Accessibility links

site logo site logo

"წითელი ჯვარი" ჯანდაცვის სამინისტროს 100 000 დოზა "სინოფარმის" ვაქცინას გადასცემს


დღეს „საქართველოს წითელი ჯვარი“ ჯანდაცვის სამინისტროს 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინას გადასცემს. როგორც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში განმარტავენ, ეს ჩინეთის "წითელი ჯვრი" საჩუქარია.

„ამით ჩვენი წვლილი შევიტანეთ უმნიშვნელოვანეს საქმეში და ,,სინოფარმის’’ ვაქცინის მოლოდინში მყოფი ადამიანებისთვის აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი გავხადეთ. ’’ - განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კი 8 სექტემბერს აღნიშნა, რომ საჩუქრის მიღების შემდეგ, ორშაბათიდან, 13 სექტემბრიდან შესაძლებელი გახდება „სინოფარმზე“ რეგისტრაცია და ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია.

„სინოფარმის“ ვაქცინის პირველი დოზით აცრის მსურველთა რეგისტრაცია და რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია დროებით 27 აგვისტოდან შეჩერდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, „სინოფარმის“ ვაქცინების დამატებითი პარტიის მიღებამდე პროცესის დროებით შეჩერება არ ეხებოდათ მოქალაქეებს, რომლებმაც პირველი დოზით აცრა დაჯავშნეს 27 აგვისტომდე, ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის. ასევე, შეუფერხებლად გაგრძელდა „სონოფარმის“ მეორე დოზით აცრა.

საქართველომ „სინოფარმის“ პირველი პარტია - 100 000 დოზა აპრილის დასაწყისში მიიღო, მეორე პარტია - 500 000 დოზა კი, ივლისის დასაწყისში.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 10 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში ერთი დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 30, 8 %, ხოლო სრულად -19, 4%.

ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტისთვის საჭიროა, აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც. საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG