწილი ცდილობს მისი ამომრჩეველი აცრის საჭიროებაში დაარწმუნოს.

"ევროპული საქართველო", "ლელო" და "დროა" მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე რეგისტრაციაში დახმარებას სთავაზობენ
"ევროპული საქართველო", "ლელო" და "დროა" მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე რეგისტრაციაში დახმარებას სთავაზობენ

გიორგი გახარიას საარჩევნო კამპანიის დიდი ნაწილი რეგიონული ოფისების გახსნისგან და მოსახლეობასთან შეხვედრებისგან შედგებოდა. ბილბორდებზე თითქმის მთელ ქვეყანაში მხოლოდ "ქართული ოცნების" კანდიდატები არიან გამოსახულები - ოპოზიციამ ამჯერად ამომრჩეველთან ინტერნეტკომუნიკაციის გზა აირჩია.

ამ დრომდე არც ერთი პარტიას/მერობის კანდიდატს არ აქვს წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა და საარჩევნო პროგრამა დაწერილ დოკუმენტად, რაც ამომრჩეველს გადაწყვეტილების მიღებას გაუმარტივებდა. კვლავ ვერ სრულდება ვერც მოსახლოების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკვეთა, ახალი, კვალიფიციური და სანდო კადრები პოლიტიკაში.

2 ოქტომბერს ამომრჩეველი 64 ქალაქის მერს და ამდენივე საკრებულოს ჯამში 2 068 წევრს აირჩევს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით. პარტიების წარდგენილ კანდიდატებს შორის კვლავ თვალშისაცემია ქალი პოლიტიკოსების სიმწირე.

ყველაზე დიდი არჩევანი და კონკურენცია თბილისშია. მერობის მსურველთა სია ასე დედაქალაქში ასე გამოიყურება:

ქართული ოცნება: კახა კალაძე

ენმ, ევროპული საქართველო, დროა, გირჩი - მეტი თავისუფლება: ნიკა მელია

საქართველოსთვის: გიორგი გახარია

ლელო: ანა ბიბილაშვილი

ხალხისთვის: ანა დოლიძე

პატრიოტთა ალიანსი: გიორგი ლომია

ლეიბორისტული პარტია: მიხეილ ქუმსიშვილი

მესამე ძალა: თამარ კეკენაძე

რეგიონებში მმართველ პარტიას ძირითადად ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები უპირისპირდებიან. "პატარა პარტიების" უმეტესობას რეგიონებში მერობის კანდიდატები შეზღუდული რაოდენობით ჰყავს წარდგენილი.

  • ევროპულმა საქართველომ 11 მუნიციპალიტეტში წარადგინა მერობის კანდიდატი, რომელთაგან სხვა პარტიებთან შეთანხმებულია 2 [ხონის და თერჯოლის]. თავის მხრივ პარტია 16 საარჩევნო ოლქში მხარს უჭერს სხვა პარტიებთან შეთანხმებულ კანდიდატებს.
  • ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარდგენილი ჰყავს კანდიდატი 54 ქალაქში. ამავე დროს პარტია მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატებს ლაგოდეხში, თერჯოლასა და ჭიათურაში და ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს ლანჩხუთსა და ხონში.
  • ლელოს ამ დროისთვის წარდგენილი ჰყავს თბილისის, საგარეჯოს და ახალციხის მერების კანდიდატები. ასევე საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები თბილისში და პარტიული სია აჭარის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს დეპუტატებისთვის. ბათუმში სიის პირველი ნომერი ირაკლი კუპრაძეა, რომელიც 2020 წლის არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს ამავე ქალაქში.
  • 40-მდე ქალაქში წარადგინა მერობის კანდიდატი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, რომელიც კენჭს თავადაც იყრის თბილისის მერობის კანიდიდატად.
  • მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატების უმრავლესობა მოქმედი საჯარო მოსამსახურეა. ზოგი მშობლიურ მუნიციპალიტეტში მეორედ ან სულაც მესამე ვადით იყრის კენჭს. კანდიდატებს შორის მრავლად არიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები. 2 ოქტომბერს დანიშნული არჩევნებისთვის კანდიდატის შეცვლა მოუწია “ქართულ ოცნებას” ყაზბეგის მუნიციპალიტეტში - შალვა ელოშვილი, რომელიც პირველად დასახელდა მერობის კანდიდატად, ბაკურ ავსაჯანიშვილმა მას შემდეგ ჩაანაცვლა, რაც ელოშვილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

საქართველოს 63 ქალაქში მერობის კანდიდატების მსურველთა სია რეგიონების მიხედვით ასეთია:

აჭარა

ქვემო ქართლი

შიდა ქართლი

კახეთი

იმერეთი

სამეგრელო - ზემო-სვანეთი

სამცხე-ჯავახეთი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

მცხეთა-მთიანეთი

გურია

აჭარა

„ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის მერობის კანდიდატად დაასახელა ბათუმის მერობის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი, რომელიც ამ პოსტს 2019 წლიდან იკავებს, მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა ბათუმის არჩეულმა მერმა ლაშა კომახიძემ. არჩილ ჩიქოვანის კონკურენტები ბათუმის მერის პოსტზე არიან აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი კირთაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, გიორგი ფუტკარაძე პარტიიდან "გირჩი - მეტი თავისუფლება" და ირაკლი მიქელაძე პარტიიდან “საქართველოსთვის”.

ხულოში მმართველი პარტიიდან კენჭს იყრის მოქმედი მერი ვახტანგ ბერიძე. ადგილობრივ ხელისუფლებაში მუშაობის დაწყებამდე ის დაახლოებით 20 წლის განმავლობაში საქმიანობდა შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტში. ვახტანგ ბერიძის კონკურენტები არიან გოგიტა სოლომონიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” და გია აბულაძე პარტიიდან “საქართველოსთვის”.

შუახევშიც მერის მოვალეობის შემსრულებელი, ომარ ტაკიძეა მერობის კანდიდატი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მისი კონკურენტი რომან ზოიძეა, გიორგი გახარიას პარტიიდან შალვა გოგიტიძე. შალვა გოგიტიძე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასლან აბაშიძის მმართველობის დროს იკავებდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობას. რომან ზოიძე ბათუმის საკრებულოს წევრია.

ქედაში “ქართული ოცნების” სახელით მერობისთვის იბრძოლებს როლანდ ბერიძე, მერის პირველი მოადგილე. მისი კონკურენტები იქნებიან რამინ ბერიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ელგუჯა ნაკაშიძე პარტიიდან “საქართველოსთვის.” ნაკაშიძე აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგურის ყოფილი დირექტორია, რამინ ბერიძე ქედას საკრებულოს წევრი.

ქობულეთშიც მერის პირველი მოადგილე, ლევან ზოიძე შეეცდება გახდეს ქალაქის მერი მმართველი პარტიიდან. მასთან ერთად ამ პოზიციისთვის გამარჯვებას ეცდებიან ბონდო თედორაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ირაკლი ბერიძე პარტიიდან “საქართველოსთვის.”

ხელვაჩაურის მერობა ქართული ოცნებიდან ზაზა დიასამიძეს სურს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მიშა ბოლქვაძეს, პარტიიდან “საქართველოსთვის” ჯუმბერ ბერიძეს. ამ უკანასკნელს წლების განმავლობაში ეკავა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა.

სასულიერო პირები აქტიურად ესწრებიან მმართველი პარტიის მიერ კანდიდატების წარდგენას და მოსახლეობასთან შეხვედრებს
სასულიერო პირები აქტიურად ესწრებიან მმართველი პარტიის მიერ კანდიდატების წარდგენას და მოსახლეობასთან შეხვედრებს

ქვემო ქართლი

„ქართული ოცნების“ მიერ ქვემო ქართლის შვიდ მუნიციპალიტეტში წარდგენილი მერობის კანდიდატებიდან ორი მოქმედი მერია, ერთი - პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ერთიც - ყოფილი პოლიციელი, სამი კი - მერის მოადგილე. ოპოზიცის კანდიდატებიდანაც ერთი მოქმედი მერია, ერთი პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ქვემო ქართლში.

რუსთავის მერობისთვის “ქართული ოცნებიდან” მოქმედი პარლამენტარი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე იბრძოლებს. მისი კონკურენტი ამ არჩევნებშიც, როგორც წინაზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან დავით კირკიტაძე იქნება, ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ამ რეგიონში. დავით კირკიტაძე რამდენიმე პარტიას შორის შეთანხმებული კანდიდატია და მას მხარს უჭერენ ევროპული საქართველო და გირჩი-მეტი თავისუფლებაც. შეთანხმებული კანდიდატი ჰყავს ოპოზიციას რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის - ნინო იმედაშვილი პარტია ლელოს წარმოადგენს.

რუსთავის მერობისთვის იბრძოლებს ბექა ლილუაშვილიც, გიორგი გახარიას გუნდის წევრი პარტიიდან “საქართველოსთვის”.

წალკის მერობა კიდევ ერთი ვადით სურს მოქმედ მერს, ილია საბანაძეს, რომელიც ამ პოსტზე მესამედ იყრის კენჭს. საბანაძის კონკურენტი ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი რუსლან ხუციშვილია.

მოქმდი მერი იბრძოლებს ბოლნისის მერის თანამდებობისთვისაც - დავით შერაზადაშვილი მმართველი პარტიიდან, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვები კორუფციასა და ნეპოტიზმთან მის კავშირებზე. შერაზადაშვილის კონკურენტი ვახტანგ ჩაგელიშვილია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. ვახტანგ ჩაგელიშვილი მეღვინეა.

გარდაბნის მერად მმართველმა პარტიამ მერიის თანამშრომელი, დავით კარგარეთელი დაასახელა. მისი კონკურენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილია, გარდაბნის საკრებულოს წევრი.

დმანისის მერობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” პოლიციის ყოფილი ჩინოსანი, კობა მურადაშვილი დაასახელა. მისი კონკურენტი დმანისის მოქმედი მერი, გიორგი ტატუაშვილია, რომელსაც ოპოზიციის მხარდაჭერა აქვს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობისთვის მმართველი პარტიიდან კენან ომაროვი, რომელიც მერის მოადგილედ დაინიშნა ამ წლის ივლისში. ომაროვის კონკურენტები არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ელდარ მუსტაფაევი და ევროპული საქართველოდან ახმედ იმამკულიევი. მუსტაფაევი მარნეულის საკრებულოს ყოფილი წევრია, იმამკულიევი ამავე საკრებულოს მოქმედი წევრი.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად, მმართველმა პარტიამ ცოტა ხნის წინ, 18 ივნისს, მერის მოადგილედ დანიშნული, გიორგი წიკლაური დაასახელა. წიკლაური 1995 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სისტემაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მისი კონკურენტი ვანო მაღალაშვილია, ევროპული საქართველოდან ნინო დავითაშვილი.

ევროპული საქართველოს კანდიდატების წარდგენა
ევროპული საქართველოს კანდიდატების წარდგენა

შიდა ქართლი

გორის მერობა ოლიმპიურ ჩემპიონს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს სურს - ის მმართველი პარტიის კანდიდატია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მისი კონკურენტი ვასილ მახარაშვილი იქნება, ევროპული საქართველოდან ეთერ ჯალაღონია, პარტიიდან "საქართველოსთვის" კონსტანტინე ანანიაშვილი.

კასპში ამჟამინდელი მერი ვახტანგ მაისურაძე იბრძოლებს კიდევ ერთხელ იბრძოლებს მმართველი პარტიის სახელით მერობისთვის. კასპის მერობა სურთ ასევე ნუგზარ ნონიაშვილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, აკაკი (კახა) გეჯაძეს ევროპული საქართველოდან და გიორგი ბესტავრიშვილს პარტიიდან “საქართველოსთვის.”

ხაშურში „ქართული ოცნებიდან“ ახალი კადრი იბრძოლებს - თენგიზ ჩიტიაშვილი. ის პროკურატურის სისტემიდან ადგილობრივ თვითმმართველობაში გადანაცვლებას გეგმავს. ჩიტიაშვილი წარსულში სიღნაღის პროკურორი იყო. ჩიტიაშვილის კონკურენტები არიან დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით ხაშურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი, იოსებ ბუაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ზვიად ტეფნაძე პარტიიდან “ხალხისთვის”.

ქარელში მმართველ პარტიას ამ არჩევნებშიც ზაზა გულიაშვილი წარმოადგენს. ის შიდა ქართლში ვეტერანი მერია და ქარელის მერის თანამდებობას ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ იკავებს. მისი კონკურენტი ნიკოლოზ ახალკაცი იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. ის ქარელის საკრებულოს წევრია. ქარელის მერობა სურს ასევე ვახტანგ გოგიჩაიშვილს პარტიიდან “საქართველოსთვის.”

გიორგი გახარიამ თავისი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 1 სექტემბერს წარადგინა
გიორგი გახარიამ თავისი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 1 სექტემბერს წარადგინა

კახეთი

„ქართულმა ოცნებამ“ კახეთში კანდიდატად ორი მოქმედი მერი და ექვსი ახალი კანდიდატი წარადგინა. მმართველი პარტიის კანდიდატებს შეთანხმებული კანდიდატები გაუწევენ კონკურენციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. სხვა ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ ლელოს ჰყავს წარდგენილი საგარეჯოში ეკატერინე ქვლივიძე, ყოფილი სამხედრო მფრინავი.

ლაგოდეხის მერობა კიდევ ერთი ვადით სურს მოქმედ მერს, ჯონდო მდივნიშვილს. მისი კონკურენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იქნება.

დედოფლისწყაროს მერობას მესამე ვადით შეეცდება მოქმედი მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი. მისი კონკურენტი თამაზ კოჭლამაზაშვილი იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.

თელავის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ლევან ანდრიაშვილია, რომელიც ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და რუსთავის ცენტრალურ სამმართველოში უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ლევან ანდრიაშვილის მეუღლე თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია. ანდრიაშვილის კონკურენტი გიორგი ბოტკოველია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახეთში და ასევე გიგა ორკოდაშვილი პარტიიდან “საქართველოსთვის.”

ახმეტის მერობა სურს მმართველი პარტიის სახელით ადგილობრივ ბიზნესმენს, ალექს ფიცხელაურს. ფიცხელაური 2014 წელს ახმეტის საკრებულოს წევრი იყო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობიდან“. მისი კონკურენტი ზურაბ ოტიაშვილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. ის დუშეთის საკრებულოს ყოფილი წევრია, 2014 წელს იყო სამართლებრივი დევნის ობიექტი - მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ მისი დაკავება პოლიტიკური დევნის ნაწილი იყო.

ყვარელში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მოქმედი მერის მოადგილე, გივი ზაუტაშვილია. მას კონკურენციას ალექსანდრე მჭედლიშვილი გაუწევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და გიორგი გიგილოშვილი პარტიიდან “საქართველოსთვის”.

გურჯაანში მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატად მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი, ზურაბ უტიაშვილი წარადგინა. ის 2014 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამ სამსახურის კიდევ ერთი ხელმძღვანელი, ავთანდილ თაკალვაძე ოზურგეთში იყრის კენჭს მერობისთვის. ზურაბ უტიაშვილის კონკურენტი გურჯაანში ბიზნესმენი და პოეტი სერგი კაკალაშვილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, რომლის ლექსების პარლამენტის დარბაზში წაკითხული აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

სიღნაღის მერობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან მოქმედი მერის მოადგილე, მალხაზ ბეგიაშვილია - ის საჯარო სამსახურში მუშაობს 1995 წლიდან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბეგიაშვილის კონკურენტი ზაზა პაპუაშვილია.

საგარეჯოს მერობა სურს “ქართული ოცნების” სახელით ბიზნესმენ ავთანდილ გულიკაშვილს. გულიკაშვილი 2012 წლიდან აფინანსებს მმართველ პარტიებს - 2012 წელს მან ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შეწირა 18 000 ლარი, 2017 წელს პარტია “ქართულ ოცნებას” გადაურიცხა 50 000 ლარი, 2018 წელს კი სალომე ზურაბიშილის მხარდასაჭერად გააკეტა 60 000 ლარის შემოწირულება. მისი კონკურენტები დავით ჯავახიშვილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ეკატერინე ქვლივიძე “ლელოდან”.

მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენას რეგიონებში თითქმის სრულად ესწრება პრემიერ-მინისტრი. პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავასთან ერთად თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" მთავარი სახე ირაკლი ღარიბაშვილია
მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენას რეგიონებში თითქმის სრულად ესწრება პრემიერ-მინისტრი. პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავასთან ერთად თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" მთავარი სახე ირაკლი ღარიბაშვილია

იმერეთი

იმერეთის 6 ქალაქში მმართველი პარტიის სახელით მეორედ იყრიან კენჭს მოქმედი მერები, ორ ქალაქში კი ოპოზიციის ნაწილი მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატებს.

ქუთაისში მერობისთვის იბრძოლებს მოქმედი მერი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილი ქართული ოცნებიდან და ხატია დეკანოიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. ის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებული კანდიდატია და მათი მხარდაჭერითაც ისარგებლებს ამ არჩევნებში. ქუთაისის მერობა სურს ასევე გიორგი გოგუაძეს პარტიიდან “საქართველოსთვის.” გოგუაძე არის არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის“ ყოფილი დირექტორი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში.

წყალტუბოს მერობა მმართველი პარტიიდან სურს წყალტუბოს გამგებლის ყოფილ მოადგილეს, გენადი ბალანჩივაძეს. წყალტუბოს მერობა სურს ასევე ზაზა მეტრეველს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და რუსუდან სილაგაძეს პარტიიდან “საქართველოსთვის” .

სამტრედიაში მერობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან დავით ბახტაძეა. ისიც მოქმედი მერის მოადგილეა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მისი კონკურენტი მამუკა ბიბილეიშვილია, ევროპული საქართველოდან ჟუკიანა ფოფხაძე.

ზესტაფონის მერობის კანდიდატი ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი, ვასილ გველესიანია. მისი კონკურენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბაქარ ხიჯაკაძეა, იუსტიციის სამინისტროს დასავლეთის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი. ხიჯაკაძე მუშაობდა ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთის სამმართველოს ხელმძღვანელადაც. ზესტაფონის მერობის კანდიდატია ასევე ლაშა ცხადაძე პარტიიდან “საქართველოსთვის”. ცხადაძე სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელია;

საჩხერის მერობა “ქართული ოცნების” სახელით სურს საჩხრერის საკრებულოს თავმჯდომარეს 2017 წლიდან, ლევან ივანაშვილს. 2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ივანაშვილის ოჯახი საჩხერის სოფელ ჭორვილაში 10-მდე მიწის ნაკვეთს და სახლს ფლობს. ის პროფესიით სამართლამცოდნეა, 2013-14 წლებში იყო ჭორვილის სკოლის დირექტორი, მოგვიანებით - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შტაბის უფროსი; ივანაშვილის გარდა საჩხერის მერობისთვის იბრძვის ირინე გრძელიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.

ბაღდათის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” კახა ენუქიძეა, მოქმედი მერის მოადგილე. ამავე პოსტისთვის იბრძვის გიორგი რობაქიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ლადო ვარძიელი პარტიიდან “საქართველოსთვის.”

ტყიბულის მერობისთვის “ქართული ოცნებიდან” დავით ჩერქეზიშვილი იყრის კენჭს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ ზოსიაშვილი, პარტიიდან “საქართველოსთვის” სანდრო სახვაძე.

ხონის მერობა სურს მოქმედ მერს ლადო ჯურხაძეს მმართველი პარტიიდან და ზურაბ ჯიბუხიას ევროპული საქართველოდან. ჯიბუხია ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებული საერთო კანდიდატია.

ხარაგაულის მერობისთვის “ქართული ოცნებიდან” იბრძოლებს მოქმედი მერი კობა ლურსმანაშვილი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, რომელმაც პარლამენტარის მანდატი მერის თანამდებობაზე კენჭისყრიდან. პარლამენტში მოხვედრამდე ლურსმანაშვილი 2015 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. მისი კონკურენტი დავით მაღლაფერიძეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. ის ხარაგაულის საკრებულოს წევრია. ხარაგაულის მერობისთვის იბრძოლებს კობა ლურსმანაშვილის ყოფილი მრჩეველი სპორტისა და ტურიზმის მიმართულებით, გიორგი გახარიას პარტიის წევრი ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი, რომელიც ყოფილი პრემიერის გუნდს ივლისში შეურთდა. თავრაზაშვილი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ხარაგაულის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს, მსჯავრდებული იყო თაღლითობისა და ქრთამის მიცემაში წაქეზებისთვის. ის სასჯელს 2007-2012 წლებში იხდიდა - თავად თვლის, რომ ციხეში ცრუ ბრალდების გამო მოხვდა.

"ქართული ოცნების" კანდიდატის წარდგენა ხარაგაულში
"ქართული ოცნების" კანდიდატის წარდგენა ხარაგაულში

მოქმედი მერი ეცდება კიდევ ერთხელ გახდეს ქალაქის მმართველი ვანშიც - პროფესიით ეკონომისტი ალექსანდრე გოგორიშვილი არჩევნებში “ქართული ოცნების” სახელით იღებს მონაწილეობას. მისი კონკურენტი ბადრი მებურიშვილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. ის ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელია.

თერჯოლაში მოქმედ მერს მმართველი პარტიიდან ევროპული საქართველოს კანდიდატი გაუწევს კონკურენციას. ლაშა გოგიაშვილი “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს, ევროპული საქართველოს კანდიდატი ზურაბ ბუცხრიკიძეა.

მოქმედი მერი წარადგინა მმართველმა პარტიამ ჭიათურაშიც. გივი მოდებაძის კონკურენტი დამოუკიდებელი კანდიდატი ნოდარ ჩაჩანიძე იქნება ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით.

სამეგრელო-ზემო სვანეთი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დასახელებული კანდიდატებიდან უმრავლესობა მოქმედი თანამდებობის პირია სამეგრელო-ზემო სვანეთში, მათ შორის, არიან მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები. ოპოზიციამ მთავარი ფსონი ზუგდიდზე დადო, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა წარადგინა მერობის კანდიდატად.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან მოქმედი მერი კაპიტონ ჟორჟოლიანია. ის ამ თანამდებობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2012 წლიდან იკავებს. ჟორჟოლიანის კონკურენტი დამოუკიდებელი კანდიდატი გიგი გულედანია - მას მხარს ოპოზიციური პარტიები დაუჭერენ. მესტიის მერობისთვის იბრძოლებს მალხაზ უდესიანი - ის გიორგი გახარიას პარტიას წარმოადგენს.

მოქმედი და სტაჟიანი მერი წარადგინა ქართულმა ოცნებამ ჩხოროწყუს მერობის კანდიდატადაც - დათო გაგუა 2012 წლიდან იკავებს ქალაქის მმართველის პოზიციას. ჩხოროწყუს მერობა სურს ასევე ბადრი ქარჩავას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და შენგელი ჯიქიას პარტიიდან “საქართველოსთვის”.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მმართველ პარტიიდან საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მამუკა წოწერიაა. ზუგდიდის მერობისთვის ასევე იბრძვის ანზორ მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და გეგა შენგელია პარტიიდან “საქართველოსთვის.”

წალენჯიხის მერობის კანდიდატია გოგა გულორდავა, მე-9 მოწვევის პარლამენტარი, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი. მას კონკურენციას უწევს გია ხარჩილავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ხვიჩა მებონია პარტიიდან “საქართველოსთვის”.

ფოთის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძეა - გაერთიანებული ოპოზიციის მხარდაჭერილი კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნომრით ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი გიგი უგულავა. Მის წარდგენამდე ფოთის მერის კანდიდატად ნაციონალური მოძრაობა თინა ბოკუჩავას წარდგენას აპირებდა. ფოთის მერობა სურს ასევე გიორგი აბსარიძეს პარტიიდან “საქართველოსთვის”.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ფოთში გიგი უგულავას წარდგენისას
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ფოთში გიგი უგულავას წარდგენისას

მარტვილში მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, თორნიკე ჯანაშია შეეცდება გახდეს ქალაქის მერი. მისი კონკურენტები არიან თემურ ჯანაშია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ლაშა ლეკიშვილი პარტიიდან “საქართველოსთვის.”

სამცხე-ჯავახეთი

ახალციხის მერობისთვის მმართველი პარტიიდან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ლაზარაშვილი იბრძოლებს. ახალციხის მერობა ასევე სურს დავით ბალიაშვილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ზურაბ სადათიერაშვილს ევროპული საქართველოდან.

ასპინძის მერის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მოქმედი მერი როსტომ მაგრაქველიძე წარადგინა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გიორგი გიორგაძე. როსტომ მაგრაქველიძე მერობამდე N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო.

“ქართული ოცნებიდან” ნინოწმინდაშიც მოქმედი მერი ანივარდ მოსოიანი იყრის კენჭს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მისი კონკურენტი ავაკ ბდოიანია. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, მოსოიანის მერობის დროს, მერია პარლამენტის ყოფილი წევრის, ენზელ მკოიანის კომპანიისგან საწვავს საბაზრო ფასზე ძვირად ყიდულობდა.

ახალქალაქის მერობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი მელქონ მაკარიანია. ახალქალაქის მერობა ასევე სურს მელიქ რაისიანს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, არსენ კარაპეტიანს ევროპული საქართველოდან და მანუჩარ ჩაჩანიძეს ლელოდან.

ადიგენში ქართული ოცნების სახელით კენჭს იყრის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, 1960 წლის 1 იანვარს დაბადებული გოჩა ქიმაძე. ადიგენის მერობისთვის იბრძოლებს მარეხ დათაშვილიც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.

საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, ოთარ არბოლიშვილი იბრძოლებს ქართული ოცნების სახელით ბორჯომის მერობისთვის. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბორჯომის მერობის კანდიდატად გივი ჯოლბორდი წარადგინა. მას ევროპული საქართველოც უჭერს მხარს.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

ამბროლაურში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ლაშა ჭიჭინაძეა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი. ამბროლაურის მერობა სურს ასევე მაია კაციტაძეს ევროპული საქართველოდან. მას ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც უჭერს მხარს. ამბროლაურის მერობისთვის იბრძვის ასევე ფარნაოზ ბაკურაძე პარტიიდან “საქართველოსთვის”.

ონში ქართული ოცნების სახელით კენჭს იყრის სერგო ხიდაშელი, მოქმედი მერის მოადგილე. მას სამართდამცავ უწყებაში მუშაობის ხანგრლივი სტაჟი აქვს, მერoს მოადგილედ გახდომამდე კი სუს-ში მუშაობდა. ონის მერობისთვის იბრძვის ვაჟა ცეცაძეც ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. ცეცაძე არის თავმჯდომარე ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციისა „ძლიერი ერთიანი საქართველო.“ ონის მერობის კანდიდატად წარდგენილია ასევე იმედა მეშვილდიშვილი - ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრია.

ცაგერის მერობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” ფეხბურთელი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე წარადგინა. მან პოლიტიკური კარიერა ჯერ კიდევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაიწყო - ნემსაძე 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ენმ-დან თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ნემსაძესთან ერთად ცაგერის მერობისთვის იბრძვის მადონა ბენდელიანი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ბესარიონ ბენდელიანი პარტიიდან “საქართველოსთვის”.

ლენტეხში მმართველი პარტიის - მერობის კანდიდატი გიორგი ონიანია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი. ლენტეხის მერობა სურს ასევე ჯამლათ გვიდიანს პარტიიდან “საქართველოსთვის”

სასულიერო პირები ჩანან გიორგი გახარიას წინასაარჩევნო შეხვედრებშიც
სასულიერო პირები ჩანან გიორგი გახარიას წინასაარჩევნო შეხვედრებშიც

მცხეთა-მთიანეთი

მცხეთაში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი დიმიტრი ზურაბიშვილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი; იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2003 წლიდან მუშაობს. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი. მცხეთის მერად კენჭს იყრის ზაალ უდუმაშვილიც. ყოფილი ტელეწამყვანი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს. მცხეთის მერობა სურს ასევე პარლამენტარს, ანა ბუჩუკურს - ის წარმოადგენს პარტიას “საქართველოსთვის.”

დუშეთის მერობა მმართველი პარტიიდან სურს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს, მანანა ნარიმანიძეს. მისი კონკურენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან კირკველიშვილია.

თიანეთში მმართველი პარტიიდან კენჭს იყრის ლევან წიკლაური, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ილია არჩემაშვილი, პარტიიდან “საქართველოსთვის” თამაზ იარაჯული.

ყაზბეგში ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად შალვა ელოშვილი წარადგინა მერობის კანდიდატად - ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეა. რამდენიმე კვირაში ელოშვილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და ახლა ყაზბეგის მერობისთვის ბაკურ ავსაჯანიშვილი იბრძვის. ის მცხეთა–მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო ბოლო წლებში. მისი კონკურენტები არიან იმედა შიოლაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და გიორგი გომიაშვილი პარტიიდან “საქართველოსთვის.”

გურია

ოზურგეთში კენჭს იყრის საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე. მან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის პოსტი, ხუთწლიანი საქმიანობის შემდეგ, 2020-ის ნოემბერში საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ავთანდილ თაკალვაძე ამ პოსტზე მუშაობისას კურირებდა 20 ივნისს დაშავებულების მკურნალობის პროცესსაც, რომელიც ამ დრომდე ხარვეზებით მიმდინარეობს. თალაკვაძის გარდა ოზურგეთის მერობისთვის იბრძვიან ირაკლი ღლონტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და გია ცეცხლაძე პარტიიდან “საქართველოსთვის.”

ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან მოქმედი მერი ალექსანდრე სარიშვილია. ოპოზიცია ლანჩხუთში დამოუკიდებელ კანდიდატს, უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას უჭერს მხარს. ელგუჯა კალანდარიშვილი იქნება ლანჩხუთის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი პარტიიდან “საქართველოსთვის.”

ჩოხატაურში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით შარაშენიძე. ჩოხატაურის მერობა სურს პაატა ბერიშვილსაც პარტიიდან “საქართველოსთვის.”

გირჩი - მეტი თავისუფლების რეგიონული ოფისის გახსნა გურიაში
გირჩი - მეტი თავისუფლების რეგიონული ოფისის გახსნა გურიაში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG