Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო რიჟამაძე: სამსახურიდან სავარაუდო უკანონოდ გათავისუფლება დამახასიათებელია მიმდინარე საარჩევნო კამპანიისთვის


ნინო რიჟამაძე
ნინო რიჟამაძე

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტის, სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამის ხელმძღვანელის, ნინო რიჟამაძის განცხადებით, მიმდინარე საარჩევნო კამპანია გამორჩეულია სამსახურიდან სავარაუდო უკანონოდ გათავისუფლების ტენდენციისა და ფაქტების სიმრავლით. რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ ნინო რიჟამაძემ აღნიშნა, რომ ეს ტენდენცია ასეთი თვალშისაცემი არ ყოფილა წინა არჩევნების, იგივე საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნების დროს.

ნინო რიჟამაძემ გადაცემაში გამოთქვა მოსაზრება, რომ დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლება წინასაარჩევნოდ სავარაუდოდ პოლიტიკური ველის ცვლილებასთან და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ გამოჩენასთან არის დაკავშირებული:

„მმართველი პარტიის ყოფილი წევრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალი პოლიტიკური ძალით მონაწილეობს არჩევნებში და ძირითადად ვხედავთ ჩვენ რომ მისი მხარდამჭერები არიან ის ადამიანები, ვინც სამსახურიდან გათავისუფლების მსხვერპლნი გახდნენ. როდესაც გათავისუფლებას ეხება საქმე, პირველ რიგში არის მცდელობა, რომ ადამიანებს მოსთხოვონ საკუთარი ნებით დაწერონ განცხადება და წავიდნენ მაშინ, როდესაც მათ ამისი სურვილი და განზრახვა არ აქვთ და იმ შემთხვევაში თუ ადამიანები არ დაემორჩილებიან ამ ზეწოლას, მაშინ უკვე მიმდინარეობს და იწყება დისციპლინური წარმოება ან თავისუფლდებიან სხვადასხვა მიზეზით“, - განაცხადა ნინო რიჟამაძემ „საღამოს საუბრებში“.

მან ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ, ურჩია მოთხოვნის მიუხედავად არ დაწერონ განცხადებები საკუთარი ნებით სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით:

„იმ შემთხვევაში თუ მაინც იქნება მიღებული ამგვარი გადაწყვეტილება [გათავისუფლების], შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოს მოუწევს სასამართლოში მტკიცება იმის, რომ მისი გადაწყვეტილება იყო კანონიერი და თუ ეს გადაწყვეტილება არ არის კანონიერი, ის სასამართლოს წინაშე ამას ვერ დაამტკიცებს. ამიტომ მოგვმართონ ჩვენ და მაქსიმალურად შევეცდებით დავიცვათ მათი ინტერესები“, - აღნიშნა ნინო რიჟამაძემ. „საღამოს საუბრებში“ მან თქვა, რომ „სამართლიანი არჩევნებს“ ამ დროისათვის აქვს 15 მიმდინარე საქმე, რომელიც უკავშირდება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევებს.

საქმეების შესახებ საუბარია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის პირველ ანგარიშში, რომელიც 1 აგვისტოს გამოქვეყნდა.

წინასაარჩევნო პერიოდში სამსახურიდან ათობით პირის დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო შესაძლო გათავისუფლების შესახებ 1 სექტემბერს განცხადა სახალხო დამცველის აპარატმაც. ომბუდსმენის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, 62 დასაქმებულის მიმართ განხორციელდა სხვადასხვა სახის ზეწოლა. ამ პირთა უმრავლესობამ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ზეწოლისა და სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG