Accessibility links

site logo site logo

იფ, რა გემრიელია! - როგორ ვჭამთ ყოველ კვირა ერთ პლასტიკურ ბარათს 


როდესაც ცელოფანში შეფუთულ საკვებს ვყიდულობთ, ან სახლში ქაღალდის პარკით ახალშეძენილი პერანგი მიგვაქვს, გვგონია, ამ ყველაფრიდან არაორგანული მხოლოდ შესაფუთი ცელოფანია. სინამდვილეში ჩვენ პლასტმასას ვიცვამთ, ვსვამთ და ვჭამთ კიდეც - პირდაპირი და არა გადატანით მნიშვნელობით.

საკვები, რომელსაც მივირთმევთ მიკროპლასტმასით არის გაჯერებული. მიკლოპლასტმასა პლასტმასას ძალიან მცირე ნაწილაკია, დაახლოებით 5 მილიმეტრამდე ზომის. „პლასტმასის ატლასში“, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა და მოძრაობა „დაიხსენი თავი პლასტმასისგან“ მოამზადეს ნათქვამია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად წარმოებული 400 მილიონი ტონა პლასტმასადან დაახლოებით ერთ მესამედი ნიადაგსა და წყალში ხვდება, იქიდან კი საკვებში და სასმელში.

ნიუკასლის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ კვირის განმავლობაში 5 გრამამდე პლასტმასას „მივირთმევთ“, ეს დაახლოებით იგივეა, ადამიანმა ყოველ კვირა ერთი პლასტიკური ბარათი რომ შეჭამოს.

მეთევზე სერბეთში
მეთევზე სერბეთში

კიდევ სხვა კვლევის შედეგად, რომელიც კანადაში ჩატარდა, გაცილებით იზრდება მიკლოპლასტმასის ორგანიზმში მოხვედრის რისკი, თუ ადამიანი წყალს არა ონკანიდან, არამედ პლასტმასის ბოთლიდან სვამს.

მიკროპლასტმასა გარემოში პლასტმასის დაშლის შედეგად რჩება და მასთან ბრძოლა ძალიან რთულია, რადგან მისი შემჩნევა და შეგროვებაა რთული. მიკროპლასტმასა ცვლის ნიადაგის სტრუქტურას, ამის გარდა თავის სპეციფიკიდან გამომდინარე ის მაგნიტივით იზიდავს მავნე ნივთიერებებს. ახლა იკვლევენ, რამდენად მოქმედებს პლასტმასა ჯანმრთელობაზე. ჯერ არ ვიცით კვების შემდეგ ის ტოვებს სხეულს თუ სისხლსაც ერევა“, - ამბობს თიკო ანთიძე, ჰაინრიჰ ბიოლის კლიმატის ცვლილების და ენერგეტიკული პროგრამების კოორდინატორი.

Quiz: ყველაფერი ვიცით პლასტმასზე?

Quiz: ყველაფერი ვიცით პლასტმასზე?

დაიწყე ვიქტორინა

ახდენილი წყევლა

წყევლა „ნავთი დალიე და ცეცხლი დააყოლე“ არარეალურად სულაც აღარ ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ, რომ პლასტმასა სწორედ ნავთობისგან ან ბუნებრივი აირისგან მიიღება. პროცესი ასეთია: ნავთობს მოლეკულებად ხლეჩენ. ქიმიკატების, მაღალი ტემპერატურისა და წნევის ზეგავლენით პლასტმასის მოზრდილ მოლეკულებს წარმოქმნიან და უამრავ ქიმიურ დანამატს ურევენ. ეს დანამატები დროთა განმავლობაში დაშლას იწყებს და ჰაერსა და მტვერში იფანტება. ისევ „პლასტმასის ატლასს“ თუ მოვიშველიებთ, ყოველი ამერიკელი ორსული ქალის სისხლში 56 სხვადასხვა სამრეწველო ქიმიკატია აღმოჩენილი. ამ ნივთიერებათა უმეტესობა ან პლასტმასის პროდუქტებში გვხვდება, ან მათი დამზადებისას წარმოიქმნება.

პლასტმასა, რომელსაც ვსუნთქავთ

ადამიანის კუჭი და შესაძლოა სისხლიც, მაგრამ ეს არ არის სრული სია იმ ორგანოებისა, სადაც შეიძლება პლასტმასა აღმოგვაჩნდეს, ის ფილტვებშიც არის. პლასტმასა, რომელიც იწვის ან იხრწნება ჰაერში რჩება. გერმანულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვების ორგანიზმში გვხდება ქიმიური დამარბილებლების კვალი. ამასთან ბავშვები ზრდასრულებზე მეტ ჰაერს ჩაისუნთქავენ, უფრო ახლოს არიან მიწასთან, შესაბამისად, უფრო დიდია რისკი, რომ მათი ჯანმრთელობა პლასტმასას უხილავმა ნაწილაკებმა დააზიანოს.

ნავთობისგან დამზადებული ყვავილებიანი კაბა

პლასტმასას არა მხოლოდ ვჭამთ და ვსუნთქავთ, არამედ გვაცვია კიდეც. დღეს ტანსაცმლის დიდი ნაწილი დამზადებულია ქიმიური ბოჭკოსგან, რომლის შემადგენლობაში ძირითადად ნავთობი ან ბუნებრივი აირი შედის. რეზინა, ხელოვნური აბრეშუმი, ვისკოზა - ეს ყველაფერი პლასტმასის სახეობებია და ტანსაცმლის წარმოებაში ფართოდ გამოიყენება, რაც თავის მხრივ, გარემოს აზიანებს, მაგალითად, პოლიესტერის ერთი პულოვერის დამზადებისას 3,8-დან 7,1 კილოგრამამდე ნახშირორჟანგი (CO2) გამოიყოფა.

მარი ბენდელიანი ნარჩენებისგან დამზადებულ ჩანთებთან
მარი ბენდელიანი ნარჩენებისგან დამზადებულ ჩანთებთან

„ტანსაცმლის უმეტესობა შეიცავს პოლიესტერის ბოჭკოებს. გადაგდების შემდეგ მას მზე და ქარი აქუცმაცებს და გარემოში ხვდება.

გამოსავალი პლასტმასას მოხმარების შემცირებაა. ხალხმა ბუნებრივ მასალას უნდა მიენიჭოს უპირატესობა. რა თქმა უნდა, უფრო ძვირი ღირს, მაგრამ ის ათლარიანი მაისური რეალურად მხოლოდ რამდენიმე გარეცხვას უძლებს. ჩვევა, რომელიც მთელმა მსოფლიომ და არა მხოლოდ საქართველომ ბოლო 30 წელიწადში გამოიმუშავა უნდა შეიცვალოს. ხალხი ისეთი პროდუქტების შეძენაზე უნდა გადავიდეს, რომელიც უფრო მდგრადია“, - ამბობს მარი ბენდელიანი, დამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციისა Center for Environmental Policy and Education. ცენტრი ტანსაცმლის ნარჩენებისგან მეორადი პროდუქციის დამზადებაზეა ორიენტირებული, - ხალხს ვუხსნით ჩვენი ინიციატივის შესახებ, ზოგი უფასოდ გვაძლევს ამ ნარჩენებს, ზოგი იაფად ყიდის. სამკერვალო სახლებს, ტექსტილის მაღაზიებს რაც რჩებათ ვაგროვებთ და აქსესუარებს ვაკეთებთ. შემდეგ ვყიდით და ისევ სოციალურ საწარმოს ვახმართ“.

ნარჩენების შემცირება ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური გამოსავალია, რომელსაც დღეს პლასტმასისგან თავის დასაღწევ საშუალებებს შორის განიხილება. თუმცა, ამას ადამიანების მენტალური ცვლილება და მუდმივი პროპაგანდა სჭირდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „პარკი არ მინდა“ გვიზიარებს რამდენიმე რჩევას, რომლითაც გარემოში მიკროპლასტმასას შემცირება არის შესაძლებელი.

  • შეიძინეთ და ატარეთ მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილის სამოსი (ბამბა, ტილო, კანაფი, შალი, ბამბუკი, სიზალი, ჯუთი).
  • არ იხმაროთ ერთჯერადი ნივთები, არამედ მრავალჯერადი (ბოთლი, ყავის ჭიქა, მეტალის ან ბამბუკის საწრუპები, მრავალჯერადი პარკები და ჩანთები...).
  • იშვიათად მართეთ ავტომობილი. იარეთ ფეხით, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, უმჯობესია სკუტერით ან ველოსიპედებით.
  • აირჩიეთ ისეთი კოსმეტიკა, რომელიც არ შეიცავს მიკროპლასტმასას. მოერიდეთ პროდუქტს, რომელიც შეიცავს ნებისმიერ ნივთიერებას დაბოლოებით: -პოლიმერი, -პოლიეთილენი, -ნაილონი, -პოლივინილი. უფრო ხშირად მიკროპლასტმასას შეიცავს სკრაბები და კბილის პასტები.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG