Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყურადღება, სახიფათო მონაკვეთი!" - შიდა ქართლში ახალი საოკუპაციო ბანერი დადგეს


ანტისაოკუპაციო მოძრაობამ "ძალა ერთობაშია" შიდა ქართლში, სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ბანერი აღმოაჩინა, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაამონტაჟეს. ეს ბანერი ცენტრალური ავტომაგისტრალიდან დაახლოებით ერთი კილომეტრით არის დაშორებული და წინა პერიოდში დამონტაჟებული ბანერებისგან განსხვავდება.

მინდორში დამონტაჟებულ ბანერს აწერია: „ყურადღება! სახიფათო მონაკვეთი!“

„დღეს ვაგრძელებთ ჩვენს პატრულირებას ხურვალეთის მიმდებარედ და ვიპოვეთ მინი ბანერი, რომლის მაგვარიც დღემდე არ გვინახავს არსად ამ 4 წლის განმავლობაში“, - წერია ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ფეისბუკპოსტში.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა შესაბამის ვიდეომასალასაც ავრცელებს.

„ეს მინი ბანერი პირდაპირ უყურებს ავტობანს, რას ნიშნავს "სახიფათო მონაკვეთი", ჩვენთვის არ არის მკაფიოდ გასაგები, შესაძლოა დანაღმეს ორკებმა ტერიტორია?.. დიდი იმედი არ მაქვს ამ ხელისუფლების, მაგრამ იმედია, ცხელ ხაზს მაინც გააქტიურებთ და გაარკვევთ, რას ნიშნავს "სახიფათო მონაკვეთი" და რით შეიძლება ეს ემუქრებოდეს ადგილობრივ მოსახლეობას“, - აცხადებს დავით ქაცარავა.

ავტობანის სიახლოვეს განთავსებული ახალი ბანერის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, თუმცა მასში არ არის დაკონკრეტებული, რას ნიშნავს „სახიფათო მონაკვეთი“. უწყება ადასტურებს ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ე.წ. გამაფრთხილებელი ბანერის აღმართვის ფაქტს.

"2008 წლიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებენ უკანონო აქტივობებს, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, სამხედრო ინფრასტრუქტურის უკანონო მოწყობას და ა.შ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფიქსირებს საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს, თითოეულ მათგანზე აქტიურდება ცხელი ხაზი და ინფორმაცია რეალურ დროში მიეწოდება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მსგავსი უკანონო აქტივობები ასევე განიხილება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG