Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISIS-ის წევრობის ბრალდებით დაკავებულთა ოჯახის წევრებმა დუისში აქცია გამართეს


ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით პანკისის ხეობაში 24 აგვისტოს დაკავებული ადგილობრივების ოჯახის წევრებმა სოფელ დუისის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს და დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვეს. ისინი დაკავებულებს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

„იმისთვის, რომ ხელისუფლებამ რეიტინგი აიმაღლოს, ჩვენი შვილები გამოიყენა. ამბობენ, რომ ტერორისტები დაიჭირეს. ეს ბავშვები, შეიძლება ითქვას, რომ ნახირში გაზრდილები არიან, რომელ ტერორისტობაზეა ლაპარაკი“, - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის მამიდამ, მერი ქავთარაშვილმა.

აქციის მონაწილეებმა დღეს დახმარების თხოვნით დიპლომატიურ კორპუსსაც მიმართეს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.

24 აგვისტოს, პანკისის ხეობის სოფლებში დუისსა და ქორეთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა 5 პირი დააკავა. სუს-ის ვერსიით, დაკავებულთაგან 4 პირი - რამაზ ქავთარაშვილი, ჰამზათ ბაღაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი და მაგამედ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციაში გააწევრიანა მეხუთე დაკავებულმა უსუფ ცათიაშვილმა. როგორც სუს-ი ამბობს, ყველა მათგანი გეგმავდა სირიაში, ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას.

26 აგვისტოს ხუთივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა, მიზეზად კი მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა ქვეყნის ინტერესები და უსაფრთხოება დაასახელა. სხდომას ხუთივე ბრალდებული დაესწრო. ადვოკატებს ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც საქმის მასალების გასაჯაროება აეკრძალათ.

მანამდე, 25 აგვისტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მტკიცებულების სახით გაავრცელა ვიდეომასალა. ძალოვანი უწყება ირწმუნება, რომ პანკისში დაკავებულები ერთგულების დასამტკიცებლად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის სახელზე ფიცს დებენ. იმავე ვიდეომასალაში ჩანს, რომ ახალგაზრდები ქუჩაში გადაადგილებიან ტერორისტული სიმბოლიკით. სუს-ის მიერ ასევე გავრცელდა ფარული სატელეფონო აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, ამჟამად დაკავებულები ლაპარაკობენ ერთ-ერთი კორპუსის აფეთქების სცენარზე.

რადიო თავისუფლება სოფელ ქორეთში დაკავებული ერთ-ერთი პირის, რამაზ ქავთარაშვილის ძმას, ჰამზათ ქავთარაშვილს ესაუბრა. ის კატეგორიულად უარყოფს ძმის კავშირს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. მისი ინფორმაციით, სუს-ის ვიდეოში მისი ძმა არაბულად ლაპარაკობს, თუმცა ირწმუნება, რომ დაკავებულმა არაბული საერთოდ არ იცის.

პანკისში დაკავებულთაგან 4 პირის - რამაზ ქავთარაშვილის, ჰამზათ ბაღაკაშვილის, რამაზ მარგოშვილისა და მაგამედ მაჩალიკაშვილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცებით შემთხვევაში მათ 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ელით. მეხუთე დაკავებულის, უსუფ ცათიაშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით. ამ მუხლის ფორმულირება ასეთია: უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG