Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი: "გლდანის ციხეში", სადაც ჯალათები იყვნენ, ახლა პატიმრებს ჟოლო მოჰყავთ


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხონის მერობის კანდიდატის წარდგენის დროს საქართველოს ციხეებში პატიმრების პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა. მან მოქმედი ხელისუფლება წინა ხელისუფლებას შეადარა.

"ციხეებში ისეთი მდგომარეობა იყო, გაუსაძლისი. ეს ჩვენ კარგად ვიცით, მთელმა მსოფლიომ ნახა. ციხის საკანში, 20 კვადრატულში 30-ზე მეტი პატიმარი იყო გამომწყვდეული, ასეთ არაადამიანურ პირობებს ემატებოდა მათი ყოველდღიური ცემა, ჩაგვრა, გაუპატიურება და ათასი უბედურება, რომელიც ხდებოდა ჩვენს საპატიმროებში.

დღეს რადიკალურად არის შეცვლილი ვითარება. ცნობილი "გლდანის ციხე", რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ადამიანების წამება და გაუპატიურება ხდებოდა დღეს, პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო. იქვე, ციხის ტერიტორიაზე. მცირე მეწარმეობა მოვაწყობინეთ, დავეხმარეთ და ასე ჩავრთეთ და ხელს ვუწყობთ მათ რესოციალიზაციას. ეს არის ჩვენი ხელწერა", - თქვა პრემიერმა.

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ პენიტენციურ სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პატიმრების რესოციალიზაციის აღნიშნული პროექტი 2019 წლიდან საფრანგეთის სავაჭრო პალატის ხელშეწყობით დაიწყო.

ფაქტებზე ინფორმაცია, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე გავრცელდა. ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატიმრებს არაადამიანურად ექცეოდნენ. გავრცელებული კადრების შემდეგ თბილისში მასშტაბური აქციები დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG