Accessibility links

site logo site logo

ჟან-პოლ ბელმონდო - მასხარაობა, როგორც სიცოცხლე


შეშლილი პიერო (1963, საფრანგეთი, რეჟისორი ჟან-ლუკ გოდარი)

"C'est dégueulasse" - "საზიზღრობააო", ამბობს ჟან-პოლ ბელმონდო ფილმში "უკანასკნელ ამოსუნთქვამდე", ჟან-ლუკ გოდარის შედევრის ფინალში, როცა მისი გმირი პოლიციელის ტყვიის მსხვერპლი ხდება. ამდენი ხანი გავიდა ფილმის პრემიერიდან და გოდარის თაყვანისმცემლები აგრძელებენ მკითხაობას, რას გულისხმობდა მიშელი სიკვდილის წინ ნათქვამ ამ ფრაზაში, რა არის საზიზღრობა - სიკვდილი თუ სიცოცხლე? ტკივილი? თუ იმის გააზრება, რომ გიღალატეს, გაგყიდეს? ამაზე პასუხი იგვიანებს. ოღონდ არა მხოლოდ იმიტომ, რომ გოდარის ფილმის ეს, ხელის კამერით გადაღებული ფინალური ეპიზოდია ორაზროვანი, ბოლომდე აუხსნელი, არც მხოლოდ იმიტომ, რომ გმირის სიკვდილი დღისით, მზისით, ხალხმრავალ ქუჩაზე, სრულიად გულგრილი ადამიანების თვალწინ, ტიპურია გოდარისთვის და ასევე აგებულია კონტრასტული ტონალობების გაერთიანებაზე... არა. კითხვაზე ზუსტი პასუხი არა გვაქვს იმიტომ, რომ მიშელს ჟან-პოლ ბელმონდო განასახიერებს.

ცხადია, ბელმონდოს ფენომენის შექმნაში ჟან-ლუკ გოდარის დამსახურება აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. "უკანაკნელ ამოსუნთქვაში" რეჟისორი მიმართავს წამიერ მონტაჟურ შეჯახებას - ბელმონდოს სახესთან ერთად გაიელვებს ჰემფრი ბოგარდის ახლო ხედი, რაც იმის მინიშნება იქნება, რომ ფრანგულ "ახალ ტალღას", და შესაძლებელია მთელ ევროპულ კინოს, უკვე ჰყავს თავისი მამაკაცი-კინომითი ბელმონდოს სახით. მას განსხვავებულ ვარიაციებში ვიხილავთ თავად გოდარის პოსტმოდერნისტულ-ანარქისტული ესთეტიკიდან დაწყებული, ფრანგული კომედიებით დასრულებული - თუნდაც "შესანიშნავით", სადაც ბელმონდო, კომერციული კინოს სტანდარტების გათვალისწინებით, საკუთარი კინომითის გენიალურ პაროდიას მიმართავს.

"ბებელის" (ასე მონათლეს ფრანგებმა საყვარელი მსახიობი) საოცარ ენერგიასა და სიცოცხლისუნარიანობაზე ლეგენდები დადიოდა. ინსულტმა ჩამოაშორა კინოს, მაგრამ მაინც ვერ აჯობა - ავადმყოფობიდან 9 წლის განმავლობაში ცოლის შერთვა მოასწრო, შვილიც გაუჩნდა, მერე ცოლს გაშორდა და ახალი ცოლი შეირთო. ბელმონდოს გაჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა; სიცოცხლის ბოლო დღემდე არ არიდებდა თავს კამერების წინ გამოჩენას. ხალხი კი ამბობდა, "სიბერეშიც კი როგორი, სხვანაირად სიმპათიურიაო".

ეგ " სხვანაირად სიმპათიურობა" ერთნაირად ახასიათებთ როგორც მის გმირებს, ასევე ანტიგმირებს. თუკი ბელმონდო ხშირად იმეორებს თავის თავს, ეს იმიტომ არ ხდება, რომ შტამპებისგან ვერ თავისუფლდება. სინამდვილეში ის აბსოლუტურად განსხვავებულ რეჟისორებთან მუშაობს და ყოველთვის ცდილობს მოარგოს მათ ის კინომითი, რომელიც თავის კინემატოგრაფიულ ნათლიასთან, ჟან-ლუკ გოდართან ერთად გამოძერწა.

ბელმონდოს შემოქმედებაში არის პერსონაჟი, რომელიც ფაქტობრივად მის მიერ განსახიერებულ ყველა სახეს აერთიანებს, ესაა ფერდინანდ გრიფონი, ერთი შეხედვით სრულიად წესიერი ინტელექტუალი, რომელიც გაურბის ყველას და ყველაფერს თავისი შვილის ძიძასთან, მარიანთან (ანა კარინა) ერთად. მაგრამ რომანტიკული გმირი ყოველთვის გაურბის არა მარტო სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც. ამიტომ ბელმონდო-ფერდინანდი "შეშლილ პიეროში" ნელ-ნელა ემსგავსება თავის ანტიპოდს, მიშელს ფილმიდან "უკანასკნელ ამოსუნთქვამდე"... "ბელმონდოს მითი" ჯერ იშლება, შემდეგ კი ისევ მთლიანდება.

მიშელი დასაწყისშივე აყენებდა საკუთარ თავს კანონგარეშე - მოიპარა მანქანა, დაიწყო უმიზნო სროლა ამ მანქანაში აღმოჩენილი პისტოლეტით, ესროლა მზეს... ორი მხარე ერთნაირად ხაზგასმულია მასში - ერთი მხრივ, ცინიზმი, გარემომცველთა მიმართ ირონიული დამოკიდებულება და, მეორე მხრივ, ადამიანის გვერდით ყოფნის სურვილი, სითბოს სურვილი. ეს ორი მხარე კიდევ უფრო ძლიერ ეკვრის ერთმანეთს "შეშლილ პიეროში". აქ უკვე ნათელი ხდება, რომ ანარქიის სრული ესთეტიზაციისთვის, რაც გოდარს ყველასგან გამოარჩევს კინოს ისტორიაში, რეჟისორს სწორედ ბელმონდო სჭირდებოდა, მისთვის დამახასიათებელი მასხარაობის განსაკუთრებული უნარით, რაც თავის მხრივ "ბებელის" სტილს აახლოებს "კომედი დელ არტეს" სამსახიობო ხელოვნებასთან. შეიძლება სწორედ ამ ასოციაციის შედეგია გოდარის ფილმის სათაურიც - "შეშლილი პიერო".

აქ, პიერო და კოლომბინა გარბიან "სამხრეთის სამოთხეში", რომელიც არსებითად არა სამოთხე, არამედ სიკვდილია. თუკი არ გინდა მოერგო სისტემას, რომელსაც საზოგადოება გთავაზობს, უნდა მოკვდე! რაც შეეხება თავად კინოს, ანუ ფილმს, როგორც სისტემას, ისიც უნდა დაშალო ნაკუწებად და რეკონსტრუქციის არ შეგეშინდეს, რადგანაც დიდი ხანია კინო სიზმრებს (სიცრუეს?) ავრცელებს და აბნევს ადამიანებს. გოდარის დამსახურება ისაა, რომ მან კინემატოგრაფი ხელახლა მიიყვანა იმ დონემდე, რომელიც ჰქონდა ხელოვნების ამ დარგს 20-იან წლებში - დაუბრუნა "რევოლუციური სული", რომელსაც "შეშლილ პიეროში", ერთი მხრივ, მსახიობები, ანა კარინა და ბელმონდო გამოხატავენ და, მეორე მხრივ - თავად გოდარი, ფაქტობრივად არც ერთი კინოჟანრი რომ არ რჩება უყურადღებოდ - არც ექსცენტრიკული კომედია, არც ბურლესკი, არც დეტექტივი, არც მიუზიკლი, არც განგსტერული კინო.

ჟანრების სიჭრელეს კოლორიტის სიჭრელე ემატება; "შეშლილი პიეროს" ფერადოვანი გადაწყვეტა ერთ-ერთი საუკეთესოა კინოს ისტორიაში. ცნობილია, როგორ მოსწრებულად უპასუხა გოდარმა კრიტიკოსებს, რომლებიც მას ძალადობის ნატურალისტურად ჩვენებაში ადანაშაულებდნენ: "ეს სისხლი არაა, ეს მხოლოდ საღებავიაო"... თითქოს ისარგებლა შემთხვევით და კმაყოფილმა აღიარა, რომ "შეშლილი პიერო", მიუხედავად იმისა, რომ რეალურ ნატურაზეა გადაღებული (თან აბსოლუტურად გენიალურად!), "გადაღებილი ცხოვრებაა", ფერების სიმბოლური თამაში, რომლითაც საბოლოოდ ბიუსტჰალტერის რეკლამას და ცოცხალ ადამიანს ერთნაირი მნიშვნელობა ენიჭება.

აგერ ბელმონდოს გმირი იღებს საღებავს და სახეს "იფერადებს". რა არის ეს? ადამიანის გადაქცევა ფერადოვან ლაქად? თუ ფერადოვან სიმბოლოდ, რომელიც კინოეკრანს აბსტრაქტულ მხატვრობასთან აახლოებს. გოდარი თავის სტიქიაშია - მას სურს გაათავისუფლოს კინო ილუზიონიზმის სენისგან და მაქსიმალურად დაუახლოოს კინემატოგრაფი ტრადიციულ ხელოვნებებს, პირველ რიგში ფერწერას. "ადრე იყო ძველი საბერძნეთის ეპოქა, მერე აღორძინების ეპოქა, ახლა კი ჩვენთან ტრაკის ეპოქაა", - ამბობს ბელმონდოს გმირი რომელიღაც პრიალა ჟურნალით ხელში... მერე კი გარბის. აი, სწორედ ამ ეპოქიდან გარბის მარიანთან ერთად.

პიეროს, ამ გამოუსწორებელ მასხარას, მობეზრდა ლეშივით ცხოვრება გაპრიალებული ხატების სამყაროში. ამიტომ ხიფათთან პირისპირ შეხვედრის ეს თავგადასავალი "შეშლილ პიეროში" უფრო რაღაც ცოცხალის, ღირებულის ძიებას გამოხატავს, ვიდრე სიკვდილის ვნებას.

სხვანაირად არ შეიძლებოდა ყოფილიყო. პიერის როლს ხომ კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი, ყველაზე მოძრავი, ყველაზე დაუოკებელი მსახიობი განასახიერებს - ჟან-პოლ ბელმონდო!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG