Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გამოიჭირა პუტინი მეათეკლასელმა


1 სექტემბერს, როცა რუსეთში ცოდნის დღე აღინიშნებოდა, ვლადიმირ პუტინმა ვლადივოსტოკის საბავშვო ცენტრ „ოკეანეში“ სკოლის მოსწავლეებს ისტორიის ღია გაკვეთილი ჩაუტარა.

როგორც ეს ხდება ხოლმე ფაქტობრივად ყველა გამოსვლის დროს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა აუდიტორიას კვლავ შესთავაზა ისტორიის თავისებური ინტერპრეტაცია, „მართალი ხედვა“, თუმცა ამჯერად აუდიტორიაში აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც ვლადიმირ პუტინს მოურიდებლად მიუთითა ტყუილზე. საუბარია ღია გაკვეთილის ერთ-ერთ მონაწილეზე, ქალაქ ვორკუტის 35-ე საშუალო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ნიკანორ ტოლსტიხზე.

ღია გაკვეთილის მსვლელობისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ყურადღება შეაჩერა პოლტავასთან ბრძოლაზე.

„რისთვის წამოიწყო პეტრე I-მა შვიდწლიანი ომი? რისთვის ომობდა შვიდი წელი შვედებთან? საერთოდაც პოლტავასთან ბრძოლა... ხომ წარმოგიდგენიათ, სად არის პოლტავა? სად შვედეთი და სად პოლტავა! არა და, გადამწყვეტი ბრძოლა პეტრე I-სა და კარლოს XII-ს შორის გაიმართა პოლტავასთან. ბოდიში და, სად შვედები და სად პოლტავა... არა, მაინც რას აკეთებდნენ ეს ყველანი ამ პოლტავასთან?!“ - მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით იკითხა პუტინმა, რომელსაც, ყველასათვის მოულოდნელად, დარბაზში მჯდომმა სკოლის მოსწავლემ, ნიკანორ ტოლსტიხმა დაშვებულ უზუსტობაზე მიუთითა.

ვლადიმირ პუტინი კლუბ "ოკეანეში" ღია გაკვეთილის დროს
ვლადიმირ პუტინი კლუბ "ოკეანეში" ღია გაკვეთილის დროს

„არ ჩამითვალოთ... - ბოდიშის მოხდა დააპირა ნიკანორმა, მაგრამ რატომღაც მალევე გადაიფიქრა, - მოკლედ, ეს იყო არა შვიდწლიანი ომი, არამედ ჩრდილოეთის ომი და რადგანაც ისტორიის გაკვეთილია, მოკლედ ვიტყვი, რომ ჩრდილოეთის ომი გრძელდებოდა 1700 წლიდან 1721 წლამდე“.

ნიკანორ ტოლსტიხი, მოსწავლე
ნიკანორ ტოლსტიხი, მოსწავლე

ვლადივოსტოკში გამართული ღია გაკვეთილის ეს ეპიზოდი უმალ აიტაცეს სოციალურმა ქსელებმა. გამოითქვა ირონიანარევი მოსაზრებები, რომ მალე საჭირო გახდება ისტორიის სახელმძღვანელოების სერიოზული რედაქტირება:

  • „ჩრდილოეთის ომს ამიერიდან უნდა ეწოდოს სამჯერ შვიდწლიანი ომი“.
  • „ისტორიის ფალსიფიკაციის აღკვეთის მიზნით შექმნილი კომიტეტი, პრეზიდენტის დავალებით, გაარკვევს, თუ რატომ გაგრძელდა შვიდწლიანი ომი ოცდაერთი წელი და რატომ მიმდინარეობდა ჩრდილოეთის ომი სამხრეთში“.

სახუმაროდ არ ჰქონდა საქმე ნიკანორის სკოლის დირექტორს, იულია რიაბცოვას, რომელმაც თავის სკოლის აღსაზრდელისადმი სამარცხვინო ქედმაღლობა, ხოლო უფროსობისადმი სიმხდალე გამოავლინა:

„ასაკი არ მომცემდა უფლებას, ამგვარად მოვქცეულიყავი პრეზიდენტთან ურთიერთობის დროს, მაგრამ ახალგაზრდებს, როგორც ჩანს, თავისებურად ჰყოფნით სითავხედე. ბიჭი, რა თქმა უნდა, ვარსკვლავა და კარგი გვყავს, გამოირჩევა აქტიური სამოქალაქო პოზიციით, მაგრამ ადამიანი თავმდაბალი უნდა იყო, არ უნდა გაუსწორო შეცდომები უფროსებს, მათ შორის, ვლადიმირ ვლადიმირის ძესაც, მაგრამ ამის შეგნება წლებთან ერთად მოდის“.

სკოლის დირექტორის ამგვარმა პოზიციამ დიდად აღაშფოთა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება.

„სწორედ ამგვარ მიდგომაში ჩანს რუსეთის მთავარი პრობლემა“, - განაცხადა ჟურნალისტმა დმიტრი კოლეზევმა:

დმიტრი კოლეზევი, ჟურნალისტი
დმიტრი კოლეზევი, ჟურნალისტი

„საქმე რომ ყოფილიყო სადმე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე, დარწმუნებული ვარ, რომ სწავლული ისტორიკოსები მორიდებულად ჩაღუნავდნენ თავს და უსიტყვოდ გაატარებდნენ ნათქვამს. მოსწავლემ კი, როგორც „შიშველი მეფის“ ზღაპარშია, ყოველგვარი მორიდების გარეშე, პირდაპირ თქვა სიმართლე. როცა ეს მონური დამოკიდებულება, რომ უფროსი ყოველთვის მართალია, უფროსებს არ უნდა შეუსწორო, როცა პრეზიდენტი ლაპარაკობს, არ უნდა შეეკამათო და ა.შ. - აღარ გვექნება, მხოლოდ მაშინ შეიცვლება ჩვენი ქვეყანა. ვიმედოვნებ, რომ ნიკანორ ტოლსტიხი, წლების მატებასთან ერთად, არავითარ შემთხვევაში არ იქცევა თავის დირექტორად“.

რუსულ სოციალურ ქსელებში ბევრი კომენტატორი შეაშფოთა სკოლის მოსწავლის სამომავლო ბედმა:

  • „ისე არ მოხდეს, რომ ბიჭს ცხოვრება დაუნგრიონ იმისათვის, რომ საჯაროდ გაუსწორა შეცდომა მარაზმატიკოსს“.
  • „მოწაფეს, რომელმაც პრეზიდენტს შვიდწლიან ომთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა, შვიდი წელი მიუსაჯეს“.

ტვიტერზე ალექსეი ნავალნის მხარდამჭერმა მომხმარებელმა [„ნავალნის ტრუსების ასოციაცია“] ირონიულად დაწერა:

„სასწრაფო ინფორმაცია! რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ უცხოეთის აგენტად ცნო ვორკუტის 35-ე საშუალო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნიკანორ ტოლსტიხი!“

„რა ბედის ელის ნიკანორ ტოლსტიხს?“ - ეს კითხვა ჟურნალისტებმა თვით ვლადიმირ პუტინსაც კი დაუსვეს, თითქოს ხუმრობით, მაგრამ, როგორც „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტი, ალექსანდრ პლუშჩევი ამბობს, საყურადღებო და ნიშანდობლივი იყო როგორც კითხვა, ასევე მასზე გაცემული პასუხი:

ალექსანდრ პლუშჩევი, ჟურნალისტი
ალექსანდრ პლუშჩევი, ჟურნალისტი

„ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ ამაზე, ამ ბიჭზე პუტინს ჰკითხა სერგეი ბრილიოვმა [სამთავრობო ტელეარხ „როსიას“ გენ. დირექტორის მოადგილემ] შორეული აღმოსავლეთის ფორუმის მსვლელობისას. პუტინმა თავიდან თითქოს ვერ გაიხსენა... რაც ხდება ხოლმე და ეს ნორმალურია, არანაირი საყვედური ამის გამო ვლადიმირ ვლადიმირის ძეს არ ეკუთვნის, თუმცა რა დასასმელი კითხვა ეს იყო? „ბიჭის ბედი ბეწვზე ეკიდაო“. კი, მაგრამ რანაირი ჯოჯოხეთური იუმორია ეს?! ბაიდენს რომ ამგვარი რამ შემთხვეოდა, ყველა გაიცინებდა მოხუცზე და დაიშლებოდნენ. არავინ იკითხავდა, რამე ხომ არ დაემართა ბიჭუნასო, რადგან, რა უნდა დამართოდა? არც არაფერი! აქ კი იხუმრეს: „ბიჭის ბედი ბეწვზე ეკიდაო!“ მოკლედ, მთელი ქვეყანა მსჯელობს ნიკანორზე, რომელმაც თქვა: მეფე შიშველია! ხშირად მიფიქრია რომელიმე მხატვრულ ფილმში მოხვედრის შესაძლებლობაზე, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პირდაპირ საბავშვო ზღაპარში აღმოვჩნდებოდით“.

სერგეი ბრილიოვი, რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის, "როსიას" გენ. დირექტორის მოადგილე
სერგეი ბრილიოვი, რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის, "როსიას" გენ. დირექტორის მოადგილე

თავისთავად შეცდომაში არაფერი უჩვეულო არ იქნებოდა, რომ არა პუტინის გადაწყვეტილება, დაენიშნა თავისი თავი სრულიად რუსეთის მთავარ ისტორიკოსად, - ამბობს პოლიტოლოგი აბას გალიამოვი:

„არაფერს გასაკიცხს აქ ვერ ვხედავ, ეს ომები მეც ხშირად ამრევია, მაგრამ როგორც PR-ის სპეციალისტი ვიტყვი: ერთია, როცა მე მეშლება და სულ სხვა, როცა ეს ემართება პუტინს. ის არ არის ერთ-ერთი პოლიტიკური მენეჯერი, რომელიც საზოგადოებამ დროებით დაიქირავა რაღაც კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად. ასე რომ იყოს, არაფერი გასაკვირი არ იქნებოდა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პუტინი უბრალო მენეჯერი არ არის. პუტინი დემიურგი, მხსნელი და ერის სულია. როგორც ამბობენ: „არ არის პუტინი, არ არის რუსეთი! პუტინის გეგმა რუსეთის გამარჯვებაა!“ პუტინს სულ სხვა სტატუსი აქვს, მას არ შეუძლია შეცდომა დაუშვას. თუ გაქვს იმის პრეტენზია, რომ შენში ერი და მთელი ხალხია პერსონიფიცირებული, მაშინ კეთილი ინებე და სათანადოდ შესაბამისი იყავი, მით უფრო, რომ თავს მუდმივად წარმოაჩენ ისტორიის მცოდნედ და გამუდმებით აღშფოთებული ხარ ისტორიის გადაწერის გამო. ასე რომ, მისთვის ეს ამბავი განაპირა კი არა, იმ გზავნილის ცენტრალური პუნქტია, რომელსაც თავს ახვევს ერს. რაც მართალია, მართალია, კარგად არ გამოვიდა. ამიერიდან მის ყოველ ისტორიულ გამოხდომაზე სკეპტიკოსები იტყვიან: „ვიცით უკვე, ისტორიაში სკოლის მოსწავლეზე ცუდად ერკვევა“. არადა, მასობრივი აღქმის თვალსაზრისით, სწორედ ასეთი მარტივი ფორმულები მუშაობენ“.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ერთი ეპიზოდით არ ამოწურულა უხერხული მომენტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ვლადიმირ პუტინის მოსწავლეებთან შეხვედრისას. კიდევ ერთმა მოსწავლემ, იგორ სოტნიჩმა ვლადიმირ პუტინს სთხოვა გამხდარიყო მისი ვიდეოარხის გამომწერი, რაზეც რუსეთის პრეზიდენტს არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა.

„გარდა ამისა, ვაკეთებ გადაცემას ჩემს youtube-არხზე „წითელი ჩანგალი“. გამოიწერეთ, თუ შეიძლება, ძალიან მოხარული ვიქნები“, - მიმართა მოსწავლემ რუსეთის პრეზიდენტს.

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

„რას უნდა მოვაწერო ხელი? - იკითხა ვლადიმირ პუტინმა, - იგორ, ვერ გავიგე, რას უნდა მოვაწერო ხელი?“

როგორც ჩანს, პუტინს ბევრი არაფერი სმენია youtube-ის შესახებ და, რომ შესაძლებელია სხვადასხვა არხის გამოწერა და არა ხელმოწერა.

ალექსანდრ პლუშჩევი, „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტი: „ეს არის ორი სამყაროს დიალოგი. ერთში იცნობენ სიტყვა „ხელმოწერას“, რომელსაც პუტინი რამდენჯერმე წარმოთქვამს, მეორე სამყაროში კი youtube-ია და, ერთხელაც იქნება, პირველი მეორეს ხელყოფას შეეცდება ერთი ხელმოწერით ან სულაც ზეპირი განკარგულებით“.

ვლადიმირ პუტინის ხაზგასმული ჩამორჩენილობა გააკრიტიკა ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა, ლეონიდ ვოლკოვმა იუთუბ-არხ „Навальный LIVE“-ზე:

„პუტინს უბრალოდ არ ესმის, რაზეა საუბარი და საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ ის მოხუცია და მალე 69 წელი შეუსრულდება. რუსეთში ინტერნეტს მოიხმარს მოსახლეობის 80%-ზე მეტი. პენსიონერებში ეს მაჩვენებელი 60%-ს აღემატება, ახალგაზრდებში კი თითქმის 100%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინი არ არის რეპრეზენტაბელური, ის არ წარმოადგენს იმ ხალხს, ვისი პრეზიდენტიც არის. პუტინი არ არის ყველას მსგავსი. იგი ღრმა უმცირესობაშია, მათ შორის, თავის ასაკობრივ კატეგორიაშიც, პენსიონერებში, ხოლო ყველა მოქალაქეს თუ ავიღებთ, პუტინი უიმედო უმცირესობაშია. ადამიანს არ აქვს ბაზისური ცოდნა ინტერნეტზე, თანამედროვე სამყაროზე. რამე რთული ხომ არ უკითხავთ პროგრამირების ენის შესახებ? მას ჰკითხეს YOUTUBE-ზე, სამყაროს მთავარ ვიდეოჰოსტინგზე, რუსეთში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელსა და სტრიმინგ-სერვისზე. არ იცის, ეს რა არის? ეს იგივეა, ცკ-ს გენერალური მდივნისთვის, ნიკიტა ხრუშჩოვისთვის ან ლეონიდ ბრეჟნევისთვის რომ ეკითხათ თვითმფრინავების შესახებ და მათ რომ ეთქვათ, არ ვიცით, რა არის თვითმფრინავიო. რომ შევადაროთ, დღეს ინტერნეტი ისეთივე რამეა, როგორიც იყო ავიაცია გასული საუკუნის 50-60-იან წლებში. ეს უკვე აღარ არის ეგზოტიკა, ამით უკვე ყველა სარგებლობს. 1995 წელს ინტერნეტი ბევრისთვის გაუგებარი ეგზოტიკა იყო, მაგრამ არა 2021 წელს. ის ფაქტი, რომ პუტინი არ იყენებს ინტერნეტს, არ იცის როგორ მუშაობს ის, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სულელია ან დიდი ქვეყნის პრეზიდენტს შეუძლია თავს უფლება მისცეს, ამის გარეშე გავიდეს ფონს, არა. საქმე გვაქვს ფუნდამენტურ ამბავთან. ეს იმას ნიშნავს, რომ მან არ იცის, როგორ არის მოწყობილი ეს სამყარო, მას არ შეუძლია მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები. მას ამ სამყაროს შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამორჩა“.

ლეონიდ ვოლკოვი
ლეონიდ ვოლკოვი

თუმცა ვლადიმირ პუტინს, როგორც ჩანს, ინტერნეტის შესახებ რაღაც მაინც სმენია. იგი ფიქრობს, რომ ინტერნეტში ყველაფერი არასანდოა, ამიტომ მოსწავლეებს სთავაზობს youtube-ის ალტერნატივას - სპეციალურად აღდგენილი საზოგადოება „ცოდნის“ მიერ გაფილტრულ ინფორმაციას:

„ალბათ, იცით, რომ ცოტა ხნის წინ აღვადგინეთ ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუსეთის საზოგადოება „ცოდნა“, რომლის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, იპოვონ ის საინტერესო მიმართულება, რომელიც ისე გაიტაცებთ, რომ მთელ დარჩენილ სიცოცხლეს მას მიუძღვნიან. რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყაროში უამრავი ე.წ. საინფორმაციო რესურსია: ინტერნეტი, რუნეტი და ა.შ. შეხვალ, თითქოს ყველაფრის გაგება შესაძლებელია ვარსკვლავებიდან დედამიწის ცენტრამდე, ლურსმნებიდან ბრილიანტებამდე - ყველაფერი, მაგრამ მთავარი პრობლემა ამ ინფორმაციის ხარისხია“.

საზოგადოება „ცოდნის“ ერთ-ერთი ექსპერტი კარგად ცნობილი მარია ბუტინაა, რომელიც ადრე აშშ-ის ციხეში იჯდა რუსეთის ინტერესების ლობირებისათვის, ახლა კი რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტულ არხ „Russia Today“-ში მუშაობს, კენჭის იყრის რუსეთის დუმის არჩევნებში და რეკლამას უწევს „ცოდნას“ თავის Telegram-არხზე.

მარია ბუტინა
მარია ბუტინა

რუსი ჟურნალისტის დიმიტრი კოლეზევის თქმით, სიმპტომურია, რომ აღადგინეს საზოგადოება „ცოდნა“, რომელიც სტალინის დროიდან მოყოლებული არსებობდა.

„ეს არის ერთგვარი საგანმანათლებლო პროექტი სახელმწიფოს სათუთი მზრუნველობის ქვეშ. ვლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ იქნება ბევრად უკეთესი, თუკი რუსეთის მოქალაქეები ისარგებლებენ კომპეტენტური და იდეოლოგიურად სანდო ადამიანების მიერ წინასწარ შერჩეული და მოწონებული ინფორმაციით. თუმცა, ასეთი მიდგომა იმას აჩვენებს, თუ რამდენად არის რუსეთის პრეზიდენტი მოწყვეტილი თანამედროვე ცხოვრებას, რომელიც ძირფესვიანად შეიცვალა გასული საუკუნის 70-იან წლებთან შედარებით ანუ იმ პერიოდთან შედარებით, როცა პუტინის მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა. მთლიანობაში ინტერნეტი პუტინისთვის გაუგებარი, მტრული გარემოა. მისთვის გაცილებით კომფორტულია წარსული და ისტორიის სახელმძღვანელოები, მაგრამ, როგორც გაირკვა, მათშიც აიხლართა“.

ვლადიმირ პუტინმა სკოლის მოსწავლეებს ისიც უთხრა, მე-20 საუკუნის კატაკლიზმები რომ არა, რუსეთში, შესაძლოა, ახლა 500 მლნ ადამიანს ეცხოვრაო.

„გასული საუკუნის განმავლობაში ორჯერ დაიშალა რუსეთის სახელმწიფოებრიობა. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის იმპერიამ შეწყვიტა არსებობა. რუსეთმა დაკარგა კოლოსალური ფართობის ტერიტორია დასავლეთით, ჩრდილოეთით... მართალია, თანდათანობით აღიდგინა, მაგრამ შემდეგ დაიშალა საბჭოთა კავშირი. ვიკითხოთ: კი, მაგრამ რატომ? საჭიროა ყოველივე ამის ყურადღებით გაანალიზება. რა იყო ამ დრამატული მოვლენების ტრიგერი? ეს რომ არ მომხდარიყო, ახლა სხვა ქვეყანა გვექნებოდა. ზოგიერთი სპეციალისტის გათვლით, მოსახლეობა 500 მილიონამდე იქნებოდა“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

კარიკატურა ვლადიმირ პუტინის ისტორის გაკვეთილზე
კარიკატურა ვლადიმირ პუტინის ისტორის გაკვეთილზე

ჟურნალისტი ოლეგ ფშენიჩნი ფიქრობს, რომ საქმე გვაქვს როგორც ლოგიკურ პრობლემასთან, ასევე ისტორიული მოვლენების არასწორ აღქმასთან.

„500-მილიონიან მოსახლეობაზე მსჯელობის მანკიერება უფრო ღრმაა, ვიდრე დემოგრაფიის არცოდნა და კიდევ უფრო ღრმა, ვიდრე სულელური მსჯელობა ორი გეოპოლიტიკური კატასტროფის შესახებ. მოძველებული და მცდარია ამგვარი მიდგომა რაოდენობისა და ზომების მიმართ. ეს იმას ნიშნავს, თუ რამე ძალიან დიდია და, რომლის შიგნითაც რამე ძალიან ბევრია, მაგალითად, ადამიანები, აუცილებლად კარგიცაა. გამოდის, თუ ნეანდერტალელების ტომი ფლობს დიდ ტერიტორიას, მაშინ ის ადვილად დაიკავებს მცირერიცხოვანი მეზობელი ტომის ტერიტორიას, ხოლო გაზრდილი ტერიტორიის ხარჯზე შეაგროვებს მეტ ფესვებს, სოკოებს და მოინადირებს მეტ მამონტს. ეს ტრადიციული შეხედულებაა. ამერიკელებსაც უყვართ დიდი ავტომობილები, გიდებსაც უყვართ ხოლმე მწვერვალთა სიმაღლეებისა და ღრმულების სიღრმეების დასახელება და ა.შ. მაგრამ მთავარი კითხვა ასეთია: სად უფრო კარგად გრძნობენ ადამიანები თავს, ჩინეთში თუ ლუქსემბურგში? ზომაში კი არა, შეძლებაშია საქმე“.

რატომ გაუჩნდა ვლადიმირ პუტინს ისტორიისადმი ამგვარი ვნება?

„პუტინს არ შეუძლია, თანამოქალაქეები გაახაროს ეკონომიკური აყვავებით, ამიტომ ცდილობს ხალხის გული მოიგოს დიდებულ წარსულზე ლაპარაკით“, - ასე ფიქრობს გამოცემა როსბალტის სვეტის ავტორი, პოლიტოლოგი დმიტრი ტრავინი:

დმიტრი ტრავინი
დმიტრი ტრავინი

„გვიყვებიან ისტორიას, რომელიც შედგება საბრძოლო და სულიერი გამარჯვებების უსასრულო მწკრივისგან, დიდებული მმართველებისგან - ივანე მრისხანიდან ვლადიმირ პუტინამდე; წარმატებული მხედართმთავრებისგან - ალექსანდრე ნეველიდან იოსებ სტალინამდე; მამაცი გმირებისგან - ივან სუსანინიდან ზოია კოსმოდემიანსკაიამდე; ბრძენი სალოსებისგან - სერგი რადონეჟელიდან პატრიარქ კირილემდე...“

დმიტრი ტრავკინის თქმით, ასეთ თხრობაში ნებისმიერი მარცხი ჩაიკარგება, იქნება ეს სამხედრო წარუმატებლობა, ეკონომიკური ჩავარდნები თუ იდეოლოგიური იმედგაცრუებები.

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მასალების მიხედვით.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG