Accessibility links

site logo site logo

თალიბანი: ავღანეთის აღმშენებლობაში "მთავარი პარტნიორი" ჩინეთი იქნება


თალიბანი აცხადებს, რომ ჩინეთი შეინარჩუნებს დიპლომატიურ კავშირებს ავღანეთთან და ქაბულის ახალი მმართველები პეკინს დაეყრდნობიან ეკონომიკური დახმარებისთვის, მას შემდეგ, რაც ავღანეთი დატოვეს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო ძალებმა.

თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა იტალიის გაზეთ La Repubblica-ს 2 სექტემბერს უთხრა, რომ ჩინეთი ჯგუფის "მთავარი პარტნიორია" ეკონომიკის კოლაფსის შეჩერების და ქვეყნის აღმშენებლობის თვალსაზრისით.

მას შემდეგ, რაც 15 აგვისტოს თალიბანმა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა დაამხო, ჯგუფი პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის უწინდელი პერიოდისგან, 1996-2001 წლებისგან განსხვავებით, ახლა უფრო ზომიერი იქნება, დაიცავს ადამიანის გარკვეულ უფლებებს და თავს შეიკავებს ძველ მტრებზე შურისძიებისგან.

აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ავღანეთში თავ-თავიანთი დიპლომატიური მისიები დახურეს და აცხადებენ, რომ თალიბანის მთავრობის აღიარება - ისევე, როგორც ეკონომიკური მხარდაჭერა, რომელსაც წინა მთავრობას უწევდნენ - ჯგუფის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა ჩინეთი, სავარაუდოდ, დახმარებას და პოლიტიკურ ურთიერთობას არ დაუკავშირებს ადამიანის უფლებების საკითხებს.

"ჩინეთი ჩვენი მთავარი პარტნიორია და ჩვენთვის წარმოადგენს ფუნდამენტურ და არაორდინარულ შესაძლებლობას, რადგან მზად არის ინვესტიციები განახორციელოს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის", - უთხრა მუჯაჰიდმა La Repubblica-ს.

სააგენტო როიტერსი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავღანეთის ახალ მთავრობას, რომლის შემადგენლობაც მომავალ დღეებში უნდა გამოცხადდეს, უხელმძღვანელებს თალიბანის თანადამაარსებელი და პოლიტიკური ხელმძღვანელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი - რომელსაც შედარებით ზომიერი შეხედულებებით იცნობენ მკაცრი ისლამისტური ჯგუფის რიგებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG