Accessibility links

site logo site logo

თქვა თუ არა საქართველომ AstraZeneca-ს ნაჩუქარ ვაქცინებზე უარი - ღარიბაშვილი ბრალდებას პასუხობს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არ არის საინტერესო და პრობლემური საკითხი საქართველოს მხრიდან AstraZeneca-ს ნაჩუქარ ვაქცინებზე უარის თქმა. ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც "ევროპული საქართველოს" დეპუტატის, გიორგი კანდელაკის გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა.

"რატომ არის ეგ საინტერესო და რატომ არის ეგ პრობლემური. საქართველომ და ჩვენ შემოვიტანეთ საკმარისზე მეტი ვაქცინები, ყველანაირი ვაქცინები გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით "პფაიზერი" მილიონი დოზა გვაქვს კიდევ, "სინოვაკი", "სინოფარმი" - "სინოფარმის" 1 მლნ მაქვს შეკვეთილი და ვმუშაობთ, 2 მლნ "პფაიზერზე". "ასტრაზენეკა" შემოვიტანეთ, მაგრამ როგორც მეუბნებიან ჩვენი ექიმები და ეპიდემიოლოგები, ნაკლებად პრიორიტეტული იყო... ქვეყანაში რომ არ იყოს ვაქცინები და ჩვენ მაშინ გვეთქვა უარი, ეს იქნებოდა პირდაპირ დანაშაული... ჩვენი სუვერენული არჩევანი, ჩვენს მოსახლეობას რაც უნდა, რა ვაქცინებიც უნდა, ის ვაქცინები უნდა შემოვიტანოთ", - თქვა პრემიერმა.

გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, საქართველომ ლატვიას 50 ათას ერთეულ "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ 5 ივლისს დედაქალაქში მომხდარი ძალადობის გამო ღარიბაშვილს უარი უთხრეს ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე.

"ლატვიიდან უარყოფა ხარისხიანი ვაქცინების ჩუქებაზე არის, რბილად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლო საქციელი, რომელმაც თავისი ცუდი გაგებით წვლილი შეიტანა ვითარების გაუარესებაში, რომლის ერთ-ერთი, არა ერთადერთი მაგალითი არის განსხვავებით უამრავი ევროპის სახელმწიფოსა, სადაც სწავლა დაიწყო ჩვეულებრივ საკლასო ოთახებში, ჩვენთან სამწუხაროდ არ იწყება, რაც უდიდესი პრობლემების მომტანია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის", - განაცხადა კანდელაკმა.

ლატვიის საელჩო საქართველოში არ ფლობს ინფორმაციას ასტრაზენეკას სხვა დოზების თაობაზე, გარდა იმისა, რაც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩუსმა ახსენა ივლისში. ლატვიის მთავრობა გეგმავდა, ვაქცინების მიწოდებას საქართველოს, მოლდოვის, ალბანეთის, კენიისა და მონტენეგროსთვის. საუბარი იყო საქართველოსთვის 15 ათასი დოზა ასტრაზენეკას გამოდმოცემაზე. როგორ რადიო თავისუფლებას განუმარტეს ლატვიის საელჩოში, ეს დოზები საქართველოში ჯერჯერობით არ შემოსულა.

​"ასტრაზენეკას" ვაქცინა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც საქართველოში მოქალაქეთა ასაცრელად შემოვიდა. მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ ის იყო მაღალი ხარისხის ვაქცინა. დღეს ამ ვაქცინით აცრა 45 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეუძლიათ.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG