Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სილქნეტი" "ალტ-ინფოს" ქსელში ჩართავს


სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტი" ჰომოფობიური ჯგუფების ტელევიზიას "ალტ-ინფოს" მოთხოვნას, მისი მაუწყებლობა ჩაესვა ყველა პაკეტში, დათანხმდა. იმის გამო, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანია ამ მაუწყებელს მოთხოვნაზე უარს ეუბნებოდა, საკითხი კომუნიკაციების კომისიაში განიხილებოდა.

საქართველოს კანონმდებლობით "სილქნეტი" ვალდებული იყო "ალტ-ინფოს" მოთხოვნა შეესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხის გადაჭრამდე მუდმივად დააჯარიმებდნენ. "სილქნეტმა" "ალტ-ინფოს" უარი 8 ივნისს უთხრა - წერილში აღნიშნული იყო, რომ მათ იმ ეტაპზე არ ჰქონდათ ტექნიკური შესაძლებლობა.

"გუშინ გავაფორმეთ ხელშეკრულება, კანონის შესაბამისად სავალდებულო გატარების თაობაზე და დაადასტურებს მხარე", - თქვა კომისიის სხდომაზე "სილქნეტის" მთავარმა იურისტმა, კახი ყურაშვილმა.

ინფორმაცია დაადასტურა "ალტ-ინფოს" წარმომადგენელმაც.

"სილქნეტის" სანქცირების საკითხის განხილვა კომუნიკაციების კომისიაში უკვე მეორედ მიმდინარეობდა, ხელახალი საჩივარი კი რამდნეიმე კვირის წინ შეიტანა.

  • "ალტ-ინფო" უხამსობის ტირაჟირებაში შემჩნეული არხია. ამ მიზეზით კომუნიკაციების კომისიამ მის მიმართ სანქცია ორჯერ უკვე გამოიყენა. მათ შორის, ერთ-ერთი შემთხვევა 5 ივლისს მოხდა, იმ დღეს, როცა მოძალადე ჯგუფები ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელები კი ამ მოძალადე ჯგუფების გვერდით იდგნენ, არხის ეთერში "უცენზურო ლექსიკა ისმოდა".
  • მეტიც, სახალხო დამცველის აპარატმა აღმოაჩინა, რომ 5 მარტის საღამოს ეთერში განთავსებულ პროგრამაში ბავშვზე ფიზიკური ძალადობის, ზოგადად ძალადობის და ბულინგის გამართლება ხდებოდა. ამ მიზეზით არხი დააჯარიმეს.

"ალტ-ინფომ" "სილქნეტს" ქსელში ჩართვის მოთხოვნით დაახლოებით ორი თვის წინაც უჩივლა, თუმცა საჩივარი 29 ივლისს უკან გაითხოვა. დავა კომისიაში ამ მოტივით შეწყდა.

"სილქნეტი" ამ დრომდე ერთადერთი დიდი სატელეკომუნიკაციო კომპანია იყო, რომელიც "მაგთიკომისა" და "ახალი ქსელებისგან" განსხვავებით, ტექნიკური პრობლემის მიზეზით, უარს ეუბნებოდა "ალტ-ინფოს" ჩართვაზე.

XS
SM
MD
LG