Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის მუქარის მიუხედავად, ქალებმა აქცია გამართეს ჩრდილოეთ ავღანეთში


ავღანელი ქალები კიდევ გავიდნენ ქუჩებში და თალიბანის მმართველობის პირობებში თავიანთი უფლებების დაცვა მოითხოვეს, ამჯერად ჩრდილოეთ ავღანეთის ქალაქ მაზარ-ე შარიფში.

ქალების ჯგუფი 6 სექტემბერს ქალაქის ცენტრში შეიკრიბა. როგორც სოციალური მედიით გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით "ქალების უფლებების დარღვევა = ადამიანის უფლებების დარღვევას" და "ჩვენ გვსურს პოლიტიკაში ყველა დონეზე მონაწილეობა".

აქციის ორგანიზატორმა, შაკურიე რაჰიმიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თალიბანის წევრებმა ჟურნალისტებს საშუალება არ მისცეს დემონსტრაცია გაეშუქებინათ და ზოგიერთი მათგანი სცემეს. თვითმხილველების თქმით, თალიბანის წევრები დაემუქრნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებსაც. თავად თალიბანს ამ თემაზე განცხადება არ გაუკეთებია.

ბოლო დღეებში ქალების უფლებების, თანასწორობის, სამართლის და დემოკრატიის დაცვის მოთხოვნით მსგავსი აქციები გაიმართა დედაქალაქ ქაბულში და დასავლეთის ქალაქ ჰერათშიც. 4 სექტემბერს თალიბანის წევრებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს და გაფრთხილების მიზნით ჰაერში ისროლეს ქაბულში გამართულ აქციაზე თავშეყრილი რამდენიმე ათეული ქალის დასაშლელად.

სამი კვირის წინ თალიბანმა კონტროლი დაამყარა ავღანეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე, და ახლა ახალი მთავრობის შემადგენლობა უნდა გამოაცხადოს. ქალები, რომელთა უფლებებიც მკაცრად იზღუდებოდა თალიბანის მმართველობის უწინდელ პერიოდში, 1996-2001 წლებში, სავარაუდოდ წამყვან პოზიციებზე არ იქნებიან.

XS
SM
MD
LG