Accessibility links

site logo site logo

გორის მერიის შიდა აუდიტის დასკვნით, სამსახურებში არაკვალიფიციური კადრებიც მუშაობენ


აუდიტმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურები და ა(ა)იპ-ები შეამოწმა, რის საფუძველზეც დადო დასკვნა, რომ შემოწმებულ სამსახურებსა და სააგენტოებში თანამშრომლები გეგმის გარეშე მუშაობენ და შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ანგარიშები არ არსებობს. ამავე დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ კვალიფიციური თანამშრომლების დეფიციტია და სამსახურებს აძლევენ რეკომენდაციას, ვაკანსიების გამოცხადების დროს შეიმუშაონ საკვალიფიკაციო მოთხოვნები და თანამშრომლები ამ მოთხოვნების საფუძველზე შეარჩიონ. შიდა აუდიტის ანგარიშში საუბარია ასევე კადრების დუბლირებაზე, სააგენტოების ბიუჯეტის გეგმის გარეშე ხარჯვაზე და ფუნქცია-მოვალეობების არაეფექტიანად განაწილებაზე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ საკრებულოს სხდომაზე აუდიტის დასკვნის შეფასებისას განაცხადა, რომ მერიის ა(ა)იპ-ებში შტატები გადატვირთულია და ოპტიმიზაციის საფუძველზე თანამშრომლების გადახალისება უნდა მოხდეს.

„ყოველთვის ვაფიქსირებდი, რომ ა(ა)იპ-ები გადატვირთულია თანამშრომლებით, ოპტიმიზაციის საფუძველზე აუცილებლად უნდა მოხდეს გადახალისება. რთული გადასადგმელი ნაბიჯია ვიღაცა სახლში გაუშვა, ვფიქრობ, რაღაცა ჯგუფმა უნდა იმუშაოს და ეს ადამიანები ულუკმაპუროდ არ დარჩნენ, გამოეძებნოთ სამსახურები თუნდაც კერძო სექტორში, ჩვენ რეკომენდაცია უნდა გავუწიოთ, მაგრამ ბიუჯეტის ხარჯვა უნდა იყოს ყაირათიანი და მიზნობრივი", - თქვა რაზმაძემ.

მერიის შიდა აუდიტმა, მერიის ორი სამსახურის და ორი სააგენტოს (მერიის ადმინისტრაციული და ეკონომიკის სამსახური, ასევე სტრატეგიული განვითარების და კეთილმოწყობის სააგენტოს) ფინანსური და აუდიტორული ანგარიში საკრებულოს წარუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG