Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის სასამართლო მარია კალესნიკავას და მაქსიმ ზნაკის მიმართ განაჩენს გამოიტანს


მარია კალესნიკავა და მაქსიმ ზნაკი
მარია კალესნიკავა და მაქსიმ ზნაკი

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 6 სექტემბერს სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრების, მაქსიმ ზნაკისა და მარია კალესნიკავას მიმართ, რომლებიც გასული წლის 8 სექტემბრიდან იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

დახურულ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 4 აგვისტოს დაიწყო, პროკურატურამ განსასჯელთა მიმართ 12 წლით კოლონიაში პატიმრობა მოითხოვა.

პროკურატურა მათ ადანაშაულებს ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში, საჯარო მოწოდებებში მოქმედებებისკენ, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ იყო მიმართული, და ექსტრემისტული ფორმირების შექმნაში.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანახმად, კალესნიკავასა და ზნაკის პროცესის შესახებ პრაქტიკულად არავის არაფრის თქმა არ შეუძლია, ვინაიდან ყველამ ხელი მოაწერა გაუთქმელობის შესახებ შეთანხმებას. შეუძლებელია გამომძიებელთა ვინაობის, ბრალდების დეტალების, პროკურატურის არგუმენტების გაგება.

აგვისტოს ბოლოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ვიქტარ ბაბარიკას Telegram-ის არხმა დაწერა, რომ განაჩენს 6 სექტემბერს გამოაქვეყნებენ. „ეს დახურული პროცესის ერთადერთი ღია ნაწილია“, ნათქვამია შეტყობინებაში.

მარია კალესნიკავა და მაქსიმ ზნაკი აქტიურ როლს თამაშობდნენ ქუჩის მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც ეწყობოდა შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ალიაქსანდრ ლუკაშენკას ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადების გამო. კალესნიკავა საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პირი გახდა, ის შედიოდა „ქალთა სამეულში“ სვიატლანა ციხანოუსკაიასა და ვერანიკა ციპკალასთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG