Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილი შეხვდა აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას


საქართველოში იმყოფება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაცია. მათ ოფიციალურად მასპინძლობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. კონგრესმენები 6 სექტემბერს ღარიბაშვილს შეხვდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

„საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის" თანასპონსორები არიან, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოში ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-სა და სხვა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას, დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისთვის“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

შეხვედრაზე საუბარი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ. გარდა ამისა, ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორად რეგიონში. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ქაბულიდან გადაუდებელი ევაკუაციის პროცესის განხორციელებაში. განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, ასევე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კონგრესმენი ალექს ქსავიერ მუნი ამბობს, რომ პრემიერმა მათ გააცნო ინფორმაცია გადადგმული ნაბიჯების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის, მშვიდობისა და მეზობლების დახმარების კონტექსტში. „ვისაუბრეთ ასევე ეკონომიკური რეფორმების შესახებ. საუბრისას შევეხეთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის, მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხს. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ კარგი მეგობარი გვყავს ამ რეგიონში. საქართველოსთან მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო შეერთებულ შტატებთან მეგობრობა საქართველოს სურს. ეს სრულად გვაქვს გაცნობიერებული და აქ საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშნად ვართ. გვაწუხებს რუსეთიდან მომდინარე აგრესია. საქართველოსთან მუშაობას ვაგრძელებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ აქ მდგომარეობა უსაფრთხო და დაცული იყოს“, - თქვა კონგრესმენმა.

შეხვედრას ესწრებოდა ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ის აღნიშნავს, რომ კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია იმ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რაც რეგიონში მიმდინარეობს.

„ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზავნილი, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოსთან თანამშრომლობას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას. ვიზიტის დროც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, იმ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რაც რეგიონში მიმდინარეობს. აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. აღინიშნა, რომ საქართველო არის აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში და აუცილებელია თანამშრომლობის განვითარება ყველა იმ ძირითადი მიმართულებებით, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, პოლიტიკური სფერო თუ ვაჭრობა და ეკონომიკა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით არსებულ პერსპექტივებს და მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვას საქართველოში. ჩვენი მდგრადობის განვითარებას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმ აგრესიისა და ოკუპაციის ფონზე, რაც დაკავშირებულია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ რწმუნება, რომ აშშ მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას“, - თქვა ზალკალიანმა.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთი ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთი ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). კონგრესმენები კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს წარმოადგენენ.

ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქ. სან-დიეგოში მელორ წიფურია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გიორგი ციკოლია დაესწრნენ.

კონგრესმენები ვიზიტის ფარგლებში წეროვანში მდებარე საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს და მის სარეაბილიტაციო შესაძლებლობებს გაეცნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG