Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელი მზარეული იყო


ყვარელი.
ყვარელი.

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელი შალვა მელიქიშვილი, მზარეული იყო.

სასტუმრო-რესტორან „ძველი თელავის“ მფლობელი, ბიზნესმენი შოთა დემინაშვილი ჟურნალისტებს უყვება, რომ შალვა მელიქიშვილი მასთან რესტორანში მზარეულად მუშაობდა. სამსახურიდან კი ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების გამო გაათავისუფლა. იმის გამო, რომ კარგი მზარეული იყო მოგვიანებით ისევ აღადგინა სამსახურში, მაგრამ ალკოჰოლის მოხმარება გახდა სამსახურიდან ხელმეორე გათავისუფლების მიზეზიც.

დემინაშვილი მელიქიშვილს ასე ახასიათებს: „შემჩნეული არ იყო ქურდობაში, ყაჩაღობაში, მაიმუნობაში. პატიოსანი იყო, მაგრამ, როცა დათვრებოდა, რას გააკეთებდა, არავინ იცოდა“.

ბიზნესმენის თქმით, შალვა მელიქიშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უმუშევარი იყო. მისი ვარაუდით, ბანკში შეჭრის დროს ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

„ძალიან გამიკვირდა, მაგას, რომ ჩაიდენდა ვერ მოვიფიქრებდი. ფხიზელი არ იქნებოდა“, - თქვა მან.

შსს-ს განცხადებით, შალვა მელიქიშვილი დაკავებულია ბანკის ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.

ტელეკომპანია „ფორმულის" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმოდა, რომ თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვდა.

ბოლო ერთ წელში საფინანსო დაწესებულებაში შეჭრის ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამ დრომდე არ არის დაკავებული თითქმის ერთი წლის წინ ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" შეჭრილი თავდამსხმელი, რომელმაც ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის ზუგდიდში ბანკში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის იმ დროინდელ დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად. საქმეზე ბრალდებულია ბადრი ესებუა, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG