Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ნაცვლიშვილი: ოღონდ მართლმსაჯულებას ნუ შეეხები და „ოცნება“ შეეცდება, ყველაფერში გააკეთოს სანახევრო რეფორმა


ანა ნაცვლიშვილი, საპარლამენტო ფრაქციის "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი
ანა ნაცვლიშვილი, საპარლამენტო ფრაქციის "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ფრაქციის „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ გამოთქვა ვარაუდი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში „ქართული ოცნება“ ალბათ უკან წაიღებს თავის მიერვე ინიცირებულ ჩანაწერს გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით:

„ხვალ იქნება ოფიციალურად სასესიო ფორმატში განხილვა ამ ყველაფრის, თუმცა მე მოკლედ ვიტყვი და შევაჯამებ, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ეს არის ძალიან დიდი თემა და ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის ცხელი კარტოფილი. ოღონდ იქ ნუ მიუშვებ და ყველაფერში შეეცდება გააკეთოს სანახევრო რეფორმა, ოღონდ მართლმსაჯულებას ნუ შეეხები“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა გადაცემაში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვის საკითხზე მსჯელობისას.

„ეს საკონსტიტუციო ცვლილება მიზნად ისახავს იმას, რომ მთავარი პროკურორი არ იყოს ერთპარტიული ნდობით აღჭურვილი ადამიანი, არამედ მრავალპარტიული“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა პატივი უნდა სცენ იმ შეთანხმებებს, რომლებსაც ერთმანეთისა და საზოგადოების წინაშე დებენ.

დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის მხარი დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმ დათქმით, რომ ხვალ, 7 სექტემბერს პლენარულ სხდომაზე გაიმართება მსჯელობა გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვთხოვეთ ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებს, ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული კონტრარგუმენტები წარმოედგინათ. შესაბამისად, საკითხი კანონპროექტში მე-13 პუნქტის დარჩენასთან დაკავშირებით, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს უკავშირდება, პლენარულ სხდომაზე გადაწყდება“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით კი, 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, ის ვალდებულება, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდს ჰქონდა აღებული ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, არ არსებობს და ამიტომ მნიშვნელოვანია რაციონალური არგუმენტები ამა თუ იმ ნორმის შესახებ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმებით, გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევაა გათვალისწინებული. კერძოდ, კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად:

მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელია;

კანონპროექტი ადგენს ასევე მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იან საარჩევნო ბარიერს და მანდატების პროპორციული განაწილების წესს. ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად დეპუტატთა რაოდენობა მცირდება 7-დან 4-მდე.

საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა 16 და 17 აგვისტოს გაიმართა ქუთაისსა და თბილისში.

ცვლილებები მას შემდეგ მომზადდა, რაც 19 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG