Accessibility links

site logo site logo

ლანა გალდავა: „ღარიბაშვილს გზების სტატისტიკას უმალავენ“


„ლელოს” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა მთავრობის მიერ დამტკიცებული გზების სტატისტიკას აქვეყნებს და პრემიერ-მინისტრს გაკეთებული განცხადების არაზუსტი ფორმულირებისკენ მიუთითებს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის 1 595 კმ, ხოლო შიდა სახელმწიფოებრივი 5 372 კმ, ჯამში - 6 967 კმ - ასე გამოიყურება მთავრობის მიერ დამტკიცებული გზების სტატისტიკა. სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილს მისი თანაშემწე უმალავს ამ ინფორმაციას და სწორედ ამიტომაც, 2 დღის წინ ამტკიცებდა, რომ 7 000 კმ გზის რეაბილიტაცია მოხდა "ქართული ოცნების" მმართველობის დროს, დღეს კი ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი 10 000-ს სცდება, არადა, მე პირდაპირ ვეტყოდი და არ დავუმალავდი”, - აღნიშნა ლანა გალდავამ.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ შეუძლია ირაკლი ღარიბაშვილს იმ საგზაო მონაკვეთების სია მიაწოდოს მათივე საარჩევნო დაპირებებიდან, რომელთა აშენება-რეაბილიტაცია დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო და რომელთა დიდი ნაწილი დაწყებულიც კი არ არის.

ირაკლი ღარიბაშვილმა 5 სექტემბერს უპასუხისმგებლო უწოდა იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც, მისი თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს 10 ათას კილომეტრზე მეტი სიგრძის გზის დაგებას.

„ჩვენ ვაშენებთ სკოლებს, ამბულატორიებს, ბაღებს. 170 ახალი სკოლა ავაშენეთ ამ 8 წელიწადში, 250 სკოლის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. ასეულობით ბაღის გარემონტება შევძელით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მოვდიოდით ამ ულამაზეს მხარეში და მართლაც თითქმის ყველა გზა დასრულებულია. გამოდიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენს მიერ 10 ათას კილომეტრზე მეტი გზის დაგებას. მათთვის საკმარისია, იმოგზაურონ რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, სოფლებში და თავად დარწმუნდნენ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ცაგერში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG