Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტრო: გლდანის ციხეში პატიმრები ჟოლოს და "ჩერის" მოსავალს იღებენ


იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის პრესსამსახური იუწყება, რომ მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულები მოსავლის აღებას აგრძელებენ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჟოლოს მოსავლის აღება მას შემდეგ გახდა აქტუალური საკითხი, რაც ამაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა მერობის კანდიდატის წარდგენის დროს ისაუბრა.

"ჟოლოსა და პომიდვრის გაყიდვით მიღებული თანხა მათ ხელფასის სახით დაერიცხებათ. პროდუქტის რეალიზაციას კი იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი რამდენიმე ობიექტში მოახდენს... სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში მონაწილეობა მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ფიზიკური აქტივობა კი მათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება. ამასთან, მსჯავრდებულები სამეურნეო საქმიანობის უნარ-ჩვევებსაც იძენენ", - აღნიშნულია პრესრელიზში.

იუსტიციის სამინისტრო იუწყება, რომ გლდანის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები 2019 წლიდან მონაწილეობენ: თავდაპირველად მათ მცირე ტერიტორიაზე მხოლოდ ჟოლო მოჰყავდათ, წელს კი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები უკვე 9000 კვადრატული მეტრზე მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, მათ 1500 კგ ჟოლო, 2500 კგ წითელი და ყვითელი პომიდორი "ჩერი", 2000 კგ საზამთრო, 1000 კგ გოგრა, 1000 კგ ბულგარული წიწაკა, ბრიუსელის კომბოსტო და მწვანილი, ჯამში, 8 ტონაზე მეტი ხილი და ბოსტნეული მოიყვანეს.

აქვე აღნიშნულია, რომ პროგრამის მხარდამჭერები არიან საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

4 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხონის მერობის კანდიდატის წარდგენის დროს საქართველოს ციხეებში პატიმრების პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა. მან მოქმედი ხელისუფლება წინა ხელისუფლებას შეადარა.

"ციხეებში ისეთი მდგომარეობა იყო, გაუსაძლისი. ეს ჩვენ კარგად ვიცით, მთელმა მსოფლიომ ნახა. ციხის საკანში, 20 კვადრატულში 30-ზე მეტი პატიმარი იყო გამომწყვდეული, ასეთ არაადამიანურ პირობებს ემატებოდა მათი ყოველდღიური ცემა, ჩაგვრა, გაუპატიურება და ათასი უბედურება, რომელიც ხდებოდა ჩვენს საპატიმროებში.

დღეს რადიკალურად არის შეცვლილი ვითარება. ცნობილი "გლდანის ციხე", რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ადამიანების წამება და გაუპატიურება ხდებოდა, დღეს, პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო. იქვე, ციხის ტერიტორიაზე. მცირე მეწარმეობა მოვაწყობინეთ, დავეხმარეთ და ასე ჩავრთეთ და ხელს ვუწყობთ მათ რესოციალიზაციას. ეს არის ჩვენი ხელწერა", - თქვა პრემიერმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG