Accessibility links

site logo site logo

სერგეი შამბა: "სირია ჩვენთვის წმინდა მიწაა"


გაზეთმა „აფხაზეთის რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა ინტერვიუ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივან, სერგეი შამბასთან, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ ილაპარაკა. „ვითარება შეიცვალა“, - ამბობს აფხაზი პოლიტიკოსი და დასძენს:

”ადრე, მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობდა გაეროს ეგიდით, მასში მონაწილეობდნენ დიდი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ყველაფერი შეიცვალა რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ. რა თქმა უნდა, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს მიღწევები. ბოლო მათგანი - სირიის მიერ ჩვენი სახელმწიფოს აღიარება. ჩვენთვის სირია წმინდა მიწაა. იმიტომ, რომ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურთა პირველი აღიარება და ხელდასხმა იქ მოხდა,“

სერგეი შამბას თქმით, საერთაშორისო აღიარების მიმართულებით შემდგომი მუშაობა მოითხოვს დამატებით ფინანსურ რესურსებს:

”რუსეთის მიერ აღიარებამ შესაძლებელი გახადა საკითხების მოგვარება ორი მთავარი მიმართულებით - უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება. აფხაზეთს, ისევე როგორც ნებისმიერ პატარა სახელმწიფოს, სჭირდება სანდო მოკავშირე. რუსეთი არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი და ბირთვული ძალა.“

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ ჟენევის შეხვედრები დღეისათვის საერთაშორისო დონეზე არსებული ერთადერთი პლატფორმაა და ის უნდა იყოს დაცული, თუმცა, მისივე თქმით, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი პლატფორმები და არხები, მით უკეთესი.

რას ფიქრობს სერგეი შამბა გავრცელებულ აზრზე, რომ რუსი დიპლომატები მოითხოვენ ამა თუ იმ სახელმწიფოსგან აფხაზეთის აღიარებას და ამის გამო ეს სახელმწიფოები სანაცვლოდ იღებენ გარკვეულ დივიდენდებს. და თუ ეს ასეა, იკითხეს აფხაზმა ჟურნალისტებმა, რატომ არ ცნობს აფხაზეთს ბელორუსი და ყაზახეთი? რატომ არ მუშაობენ თავად აფხაზი დიპლომატები ამ მიმართულებით?

სერგეი შამბას თქმით, აფხაზი დიპლომატები მუშაობენ ამ მიმართულებით, რისი მაგალითიც ნიკარაგუის მიერ აფხაზეთის აღიარებაა.

„როდესაც აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მაქსიმ გვინდაჯია ეწვია ნიკარაგუასა და ვენესუელას, ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა უთხრა, რომ ის მოსკოვში, სადაც მისი ვიზიტი იყო დაგეგმილი, გამოაცხადებდა ჩვენი ქვეყნის აღიარებას და მან ეს მართლა გააკეთა. ამის შესახებ რუსეთმა წინასწარ არაფერი იცოდა. რუსეთი ყოველთვის მხარს გვიჭერს ტექნიკური და დიპლომატიური კუთხით. ჩვენი აღიარების გამო რამე სახის წახალისებაზე საუბარიც კი არ შეიძლება “, - განაცხადა სერგეი შამბამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG