Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ვიცე-პრემიერი: აშშ ერთვება უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარებაში


უკრაინის ვიცე-პრემიერი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი, ოლგა სტეფანიშინა
უკრაინის ვიცე-პრემიერი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი, ოლგა სტეფანიშინა

უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების განხილვა მოხდება არა მხოლოდ „ნორმანდიის ფორმატში“, არამედ მასში აშშ ჩაერთვება. ამის თაობაზე განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრმა, ოლგა სტეფანიშინამ, რომლის სიტყვებით, ვაშინგტონი ჩაერთო მოგვარებაში ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ.

აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს 1 სექტემბერს შეხვდნენ და, სხვათა შორის, განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, „რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მოქმედება“.

ზელენსკიმ ითხოვა დაკავებულებისა და დაპატიმრებულების გათავისუფლება ყირიმსა და უკრაინის თვითგამოცხადებულ რეგიონებში, ასევე რუსეთში. ზელენსკის მიერ ვაშინგტონისთვის გადაცემულ სიაში 450 პირია.

დონბასში კონფლიქტი დაიწყო 2014 წელს, როცა ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქების ნაწილი კიევის კონტროლიდან გამოვიდა. კონფლიქტის მსხვერპლი გახდა 13 ათასი ადამიანი. მილიონ-ნახევარმა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა საცხოვრებელი ადგილი.

რეგიონში კონფლიქტის მოგვარებით დაკავებულია სამმხრივი ჯგუფი უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს მონაწილეობით.

კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების გზების ძებნით დაკავებულია „ნორმანდიის ოთხეული“, რომელშიც გერმანია, რუსეთი, უკრაინა და საფრანგეთი შედიან.

უკრაინა და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერაში, რასაც მოსკოვი უარყოფს.

XS
SM
MD
LG