Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის საკითხებში გაეროს წარმომადგენელი ლაპარაკობს კოლაფსის საფრთხეზე, თუკი თალიბანი დაფინანსებას არ მიიღებს


დებორა ლაიონსი, ავღანეთის საკითხებში გაეროს საგანგებო წარმომადგენელი
დებორა ლაიონსი, ავღანეთის საკითხებში გაეროს საგანგებო წარმომადგენელი

გაეროს ელჩი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ავღანეთისთვის დაფინანსების შეჩერება, რათა ფული თალიბანის ხელში არ მოხვდეს, კოლაფსის საფრთხეს უქმნის ქვეყანას და მის ეკონომიკას.

ავღანეთის საკითხებში გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა, დებორა ლაიონსმა 9 სექტემბერს უშიშროების საბჭოს უთხრა, რომ თალიბანს შანსი უნდა მიეცეს იმ პროცესში, როცა ეს ფუნდამენტალისტური ჯგუფი ცდილობს მეამბოხე ორგანიზაციიდან ქვეყნის მმართველ ძალად გარდაქმნას.

"გზა უნდა გამოინახოს - და ეს სწრაფად უნდა მოხდეს - საიმისოდ, რომ ავღანეთში თანხების შედინება განხორციელდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ეკონომიკის და სოციალური წესრიგის სრული კოლაფსი", - უთხრა ლაიონსმა 15 წევრისგან შემდგარ საბჭოს. თუკი თანხები არ მოიძებნება, "მასშტაბურმა ეკონომიკურმა დაღმასვლამ შესაძლოა კიდევ მილიონობით ადამიანი ჩააგდოს სიღატაკესა და შიმშილში და ავღანეთიდან ლტოლვილების მასობრივი ტალღა გამოიწვიოს, რაც ავღანეთს რამდენიმე თაობით უკან დააბრუნებს", - თქვა ლაიონსმა და დასძინა: "ეკონომიკას კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა მიეცეს სუნთქვის საშუალება, რაც თალიბანს მისცემს შანსს, გამოავლინოს მოქნილობა და ჭეშმარიტი ნება, ამჯერად სხვაგვარად იმოქმედოს, უწინარესად ადამიანის უფლებების, გენდერის და კონტრტერორიზმის პერსპექტივიდან".

ავღანეთში გვალვა, ადამიანების იძულებით გადაადგილება და ჰუმანიტარული კრიზისი მანამდეც იყო, სანამ აგვისტოში თალიბანი ჩამოაგდებდა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მთავრობას ქაბულში და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ძალები ქვეყანას დატოვებდნენ. დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლების პირობებში, ავღანეთის სახელმწიფო ბიუჯეტის 75 პროცენტზე მეტი საერთაშორისო დონორებზე მოდიოდა, მაგრამ ეს თანხები შეწყდა მას მერე, რაც ქვეყანაზე თალიბანმა დაამყარა კონტროლი. აშშ-მა გაყინა ავღანეთის ცენტრალური ბანკის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ობლიგაციების დიდი ნაწილი, რასაც ქაბულის ახალ მმართველებზე ზეწოლის საშუალებად იყენებს.

XS
SM
MD
LG